როგორ ავარჩიოთ ველოსიპედი

  • Luka
  • აგვისტო 8, 2012
პირველ რიგში, გადაწყვიტეთ როგორი ტიპის ველოსიპედი გინდათ, ანუ სად და როგორ გამოიყენებთ მას, ხოლო ამის შემდეგ დავიწყოთ ფიქრი როგორ შევარჩიოთ ველოსიპედი, თუ ფიქრობთ რომ თქვენი ცოდნიდან გამომდინარე ველოსიპედის შერჩევაზე ფიქრი არაეფექტური იქნება მაშინ გაეცანით ქვემოთ მოცემულ რჩევებს.

მთის ველოსიპედი 

მთის ველოსიპედებს შორის ფართო არჩევანია და საკუთარი თავისთვის შესაბამისი მოდელის შერჩევას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ეს ველოსიპედები შესაფერისია ნებისმიერი ტიპის გზისთვის, მაგრამ მათი ძირითადი დანიშნულებაა- მოძრაობა უსწორმასწორო გზებზე. ამიტომ ველოსიპედის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ წინა და უკანა ამორტიზატორების არსებობას. ასეთი ველოსიპედების სიჩქარეების რაოდენობა მერყეობს 21-დან 27-მდე. ბორბლები ჩვეულებრივზე განიერი იქნება, დაახლოებით 2-2,5 ინჩი, მაგრამ დიამეტრი კი ჩვეულებრივზე ნაკლები. სასურველია ველოსიპედის ჩარჩო იყოს გამძლე და მსუბუქი. და არ დაგავიწყდეთ, რომ სისწრაფისთვის ასეთი ველოსიპედი არაა გათვლილი.

სპორტული ველოსიპედი

სპორტული ველოსიპედის არჩევა იმ შემთხვევაშია რეკომენდირებული თუ თქვენ აპირებთ კატაობას(ვარჯიშს) მხოლოდ და მხოლოდ სწორ, კარგად დაგებულ გზებზე. სპორტული ველოსიპედების სიჩქარეების რაოდენობა მერყეობს 15-დან 30-მდე. ამ ტიპის ველოსიპედებს ამორტიზატორები არ აქვს, რადგან სწორ ზედაპირზე ისინი არაა საჭირო. ბორბლები ვიწროა, რადგან შემცირდეს ხახუნის ძალა. სპორტული ველოსიპედები გამოირჩევა დიდი სისწრაფით, მათზე შეიძლება აჩქარება 10კმ/სთ-ზე მეტად ვიდრე მთის ველოსიპედზე. მაგრამ თუ გზები ცოტათი მაინც უსწორმასწოროა თქვენ ვერ შეძლებთ ველოსიპედის სრული პოტენციალის გამოყენებას.

საქალაქო ველოსიპედი

ქალაქის ველოსიპედი საუკეთესო არჩევანია უბრალოდ ქალაქში გასასეირნებლად. ამ ველოსიპედების კონსტრუქცია ძალიან მარტივია, უმეტეს შემთხვევაში ისინი ერთსიჩქარიანია (სიჩქარეების მაქს. რაოდენობა 7). ბორბლები დაფარულია ფრთებით, დაყენებულია დამცავი “ფარი”, რადგან შარვალი ან თასმები არ მოხვდეს ჯაჭვში (ცეპში). აგრეთვე ველოსიპედი აღჭურვილია საბარგულით, სინათლის ამრეკლი ელემენტებით, ფანრით და სიგნალით. მუხრუჭები ძირითადად სადისკეა (ფეხისთვის). ჩარჩო შეიძლება იყოს როგორც კაცისთვის, ასევე ქალისთვის.

საბავშვო ველოსიპედი

ბავშვისთვის ველოსიპედის არჩევა არც თუ ისე ადვილია, ყველაფერი დამოკიდებულია ასაკზე. 3-4 წლის ბავშვისთვის უმჯობესია შეირჩეს სამბორბლიანი ველოსიპედი. კარგი იქნება, თუ ამ ველოსიპედს ექნება ხელის მოსაკიდი მშობლებისათვის, რადგან გამოიყენონ როგორც საბავშვო ეტლიც. უფრო დიდი ასაკის ბავშვისათვის შეიძლება შეირჩეს ნებისმიერი ტიპის ველოსიპედი, მთავარია ჩარჩოს ზომა შეესაბამებოდეს ბავშვის სიმაღლეს.

 

წინა «
შემდეგი »