რა არის ჯილეხი (ციმბირის წყლული)?

  • ihow.ge
  • მაისი 10, 2018

ჯილეხიჯილეხი (ციმბირის წყლული) განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებაა. ბაქტერია იკეთებს სპორას და ნიადაგში ათწლეულები ძლებს. საქართველოში რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ჯილეხით დაავადებულ და დაცემულ ცხოველთა მრავლობითი მანიფესტური (მოქმედი, ნიადაგობრივი) კერა.

ჯილეხით ძირითადად ავადდებიან შინაური და გარეული ბალახიმჭამელი ცხოველები, კერძოდ: მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ღორი და ა.შ. სიკვდილიანობა ძალიან მაღალია, განსაკუთრებით ბალახისმჭამელ ცხოველებში.

ადამიანების უმეტესობა ავადდება ჯილეხით დაავადებული ცხოველის მოვლის, დაკვლის, ხორცის, მატყლის, ტყავის, ბეწვის დამუშავების დროს, იშვიათად მიწის სამუშაოებისას იმ ტერიტორიებზე, სადაც დაავადებული ცხოველები იმყოფებოდა (ცხოველთა სამარხები და მათი მიმდებარე ტერიტორია). ასევე ინფიცირებული თერმულად დაუმუშავებელი ხორცის გამოყენებით.

ჯილეხის სპორას ვერ ანადგურებს ხორცის დამარილება, შებოლვა, გამოშრობა ან სხვა მსგავსი ტექნოლოგიები. საქართველოში, ძირითადად ადამიანებში გვხვდება ჯილეხის კანის ფორმა. აუცილებელია ექიმის დროული კონსულტაცია და მკურნალობა, დაგვიანებული მიმართვის შემთხვევაში ინფექცია შესაძლოა გართულდეს და დასრულდეს სიკვდილით.

ჯილეხი

ჯილეხის გავრცელება

დაავადებული ცხოველის სიკვდილის შემდეგ დაინფიცირებული სისხლით და ორგანიზმის სხვა ბიოლოგიური გამონაყოფებით დაავადების გამომწვევი ხვდება გარემოში და ხდება ნიადაგის დაბინძურება. ნიადაგში მიკრობი გარდაიქმნება სპორად და ათეულობით წლები ინარჩუნებს დაავადების გამოწვევის უნარს. შინაური და გარეული ცხოველები შესაძლოა დასნებოვნდეს ნიადაგში, ბალახზე, ან წყალში არსებული სპორების გადაყლაპვით/შესუნთქვით.

ცხოველებში ჯილეხის საეჭვო ნიშნებია: მადის დაკარგვა, ქოშინი, მაღალი ტემპერატურა, უმადობა, სუნთქვის გაძნელება, შესაძლოა ჰქონდეთ დიარეა, ლორწოვანი გარსის შეშუპება. მკურნალობის გარეშე ცხოველები უეცრად იღუპებიან. ჯილეხით დაცემული ცხოველის ლეში გაბერილია, სუსტად არის გამოხატული გაშეშება, დამახასიათებელია მუქი შეუდედებელი სისხლდენა ცხვირიდან და სწორი ნაწლავიდან.

შინაურ ცხოველში დაავადებაზე საეჭვო კლინიკური ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში, უნდა მოხდეს სხვა ცხოველებისაგან მისი იზოლაცია და სასწრაფოდ ვეტერინარული სამსახურის ინფორმირება. დაუშვებელია დაავადებული ცხოველის დაკვლა, დაცემული (მკვდარი ცხოველის) პირუტყვის ლეშის გადაგდება, რომელიც იწვევს ახალი კერის წარმოქმნას.

ინფიცირებული ცხოველის ლეშის განადგურება ხდება სპეციალური წესით. ცხოველის ტან-ხორცი და დაკვლის ყველა პროდუქტი (ტყავი, ნაწლავი, შინაგანი ორგანოები) ექვემდებარება განადგურებას (დაწვა/დამარხვას).

ჯილეხზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში დაუშვებელია ლეშის გაკვეთა. გამოსაკვლევად უნდა ავიღოთ სისხლი, ან სხვა ქსოვილი (ყური, ტყავი და ა.შ). ნიმუშები შეგროვებული უნდა იყოს ფრთხილად, რათა თავიდან იქნას აცილებული გარემოს დაბინძურება და ადამიანების შესაძლო დასნებოვნება.

ჯილეხზე მკურნალობა

ჯილეხით დაავადებული და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების მკურნალობა ხორციელდება ჰიპერიმუნური შრატით ან გამა-გლობულინით, ანტიბიოტიკებითა (პენიცილინისა და ტეტრაციკლინის რიგებიდან) და სულფანილამიდებით. ანტიბიოტიკო თერაპია გრძელდება 3-4 დღე. გამოჯანმრთელებულები იცრებიან 14 დღის შემდეგ. ავადმყოფებისა და დაავადებაზე საეჭვო ფურების რძეს აუვნებლებენ და სპობენ. დასნებოვნებაზე საეჭვო ფურებიდან მიღებული რძე დასაშვებია საკვებად მხოლოდ ადუღების შემდეგ.

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჯილეხით ინფიცირება, აუცილებელია ცხოველის დროული ვაქცინაცია!

ყოველწლიურად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჯილეხის პროფილაქტიკური ვაქცინაცია იგეგმება და ხორციელდება შემდეგი რისკების გათვალისწინებით: გადასარეკი ცხოველები, გადასარეკი ტრასების მიმდებარე სოფლები, ჯანდაცვის ორგანოების მონაცემებით ადამიანების დაავადების ფაქტები, მიმდინარე ეპიზოოტიური სიტუაცია, ისტორიული კერები.
დაავადების კერაში ცხადდება კარანტინი და ხორციელდება იძულებითი/სალიკვიდაციო ღონისძიებები (ვაქცინაცია, დეზინფექცია, ლეშის განადგურება და ა.შ).

წყარო: http://www.oie.int/fileadmin/Home/eng/Media_Center/docs/pdf/Disease_cards/ANTHRAX-EN.pdf

წინა «
შემდეგი »