ეტიკეტი (სუფრასთან ქცევის წესები)

  • ihow.ge
  • ოქტომბერი 15, 2011

ქართულ რეალობაში ხშირად არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება ერთ დღეს მთაში მწყემსებთან ან ბერებთან ერთად მოგიწიოს სუფრასთან ყოფნა, ხოლო მეორე დღეს აღმოჩნდე სრულიად უცხო საზოგადოებასთან ერთად ისეთ სუფრაზე, სადაც ქცევის გარკვეული ნორმების დაცვაა საჭირო. მწყემსებსაც და ბერებსაც სუფრასთან ქცევის თავისი უნიკალური წეს–ჩვეულებები გააჩნიათ, მაგრამ ამჯერად ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ მაგიდასთან ქცევის წესების შესახებ სადაც უხეშად, რომ ვთვათ “სნობიზმისადმი” მიდრეკილი საზოგადოება იყრის თავს. მაგიდაზე რომელზეც რამოდენიმე წყვილი დანა–ჩანგალი, თეფშები და ჭიქები აწყვია.

ქვეყნების მიხედვით მაგიდასთან მოქცევის წესები განსხვავებულია, მაგრამ ამ სტატიაში თქვენ ამოიკითხავთ ზოგადად საერთაშორისო დონეზე მიღებული ქცევის წესების შესახებ.

სუფრასთან ქცევის წესები დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე პირველადი შთაბეჭდილების შექმნისას – ეს არის ხილული ნიშანი თქვენი დახვეწილი მანერებისა.

ხელსახოცი

მაგიდასთან მისვლისთანავე აიღეთ ხელსახოცი, გადაკეცეთ ის ისე, რომ მიიღოს დაახლოებით სამკუთხედის ფორმა და დაიფინეთ მუხლებზე (პირდაპირ მუხლებზე ნუ გადაიფარებთ ცოტა ზემოთ დაფენა იგულისხმება).

ხელსახოცით ნუ დაიწყებთ დანის, ჩანგლის ან ჭიქების გასუფთავებას, არც სახე და არც მითუმეტეს ცხვირი არ მოიწმინდოთ ხელსახოცით, ის ჭამის ბოლომდე უნდა გქონდეთ დაფენილი მუხლებზე და იშივიათ და აუცილებელ შემთხვევებში მიიდოთ ტუჩებზე ფაფუკად.

მაგიდიდან დროებით გასვლის შემთხვევაში მოიხადეთ ბოდიში და ხელსახოცი მოათავსეთ თეფშის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს ნახევრად დაკეცილ მდგომარეობაში, ხოლო საბოლოოდ წასვლის შემთხვევაში ხელსახოცი უნდა დატოვოთ თეფშის მარცხენა მხარეს ნახევრად დაკეცილ მდგომარეობაში, არასოდეს დატოვოთ ან დააფინოთ ხელსახოცი სკამზე.

ჭამა, სმა და ჭურჭლის გამოყენება

თქვენს მარცხნივ მდებარე საჭმლის ჭურჭელი და თქვენს მარჯვნივ მდებარე უახლოესი ჭიქებიც თქვენთვისაა განკუთნილი. თუ თქვენ ჭურჭლის გარჩევა გიჭირთ ერთი მარტივი რჩევა დაიმახსოვრეთ: მათი გამოყენება უნდა დაიწყოთ უშორესიდან და დაასრულოთ უახლოესიდან (ანუ ჩანგლის შემთხვევაში თავდაპირველად უნდა გამოყენოთ უკიდურესი მარცხენა, ხოლო დანის შემთხვევაში უკიდურესი მარჯვენა).

დანა–ჩანგლის ხმარებისას, დანა უნდა დაიჭიროთ მარჯვენა ხელში, ხოლო ჩანგალი მარცხენაში (ამერიკელები სასურველი ნაჭრის ჩამოჭრის შემდეგ დანას დებენ და ჩანგალს მარჯვენა ხელში იჭერენ და ისე მიირთმევენ, რაც საერთაშორისო მიდგომისაგან განსხვავდება). თ

უ თქვენ მოგინდებათ ჭამის დროს შესვენება თეფშზე დანა–ჩანგალი ჯვარედინ მდგომარეობაში უნდა დატოვოთ, არასოდეს ჩაიდოთ პირში იმხელა ლუკმა რომელსაც დახურული პირით ვერ დაღეჭავთ. დანა–ჩანგლის ან თუნდაც კოვზის გამოყენების შემთხვევაში ის უკან მაგიდაზე აღარ უნდა დაალაგოთ მათ დასალაგებლად თეფშის გვერდები უნდა გამოყენოთ. როდესაც თქვენ მორჩებით ჭამას, დანა–ჩანგალი უნდა დაალოგოთ თქვენ პირდაპირ პარალელურ მდგომარეობაში.

რაც შეეხება სასმელს, შესაბამისი სასმელისათვის საჭირო ჭიქები შეგიძლიათ სურათზე ნახოთ და დაიმახსოვროთ, თუ რომელიმე სასმელი არ გსურთ ნუ დაიწყებთ ჭიქის ამობრუნებას ან მასზე ხელის დაფარებას, ამის შესახებ უთხარით ან ანიშნეთ სასმელის დამსხმელს. ჭიქის ბოლომდე გავსება და მისი ბოლომდე გამოცლაც არ არის რეკომენდირებული.

საჭმლის გადმოღების შემთხვევაში ის უნდა გადმოიღოთ მარცხნიდან მარჯვნივ (თქვენს თეფშზე). საერთო თეფშიდან საჭმლის გადმოღების დროს სასურველია თუ არ გამოიყენებთ თქვენს პირად დანას, ჩანგალს ან კოვზს. თუ სასურველ კერძს ვერ წვდებით არ არის აუცილებელი მაგიდაზე გადაწოლა – სთხოვეთ კერძთან ახლოს მყოფ მეზობელს მისი გადმოწოდება.

ზოგადი რჩევები

– ჭამას ნუ დაიწყებთ სანამ ყველა არ დასხდება.

– ნუ გადაავსებთ თქვენ თეფშს საჭმლით.

– წვნიანის გაციებას ნუ დაიწყებთ სულის შებერვით, უბრალოდ დაელოდეთ მის გაციებას.

– ნუ ჩამოჭრით ორ ნაჭერზე მეტს და ჩამოჭერით ისე, რომ ადვილად მოახერხოთ მისი პირში მოთავსება – ჭამეთ ნელა და აუჩქარებლად

– ნუ ისაუბრებთ მაშინ როდესაც ლუკმა გაქვთ პირში, ან როდესაც ჩანგალზე გაქვთ წამოცმული მაგალითად, ხორცის ნაჭერი.

– თუ ყველა დაასრულებს ჭამას, თქვენ საათობით ნუ გააგრძელებთ ამ საქმიანობას, ხოლო თუ თქვენ პირველი დაასრულებთ – დაელოდეთ სხვებს დინჯად.

– მოერიდეთ იდაყვებით მაგიდაზე დაყრდნობას.

– პირში ლუკმის ქონის შემთხვევაში ნუ დალევთ სასმელს.

– დაჯექით მაგიდასთან სწორად – არც ძალიან შორს და არც იმდენად ახლოს რომ მკერდი მაგიდას დაადოთ. ნუ დაჯდებით მოხრილი, ჭამის დროს შესაძლებელია მცირედი გადახრა მაგიდისაკენ.

– და ბოლოს ნუ დაიწყებთ კბილების წმენდას მაგიდასთან.

თუ თქვენ ამ სტატიიდან ვერაფერი დაიმახსოვრეთ ან მოხვდით ისეთ გარემოში, სადაც აღნიშნული მიდგომა შეუსაბამო იქნება, მაშინ ჯობს დაელოდოთ სხვების ქმედებას, შეუმჩნევლად დააკვირდეთ მათ და თქვენც იგივე გაიმეოროთ ან გაეცანით შემდეგ სტატიას: მაგიდასთან ქცევის წესები.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.