როგორ გადავარჩინოთ სველი მობილური (ტელეფონი)

  • ihow.ge
  • იანვარი 19, 2012

ჩაგვარდნიათ ოდესმე ტელეფონი ნიჟარაში ან კიდევ უარესი – უნიტაზში ? ან იქნებ დაგვიწყებიათ, რომ მობილური ჯიბეში გაქვთ და ამ დროს საცურაოდ შესულხართ? მიზეზს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ დასველებული ტელეფონი არ ნიშნავს გაფუჭებულს და თუ სწრაფად იმოქმედებთ, შეგიძლიათ გადაარჩინოთ კიდეც მობილური.

მოცემულ სტატიაში ნაბიჯ-ნაბიჯ ავხსნით თუ როგორ შეიძლება სველი მობილური ტელეფონის უვნებლად გადარჩენა.

 

1. ამოიღეთ მობილური წყლიდან რაც შეიძლება სწრაფად

როდესაც მობილური ჩაგივარდებათ წყალში (არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა სად), ნუ დაიწყებთ მაშინვე სახის დაკაწვრას და მოთქმას თუ რამდენ სურათსა და ლამაზ მოგონებას ინახავდა იგი. რაც შეიძლება მალე ამოიღეთ ის წყლიდან და გათიშეთ. მართალია მობილურს კორპუსი ძალიან მჭიდროდ აქვს შემორტყმული, მაგრამ წყალი მასში მაქსიმუმ 20 წამში აუცილებლად შეაღწევს (რა თქმა უნდა, თუ რაღაც სასწაული და ტყვიაგაუმტარი მობილურის მფლობელი თუ არ ხართ). არ ჩართოთ ტელეფონი სანამ კარგად არ გააშრობთ, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მოკლე ჩართვა და ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ხელით გაუთხრით საფლავს თქვენი ტკბილი მოგონებების მატარებელ მოწყობილობას. არ აქვს მნიშვნელობა მობილური საბოლოოდ გაფუჭდა თუ ექვემდებარება აღდგენას – იგი მაინც უნდა გააშროთ.

2. ნუ დაპანიკდებით

შეიძლება თქვენი ტელეფონი სარეცხ მანქანაშიც კი აღმოჩნდეს თქვენი უყურადღებობის გამო, მაგრამ ნუ შექმნით ამის გამო წინასწარ პანიკას და ნუ დაასწრებთ სიკვდილს თქვენ ტელეფონს, რადგან შეიძება ის გადარჩეს, რა თქმა უნდა გადარჩენის ნაკლები შანსია, როდესაც იგი გარეცხვის მთელ 30-40 წუთიან ციკლს გაივლის, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი არის მობილურის გადარჩენის შემთხვევები (ხშირად, ასეთი გარეცხვის შემდეგ მობილური გარკვეულ ფუნქციებს კარგავს, მაგრამ ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც სრულიად უვნებელიც გადარჩენილა).

3. ამოიღეთ ბატარეა

ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია თქვენი მობილური ტელეფონის გადასარჩენად, რადგან მობილურის ბევრ ნაწილს წყალი არაფერს ავნებს თუ მას არ მიეწოდება ენერგია და დარჩენილია კვების გარეშე.

4. ამოიღეთ ტელეფონიდან SIM (Subscriber Identity Module) ბარათი

შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია SIM ბარათის ამოღება მობილური ტელეფონიდან. ხალხის ერთი ნაწილი თუ ღაწვებს იხოკავს იმიტომ, რომ დაკარგა თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტების ამსახველი ვიდეო თუ ფოტო მასალა, მეორე ნაწილი იღებს მაგარი ტიპის გამომეტყველებას და სინანულით ამბობს “ტელეფონი მეკიდა, მაგრამ სერიოზული ხალხის (ან თუ მამრობითი სქესი წარმოთქვამს ამ სიტყვებს “ნაშობის”) ნომრები მეწერა სიმ-ზეო”. SIM ბარათი კაგად უძლებს წყლის შემოტევას მაგრამ, ხანდახან არის შემთხვევები როდესაც ფუჭდება წლის ზემოქმედებისაგან, ამიტომ უმჯობესია დროულად მოაშოროთ წყალს თქვენი სიმდიდრე.

5. გამოაერთეთ აქსესუარები

მოაშორეთ ტელეფონს ყველაფერი რის მოშორებასაც შეძლებთ – არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ყურსასმენები, ჩიპი თუ სხვა აქსესუარი.

6. დააცადეთ მობილურ ტელეფონს სრულყოფილი გაშრობა

გახსოვდეთ, რომ წყლის თუნდაც ერთი წვეთის დატოვებამაც კი შეიძლება ავნოს თქვენს ტელეფონს და მისი მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვიოს. ამიტომ ნაზად გაამშრალეთ ტელეფონი, ზედმდეტი ჯანჯღარისა და რყევების გარეშე, რათა თავიდან აიცილოთ წყლის გადაადგილება ტელეფონს შიგნით. უმჯობესია ტელეფონის გასაწმენდად გამოიყენოთ პირსახოცი ან ქაღალდის ხელსახოცები. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ ალკოჰოლიანი ნაჭერი ან ქაღალდი (ალკოჰოლი გამოვდევნის წყალს).

7. გამოიყენეთ მტვერსასრუტი

მტვერსასრუტის გამოყენება არის ყველაზე მარტივი ხერხი მობილურის გასაშრობად. მტვერსასრუტის დახმარებით თქვენ მიიღებთ სრულიად მშრალ ტელეფონს ნახევარ საათში, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თუ ტელეფონი არ არის ძალიან სველი არ ღირს მტვერსასრუტის გამოყენება. ასევე გახსოვდეთ, რომ ნუ მიიტანთ მტვერსასრუტს ძალიან ახლოს მობილურ ტელეფონთან, რადგან როგორც იცით მტვერსასრუტს შეუძლია სტატიკური ელექტროენერგიის წარმოშობა, რაც ტელეფონს კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს.

8. არ გამოიყენოთ ტელეფონის გასაშრობად თმის საშრობი “ფენი”

ბევრი არის ისეთი, ვინც ტელეფონის დასველების შემთხვევაში, არ იბნევა გარბის მოიტანს “ფენს” და დიდი ექსპერტივით უბერავს ტელეფონს ცივ ან ცხელ ჰაერს. ასეთ ექსპერსტს შეგიძიათ თამამად უწოდოთ ტუტუცი, წამოარტყათ და ტელეფონი გამოგლიჯოთ, რადგან “ფენის” თუნდაც ცივი ჰაერის დაბერვის შემთხვევაში ტელეფონში არსებული წყალი აღწევს მის სიღრმეში და კიდევ უფრო აზიანებს ტელეფონის მცირე კომპონენტებს, ხოლო თუ აღნიშნული ექსპერტი “ფენის” ცხელ ჰაერს მიუშვერს მობილურს ამან შეიძლება მობილურის კომპონენტების დნობაც კი გამოიწვიოს. მოკლედ, ბერნოლის პრინციპების ახსნას აღარ მოვყვები და მოკლედ გეტყვით, რომ “ფენის” გამოყენებამ ტელეფონის გაშრობის საქმეში იშვიათად შეიძლება გაამართლოს, მაგრამ უმჯობესია თუ არ გამოვიყენებთ, რადგან როგორც წესი “ფენი” დროებით აგვარებს სისველის პრობლემას მაგრამ საბოლოო ჯამში ვიღებთ დაზიანებულ ტელეფონს ან მის კომპონენტს, რომელიც აღდგენას აღარ ექვემდებარება.

9. გამოიყენეთ ისეთი ნივთიერებები რომლებიც გამოდევნიან სისველესა და ტენიანობას

ასეთ ნივთიერებათა კატეგორიას მიეკუთვნება ბრინჯი. შეგიძლიათ აიღოთ ბრინჯით ჩაყაროთ ის ისეთ ჭიქაში ან ჯამში, სადაც მობილური ტელეფონი მოთავსდება და ჩადოთ ის (ტელეფონი გამოუყენებელ ბრინჯში უნდა ჩადოთ და არა ფლავში ან ბრინჯით მომზადებულ რაიმე სხვა კერძში). ნესტის გამოსადევნად ბრინჯზე უკეთესი საშუალებაა ნაფტალინი.

10. განათავსეთ ტელეფონი ხელსახოცზე ან პირსახოცზე

ბრინჯიდან ან ნაფტალინიდან ტელეფონის ამოღების შემდეგ ტელეფონი მოათავსეთ პირსახოცზე ან ხელსახოცზე. ის ნაჭერი, რომელზეც მოათავსებთ ტელეფონს შეამოწმეთ ყოველ 4-6 საათში და თუ სისველე კვლავაც იქნება, გაიმეორეთ ტელეფონის ბრინჯში ან ნაფტალინში მოთავსების პროცედურა.

11. გატესტეთ თქვენი ტელეფონი

დასველებიდან 24 საათის შემდეგ (თუ არ გეჩქარებათ უმჯობესია 48 საათი დაიცადოთ) ჩადეთ ელემენტი ტელეფონში და შეეცადეთ ჩართოთ ის. თუ თქვენი ტელეფონი არ ჩაირთო ამოიღეთ ელემენტი და ისე შეუერთეთ მას დამტენი, თუ ტელეფონმა იმუშავა ე.ი ელემენტი შესაცვლელია.

შენიშვნა: თუ თქვენ ტელეფონი გარანტიით გაქვთ შეძენილი და მიუტანეთ გამყიდველს, მაგრამ ის არ იბრუნებს გარკვეული მიზეზების გამო, აუხსენით სიტუაცია და როგორც წესი ის უფრო უკეთ გაერკვევა მის მდგომარეობაში (ქართულ რეალობაში ეს უფრო მითია ვიდრე რეალობა).

12. დაშალეთ ტელეფონი

თუ ზემოთ ჩამოთვლილმა არცერთმა მეთოდმა თქვენ ტელეფონს არ უშველა შეგიძლიათ დაშალოთ იგი (ოღონდ დააკვირდით და დაიმახსოვრეთ რა ნაწილი სად მაგრდება). დაშლის შემდეგ გამოიყენეთ მტვერსასრუტი (ოღონდ ფრთხლიად რაიმე ნაწილი არ გადააყლაპოთ მტვერსასრუტს).

შენიშვნა: თუ თქვენი ტელეფონი ირთვება მაგრამ არ უმუშავებს ყველა ფუნქცია, ეს ნიშნავს რომ ის არ არის კარგად გამომშრალი, დაზიანებულია რაიმე დეტალი ან მიმდინარეობს მასში კოროზიის მაგვარი მოვლენა.

13. Apple-ის უპირატესობა

თუ თქვენ ხართ Apple-ის მომხმარებელი მაშინ თქვენ შეგიძლიათ გაწმინდოთ თქვენი ტელეფონი პირსახოცით ან ხელსახოცით დააჭიროთ Home ღილაკს და თუ ყველაფერი რიგზეა განაგრძოთ თქვენი ტელეფონის მშვიდად გამოყენება.

წინა «
შემდეგი »