როგორ ამოვიცნოთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი?

  • kristi_ne
  • თებერვალი 15, 2018

ძალადობის მსხვერპლი ბავშვიბავშვთა მიმართ ძალადობა დღესდღეობითაც წარმოადგენს ერთ-ერთ გლობალურ პრობლემას. მიუხედავად ეპოქის ცვლილებისა ვითარება არ შეცვლილა.

ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებიდან ერთ-ერთია სექსუალური ძალადობა, რომელიც სერიოზულ ფსიქოლოგიურ დაღს ასვამს ბავშვის ემოციურ და ზოგადად მენტალურ მდგომარეობას.

სექსუალური ძალადობა გულისხმობს ბავშვის გამოყენებას სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და\ან გამორჩენის მიზნით, რაც მოიცავს: სექსუალური მეტყველებით თუ შენიშვნებით დევნას, სექსუალურ გარყვნას, ეროტიულ ალერსს, თვალთვალს, ბავშვისთვის პორნოგრაფიული სურათების გადაღებას, სექსუალური შინაარსის ფილმების ყურების ან პორნოგრაფიული ჟურნალების დათვალიერების ნებართვას ან ხელშეწყობას, გაუპატიურებას ან გაუპატიურების მცდელობას, სასქესო ორგანოების დემონსტრირებას, ღია საუბრებს სექსზე ბავშვის შოკირების ან მისი ცნობისმოყვარეობის გაღვიძების მიზნით, სისხლი აღრევას (ინცესტი), სხეულით ვაჭრობის იძულებას და სხვა.

ბავშვზე მოძალადე შეიძლება იყოს როგორც უცხო პირი, ასევე ნათესავი, ოჯახის წევრი ან ოჯახის ახლობელი. მოძალადე საჩუქრებითა და ალერსიანი ქცევით ითრევს ბავშვს სექსუალურ ქცევაში. შემდეგ ის მოითხოვს, რომ ბავშვმა მომხდარი საიდუმლოდ შეინახოს და ამ მიზნით აშინებს მას. სასჯელის შიშით ბავშვები იძულებულნი არიან დადუმდნენ. არის სხვა მიზეზებიც, რის გამოც შესაძლოა ბავშვმა დამალოს მომხდარი-ეს შეიძლება იყოს სირცხვილი, შიში, რომ არ დაუჯერებენ და ისევ მას დასდებენ ბრალს.

როგორ ამოვიცნოთ ძალადობის მსხვერპლი ბავშვი?

ბავშვის ქცევები, რომლებიც მიუთითებენ მომხდარ ძალადობაზე:

-ხშირად ჰკიდებს ხელს თავის გენიტალიებს;

-აგრესიულად, გაღიზიანებულად ან სევდიანად თამაშობს მამაკაცის\ქალის როლს;

-ვერ იტანს საკუთარ ან საპირისპირო სქესს;

-არ უყვარს თავისი სხეული – ამბობს, რომ მისი სხეული უშნოა;

-ითხოვს, რომ ადამიანებმა ტანსაცმელი გაიხადონ, ძალით ხდის მათ;

-ასაკისთვის შეუფერებელი სექსუალური ცოდნა აქვს; უცხო ადამიანებთან ღიად საუბრობს სექსზე;

-უარს ამბობს ადამიანების დატოვებაზე სააბაზანოსა და საძინებელში;

-უთვალთვალებს მათ ტანსაცმლის გამოცვლისას;

-ჩაცმაზე უარს ამბობს; მალულად იხდის;

-საჯაროდ ეწევა მასტურბაციას და ითრევს ამაში სხვა ბავშვებს;

-სხვა ბავშვებთან, ცხოველებთან ან სათამაშოებთან ახდენს სექსუალური აქტის იმიტაციას;

-ეშინია გარკვეული სპეციფიური ადგილების (სააბაზანო, საძინებელი)

-ეშინია და შფოთავს, როცა სთხოვენ ზურგზე დაწოლას;

-ხშირად ფეხები მიტყუპებული აქვს და ცდილობს არ დააშოროს ერთმანეთს;

-ეშინია და გაურბის შეხებას, განსაკუთრებით მოზრდილებისგან. უხერხულად გრძნობს თავს კალთაში ჯდომისას. დაძაბულია და შფოთავს;

სექსუალური ძალადობა ბავშვებზე გვხვდება საზოგადოების ყოველ სოციალურ ფენაში და ხშირად მოძალადე ნათესავი ან ოჯახის წევრია. მშობლის პირველი რეაქცია ხშირ შემთხვევაში უარყოფაა, იგი თავს ვერ აჯერებს მომხდარს-“ეს შეუძლებელია”“ ეს როგორ უნდა მომხდარიყო”. საეჭვო ნიშნების შემჩნევისას აუცილებელია დროული რეაგირება, სიტუაციიდან გამორკვევა და საჭირო ზომების მიღება, რათა მაქსიმალურად შევუშალოთ ხელი ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესებას.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.