პოლიტიკა უსაფრთხო სკოლის პრობლემის გადასაჭრელად

  • tamta danelia
  • ივლისი 20, 2012

საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში საკმაოდ გახშირდა მოზარდებს შორის აგრესიის და ძალადობის ფაქტები, რაც არც თუ იშვიათად სისხლიანი დაპირისპირებებით მთავრდება. ამასთან შეიმჩნევა ერთი ტენდენციაც თუ ადრე დაპირისპირების ძირითადი ადგილი ქუჩა იყო, დღეს მოზარდთა დანაშაულის ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი სკოლაა.

პრობლემის მასშტაბურობამ დიდად შეუწყო ხელი მის გადასვლას სისტემური დღის წესრიგიდან საჯარო პოლიტიკურ დღის წესრიგში. ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მედია საშუალებებმაც, რადგან ისინი აქტიურად აშუქებდნენ სკოლებში მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტებს და შესაბამისად მიუთითებდნენ სკოლებში უსაფრთხოების პრობლემის არსებობაზე.

შედეგად საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2010 წლის 12 ივლისის სხდომის დღის წესრიგში დადგა საკითხი კანონში ,,ზოგადი განათლების შესახებ” გარკვეული ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ცვლილება მიზნად ისახავდა პრობლემის გადაწყვეტის ალტერნატიული ვარიანტის შემუშავებას და მის დამტკიცებას საკანონმდებლო დონეზე. სკოლებში უსაფრთხოების პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გეგმა წამოყენებულ იქნა განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ. იგი გულისხმობდა სკოლებში მასნდატურის ინსტიტუტის დანერგვას, მის მთავარ ფუნქციად უნდა განსაზღვრულიყო სკოლებში წესრიგის უზრუნველყოფა და დანაშაულის პრევენცია, ასევე უნდა მომხდარიყო სათვალთვალო კამერების დამონტაჟება და საბარათე სისტემის შემოღება, რაც გულისხმობდა ბავშვებისათვის სკოლებში ნაღდი ფულის გამოყენების აკრძალვას, მაგრამ ყველაზე დიდი აქცენტი, მაინც მანდატურის ინსტიტუტის შემოღებაზე და დანერგვაზე კეთდებოდა.

საქართველოს პარლამენტმა 2010 წლის 21 ივლისს მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები კანონში ,,ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შეტანილი დამატების შედეგად X” თავით განისაზღვრა სკოლის მანდატურის და მანდატურის სამსახურის უფლება მოვალეობანი.მანდატურს მიენიჭა უფლება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენოს ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები. მათ არ შეუძლიათ ძალის გამოყენება ფეხმძიმე ქალის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი მოქმედებით სფრთხე ექმნება სკოლის მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

არჩეული კურსის დამტკიცების შემდეგ დაიწყო მისი პრაქტიკაში რეალიზება, 2011 წლის 15 აპრილიდან, როდესაც მანდატურები თბილისის 7 საპილოტე სკოლაში შევიდნენ.
ამის შემდეგ ეტაპობრივად განხორციელდა მანდატურების შესვლა როგორც თბილისის სხვა სკოლებში, ასევე დიდი ქალაქების და რაიონების სკოლებში. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხო სკოლის უზრუნველყოფისთვის არჩეული კურსი, ჯერ კიდევ განხორციელების ეტაპზეა, მის მიმართ უკვე გამოითქვა, როგროც დადებითი ისე უარყოფითი შეფასებები. სამთავრობო წრეები დადებითად აფასებენ მის მიმდინარეობას, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტიც, რომელიც თავის გამოსვლებში ყოველთვის პოზიტიურ შეფასებას აძლევს მანდატურების ინსტიტუტის დანერგვას სკოლებში, როგორც უსაფრთოების უზრუნველყოფის გარანტს.
კვლევის და სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რომელიც ჩაატარა საქართველოს და განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების და სტატისტიკურ-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა. მანდატურის ინსტიტუტის დანერგვით უსაფრთხოების პრობლემა გაუმჯობესდა, შემცირდა ძალადობის ფაქტები. ზოგადად სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით:

1. 80%-ით შემცირდა მოსწავლეთა დაგვიანების ფაქტები.
2. 75%-ით შემცირდა მოსწავლეთა სკოლიდან გაპარვის ფაქტები.
3. 95%-ით აღმოიფხვრა მოსჭავლეთა მხრიდან ფულის გამოძალვის ფაქტები.
4. 80%-ით შემცირდა მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები.
5. 90%-ით შემცირდა სკოლებში ვანდალიზმის (სასკოლო ქონების დაზიანების) ფაქტები.
6. პრაქტიკულად მოისპო სკოლებში თამბაქოს მოხმარების ფაქტები.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ განხორციელების ეტაპზე მოხდა არჩეული კურსის ადაპტირება, კერძოდ თუ თავდაპირველი გეგმის მიხედვით გადაწყვეტილი იყო მანდატურების შეყვანა, მხოლოდ საჯარო სკოლებში და კერძო სკოლებზე და პროფესიულ სასწავლებლებზე ეს ინიციატივა არ ვრცელდებოდა, კურსის განხორციელების ეტაპზე გადაწყდა, რომ მანდატურები პროფესიულ სასწავლებლებსა და კერძო სკოლებშიც შეეყვანათ. ოღონდ საჯარო სკოლებისგან განსხვავებით კერძო სკოლა თვითონ გადაწყვეტს უნდა თუ არა მანდატურების დახმარება და მათი სკოლაში მოწვევა. ამასთან თანხმობის შემთხვევაში მანდატურის ანაზღაურების ხარჯების გაღება თავად სკოლას მოუწევს. განათლების და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ცვლილების მთავარი მიზეზი იყო კერძო სკოლების მოთხოვნა, რომლებმაც დაინახეს რა მანდატურების საქმიანობის ეფექტურობა, თავადაც გადაწყვიტეს ამ კურსის დანერგვა.

ამასთან გარკვეულწილად მოხდა მანდატურთა საქმიანობის გაფართოება სკოლის ფარგლებში. კერძოდ, თუ კი თავდაპირველად მათი ფუნქცია იყო მხოლოდ კონფლიქტუი სიტუაციის მოგვარება და წესრიგის უზრუნველყოფა, მოხდა აღნიშნული კურსის სხვა პრობლემის მოგვარებისკენაც მიმართვა. შედეგად მანდატურების კიდევ ერთ ფუნქციად გადაიქცა მოსწავლეებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ამისთვის მათ გაიარეს სპეციალური მომზადება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების სფეროში მანდატურებისთვის ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებდა.

პროგრამა მოიცავდა ისეთ საკითხებს როგორიც არის: სასიცოცხლო ფუნქციების პირველადი მართვა, გულის არა პირდაპირი მასაჟი, ხელოვნული სუნთქვის ტექნიკა, ჭრილობების შეხვევა, სისხლდენის შეჩერების წესები, მოტეხილობების და ტრამვების შემთხვევაში სისხლდენის შეჩერების წესები და ა.შ.

პრობლემის გადაწყვეტისას გამოიყო ორი კოალიცია, სამთავრობო და არა სამთავრობო, რაც ზოგადად დამახასიათებელია ქართული რეალობისათვის. ამ შემთხვევაში მათ შორის არის ტექნიკური განსხვავება, თუ რა საშუალებებით გადაწყდება პრობლემა უფრო ეფექტურად.
არა სახელისუფლებო კოალიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უსაფრთხო სკოლის უზრუნველყოფისთვის გაცილებით უფრო ეფექტურია სკოლებში ფსიქოლოგთა და სოციალურ მუშაკთა როლის გაძლიერება, ამასთან ისინი ხაზს უსვამენ იმასაც, რომ დამხმარე პერსონალის დაქირავება დამოკიდებული უნდა იყოს სკოლის ნებაზე და არ უნდა ატარებდეს სავალდებულო ხასიათს. (დამხმარე პერსონალში ისისნი უპირველეს ყოვლისა გულისხმობენ ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებს და არა მანდატურებს).

მაგრამ ორივე კოალიცია თანხმდება იმაზე, რომ უსაფრთხო სკოლა ნამდვილად დიდი ფასეულობაა, მაგრამ მათი მიღწევის გზებს ისინი განსხვავებულად ხედავენ.
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხო სკოლის შესაქმნელად გადადგმული ნაბიჯები, შემოღებული რეგულაციები თავისი ბუნებით არის პროტექციონისტული, რადგან მიზნად ისახავს მოსწავლეთა დაცვას და მათთვის სწავლის უსაფრთხო გარემოს შექმნას.
მართალია მანდატურების ინსტიტუტის დანერგვით სკოლებში დანაშაულის რიცხვი შემცირდა, მაგრამ ამან ახალი პრობლემები წარმოშვა. კერძოდ, მისმა დანერგვამ გამოიწვია სკოლის ავტონომიურობის შეზღუდვა, სკოლა უფრო ჩაკეტილ სისტემად იქცა. რაც მთავარია როგორც თავად მოსწავლეები აღნიშნავენ შეიცვალა ძველი დამოკიდებულება მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის.

პრობლემის გადაწყვეტის არჩეული კურსი ღირებულია იმდენად რამდენადაც არ არის ერთჯერადი, ორიენტირებული მცირე დროით სკოლებში მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, არამედ მიზნად ისახავს უსაფრთხოების პრობლემის გრძელვადიან გადაწყვეტას სკოლებში.
და ბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ სკოლა პატარა სახელმწიფოა, რომელსაც ყავს თავისი მეთაური დირექტორის სახით, პარლამენტი მასწავლებლების და სამეურვეო საბჭოს სახით, ისინი ადგენენ შინაგანაწესს სკოლის მოსწავლეებისათვის, რომლებიც ემორჩილებიან მას. ურჩი წევრებისათვის შეიძლება შემოღებულ იქნას გარკვეული რეგულაციები და დასჯის მექანიზმები საპოლიციო სისტემის სახით, რომლის როლშიც სკოლის მანატურები გვევლინებიან, მაგრამ ყველაზე მთავარია ამ ყოველივეს შედეგად არ შეიზღუდოს ან დაირღვეს მოსწავლეთა უფლებები და თავისუფლებები. ზუსტად განისაზღვროს სად გადის ზღვარი რეგულაციას და თავისუფლეების შეზღუდვას შორის, უზრუნველყოფილ იქნას სწავლისთვის შესაფერისი გარემოს შექმნა რადგან სკოლა ის ინსტიტუტია, რომელიც მომავლის მოქალაქეებს ზრდის და სწორედ სკოლაში არსებულ ჯანსაღ გარემოზე დიდწილად არის დამოკიდებული ის თუ როგორი შეხედულებებით და მენტალობით გამოვლენ ისინი ამ პატარა სახელმწიფოდან, რათა დიდი სახელმწიფოს ღირსეული მოქალაქეები გახდნენ.

წინა «
შემდეგი »