როგორ გავიკეთოთ “პირსინგი” და მისი მოვლის წესები?

  • tatatatusi
  • მაისი 29, 2014

pirsingiბოლო ხანებში პირსინგით, ანუ სხეულის სხვადასხვა ადგილის გახვრეტით, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, ინტერესდებიან. ზაფხულის დადგომისა და ზღვის სეზონის მოახლოვებასთან ერთად პირსინგის მოდა განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. თუმცა, მიუხედავად მისი მოდურობისა და აქტუალურობისა, სხეულის ამა თუ იმ ადგილის გახვრეტა და მათი სპეციალური სამკაულებით დამშვენება 21-ე საუკუნის აღმოჩენა სულაც არ გახლავთ. პირსინგის ისტორია იმდენივე ათასწლეულს ითვლის, რამდენსაც თავად კაცობრიობის არსებობა.

ტრადიციების მიმდევარი ქართველები პირსინგს მაინცდამაინც არ სწყალობენ. თუმცა, უფროსებისგან განსხვავებით, ახალგაზრდები (განსაკუთრებით – თინეიჯერები) მიიჩნევენ, რომ სხეულის პირსინგი ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც ყურების გახვრეტა, ახალი ვარცხნილობის გაკეთება ანდა პლაჟზე ბიკინით სიარული.

მათთვის პირსინგი სხეულის გალამაზების ერთ-ერთი ფორმაა, დღესდღეობით ხომ ჭიპზე, ცხვირზე, წარბსა თუ ენაზე გასაკეთებელი სამკაულების უზარმაზარ არჩევანს გვთავაზობენ. ჰოდა, რატომაც არ უნდა ვისარგებლოთ და გავინებივროთ თავი ამ მშვენიერი სამკაულებით? მაგრამ საქმე არც ისე მარტივადაა. სხეულის ყველა ნაწილის გახვრეტა უსაფრთხო როდია. ასე რომ, წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ:

პირსინგი>>უპირველეს ყოვლისა, პირსინგი აუცილებლად კვალიფიციურ და ლიცენზირებულ სპეციალისტთან, ლიცენზირებულ სალონში და სტერილური ინსტრუმენტით უნდა გაიკეთო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ისეთი საშიში სისხლით გადამდები დაავადებებით დასნებოვნების რისკის ქვეშ აღმოჩნდეთ, როგორიცაა C და B ჰეპატიტები და შიდსიც კი.

>> პირსინგის ზოგიერთი სამკაული ნიკელისგან ან სხვა არაკეთილშობილი ლითონისგან არის დამზადებული. ასეთმა სამშვენისებმა შესძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ასე რომ, თუ ალერგიული ბრძანდებით, უმჯობესია, ვერცხლის ან ოქროს სამკაულებით დაიმშვენოთ თავი.

>> აუცილებელია იცოდეთ, რომ პირსინგის შემდეგ ენაზე განსაკუთრებით ლითონის სამკაულმა შესაძლოა კბილები და ღრძილები გაგიღიზიანოთ. ასე რომ, თუ მგრძნობიარე ღრძილები და კბილის სუსტი მინანქარი გაქვთ, ენაზე პირსინგს უნდა მოერიდოთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ახალგახვრეტილი ადგილი ხშირად სივდება. ენის გახვრეტისას ეს საკმაოდ საშიშია, რადგან შეშუპებულმა ენამ შესაძლოა საყლაპავი მილი და სასუნთქი გზები დაახშოს. თუ ენის გახვრეტა ისე მტკიცედ გადაწყვიტეთ, რომ ვერავითარი საფრთხე ვერ შეგაშინებთ, გახვრეტილი ენის სწორად მოვლას უნდა შეეჩვიოთ. თუ გსურთ, ინფექცია თავიდან აირიდოთ, ყველა კვების შემდეგ 30-60 წამის განმავლობაში პირში ანტიბაქტერიული, უალკოჰოლო სავლები გამოივლეთ, კბილები კი რაც შეიძლება რბილი, გასტერილებული ჯაგრისით გაიხეხეთ.

ინფექციის შეჭრის საფრთხე კანზე პირსინგის დროსაც არსებობს. მისგან თავი რომ დაიზღვიოთ, გახვრეტილი ადგილი (წარბი, ყური, ცხვირი თუ ჭიპი) სპეციალური სამედიცინო ანტიბაქტერიული ხსნარით დაიმუშავეთ. ამავე ხსნარით უნდა დაამუშაოთ სამკაულიც და შემდეგ დაატრიალოთ, რათა ანტიბაქტერიული ხსნარი ჭრილობას მოხვდეს. მიუხედავად დამკვიდრებული მოსაზრებისა, მოერიდეთ პირსინგის მიდამოს სპირტით ან წყალბადის ზეჟანგით დამუშავებას. ისინი კანს ძალზედ აშრობს, რამაც შეიძლება გაღიზიანება და აერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

პირსინგითუ ჭრილობა ხშირად გინაწიბურდებათ და კელოიდებისკენ ხართ მიდრეკილი, სჯობს, პირსინგზე საერთოდ უარი თქვათ. მათ მოცილებას შეიძლება პლასტიკური ოპერაცია დასჭირდეს.
პირსინგის ჭრილობა საბოლოოდ, ჩვეულებრივ, 6-8 კვირაში მოშუშდება. ამ ხნის განმავლობაში გახვრეტილ ორგანოს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ახალგახვრეტილ ყურში (წარბი, ტუჩი, ჭიპში…) აუცილებლად ვერცხლის ან ოქროს სამკაული გაიკეთეთ და ანტიბაქტერიული ხსნარით დღეში რამდენჯერმე დაიმუშავეთ. სამკაული არამც და არამც არ მოიხსნათ , სანამ ნახვრეტი ბოლომდე არ მოშუშდდება. თუ ჭიპი გაიხვრიტეთ იცოდეთ რომ მისი ტანსაცმლით დაფარვა სასურველი არ არის – ეს ინფექციის რისკს ზრდის.

ნუ ჩათვლით, რომ თუ პირსინგი მოგბეზრდათ პრობლემას ადვილად გადაწყვეტთ. მართალია სამკაულის მოხსნის შემდეგ გახვრეტილი ჭიპი თუ ტუჩი რამდენიმე კვირაში ხორცდება, სამაგიეროდ პირსინგის მოსაგონრად შესაძლოა ლაქა, ჩაღრმავება ან ნაიარევიც კი დაგრჩეთ (გააჩნია, რამდენ ხანს იწონებდით ამ სამშვენისით თავს). ასე რომ სჯობს, თავიდანვე კარგად გაიაზროთ რას აკეთებთ. რა იცით, ხვალ რა მოგეწონებათ, მოდა კი როგორც მოგეხსენებათ ჭირვეული ქალბატონია.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.