ზაფხული სტრესის გარეშე

  • qeteusa16
  • აგვისტო 6, 2012

ზაფხული ყველაზე ანტისტრესული სეზონია, რომელიც დასვენებას, შვებულებას და მხიარულებას უკავშირდება. არსებობს საშუალებები, რომელთა დახმარებით ზაფხულში მინიმუმამდე შეიძლება დავიყვანოთ სტრესული სიტუაციები, ნერვული დაძაბვა და დავიცვათ თავი გადაღლისაგან.

ბუნება და სიმშვიდე

ყველაზე კარგად სტრესის მოხსნასა და გუნება–განწყობის გამოკეთებაში ბუნება გვეხმარება – ყვავილების სურნელი, სუფთა ჰაერი, ფრთაფარფატა პეპლები, სიმშვიდე… ამიტომ, ზაფხულობით, თუნდაც კვირაში ერთხელ, ბუნებაში უნდა გავიდეთ და მისი მშვენიერებით დავტკბეთ.

კარგი განწყობა

განწყობის ასამაღლებლად უნდა ვეცადოთ, ჩვენ გარშემო ისეთი ატმოსფერო შევქმნათ, რომ დადებითი მუხტით შევივსოთ. მაგ.: არაჩვეულებრივია კომედიური ჟანრის ფილმის ყურება.

ჰობი

კარგია,თუ რამის შეგროვებით ვართ დაინტერესებული ან ჰობი გვაქვს. გარდა იმისა, რომ ეს ბევრად საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, დადებითი გავლენა აქვს ნერვულ სისტემაზეც.

წყლის სტიქია

ადამიანთა უმრავლესობას ძალიან უყვარს ზაფხულში ზღვაზე დასვენება. წყლის სტიქიას დიდი ძალა აქვს – საოცრად ამშვიდებს ნერვულ სისტემას, დადებითად მოქმედებს განწყობაზე, გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე.

ნაყინი

ეს ნუგბარი ზაფხულის განუყრელი ნაწილია. გარდა იმისა, რომ გვაგრილებს, მასში შემავალი სიამოვნების მომგვრელი ნივთიერებები არაჩვეულებრივად მოქმედებს ადამიანის გუნებაზე. ასევე, მისი ზომიერი მოხმარება ჩვენს წონას საფრთხეს არ უქმნის.

ხასხასა სამოსი

ფერთა პალიტრას დიდი გავლენა აქვს ადამიანის თვითშეგრძნებასა და განწყობაზე. ზაფხულში ჭრელი, კაშკაშა ფერის ლამაზი სამოსი ერთ–ერთი დამხმარე საშუალებაა, რომ ცხელ დღეებში თავი კარგად ვიგრძნოთ.

სამოთხის ვაშლი

თუ დღეში მინიმუმ ერთ ვაშლს მაინც შევჭამთ, ჯანმრთელობის პრობლემა ნაკლებად შეგვაწუხებს. ზაფხულის ცხელ დღეებში ის წყურვილსაც მშვენივრად კლავს, განსაკუთრებიტ მჟავე ჯიშის ვაშლი. ასე რომ, თუ სამოთხის ამ ხილზე უარს არ ვიტყვით, ორ კურდღელს ერთდროულად დავიჭერთ – წყურვილსაც მოვიკლავთ და ჯანმრთელებიც ვიქნებით.

თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, მერწმუნეთ ზაფხულში დაღლას ნაკლებად იგრძნობთ. გისურვებთ წარმატებებს!

წინა «
შემდეგი »