როგორ განვაახლოთ მოძველებული ტანსაცმელი (ბებიას რჩევები)?

  • ananeu
  • ნოემბერი 12, 2015

ლაქების ამოყვანაზაფხულის მოსვლასთან ერთად თითოეულ ჩვენგანს უჩნდება სურვილი განაახლოს გარდერობი. ამისთვის კი სულაც არაა აუცილებელი სავაჭრო ცენტრებში უამრავი თანხის დახარჯვა. ალბათ, ყველას მოგვეძებნება სახლში ისეთი სამოსი, რომელთაც სიძველისა თუ ჩამჯდარი ლაქების გამო ვერ ვიყენებთ.

მათი განახლება და გააქტიურება ბებიას რჩევებით მარტივად შეიძლება მაშ, დავიწყოთ – შავი ფერის მოძველებული კაბის თუ კოსტუმის გასაახლებლად უნდა მოვიქცეთ შემდეგნაირად:

ერთი სუფრის კოვზი ამიაკი და ერთი ჩაის ჭიქა წყალი შევურიოთ ერთმანეთს, დავასველოთ ამ სითხეში შავი შალის ნაჭერი და წავუსვათ კაბას წაღმა მხრიდან, ქსოვილი მიიღებს გაახლებულ სახეს;
მოძველებული ხავერდის განახლება შეიძლება შემდეგნაირად: ჯერ ვუსვათ სველი ღრუბელი ბეწვის საწინააღმდეგო მიმართულებით, შემდეგ ხავერდი დავჭიმოთ ორთქლზე წაღმა მხრიდან, ხოლო უკუღმა პირიზე, ჯერ კიდევ ნამიან ხავერდს, გადავატაროთ კარგად გახურებული უთო. ამით მთელი მისი დასრესილი ბეწვები გასწორდება და ხავერდი გაახლდება.

ლაქა

ძველი ტანსაცმლიდან კარგად ჩამჯდარი ცხიმოვანი ლაქების ამოსაყვანად უნივერსალური საშუალებაა ბენზინში აზელილი მაგნეზიის ფხვნილი. ეს ფაფისებრი მასა უნდა დავადოთ დალაქავებულ ადგილს ზემოდან, ხოლო ქვემოდან ამოვუდოთ სქელი ნაჭერი, იმისთვის რომ სითხე შეისრუტოს. ასე დავტოვოთ რამდენიმე საათი, შემდეგ გავფერთხოთ, გამშრალი მაგნეზია კარგად მოიწმინდება და ლაქაც თან მიჰყვება.

ზეთოვანი საღებავების ცხიმოვანი ლაქები ტილოს ქსოვილზე იწმინდება ბენზინითა და სოდანარევი საპნიანი წყლით. ასეთივე ლაქებისგან აბრეშუმის ქსოვილის გასაწმენდად გამოიყენება თანაბარი რაოდენობის ბენზინი და ეთერი.
თაფლის სანთლის ან პარაფინის წვეთებისგან დალაქავებული ტანსაცმელი უნდა გავწმინდოთ შემდეგი წესით: ლაქებიანი ადგილები მოვათავსოთ ორ საწერ ქაღალდს შორის და ზემოდან რამდენჯერმე გავუსვათ კარგად გახურებული უთო. ასეთივე ლაქები ხავერდის ტანსაცმლიდან ამოიწმინდება 95%-იან სპირტში დასველებული ღრუბლით.
ოფლით დალაქავებული ტანსაცმელი ჯერ უნდა ამოვრეცხოთ საპნითა და თბილი წყლით, ხოლო შემდეგ ნიშადურის სპირტით.
სისხლის ლაქები ამოიწმინდება თბილი, სოდანარევი საპნიანი წყლით. თუ ლაქა არ ამოვიდა, იმ ადგილას ბამბით წავუსვათ დანაყული მჟაუნადან გამოსული წყენი, შემდეგ კი საპნიანი წყალი. საბოლოოდ ამოვწმინდოთ სუფთა წყალში დასველებული ბამბით. ნაზი ქსოვილიდან სისხლის ლაქის ამოსაყვანად მეტი სიფრთხილეა საჭირო. ამ ლაქაზე უნდა დავადოთ სახამებლის სქელი ფაფა, გავაშროთ და გავფერთხოთ. ასე გავიმეოროთ რამდენჯერმე და სისხლის ლაქაც ქსოვილის დაუზიანებლად გაქრება.
ნაზი ქსოვილიდან რძის ლაქების ამოსაყვანად წავუსვათ ჩვეულებრივი გლიცერინი. 10 წუთის შემდეგ ამოვრეცხოთ ტბილი წყლით და დავაუთოვოთ უკუღმა მხრიდან.
ქსოვილებიდან ჩაის ლაქების ამოსაყვანად, ერთმანეთში ავურიოთ თანაბარი რაოდენობის კვერცხის გული და გლიცერინი და წავუსვათ დალაქავებულ ადგილს. როცა შეშრება, ამოვრეცხოთ ცხელ წყალში დასველებული ბამბით და სველივე გავაუთოვოთ.
შოკოლადისა და კაკაოს ლაქა მოშორდება ისევე როგორც ჩაის ლაქა.
ნატურალური წითელი ღვინის ლაქებს კარგად აშორებს ღვინის მარილმჟავა. ეს ადგილი შემდეგ უნდა ამოიწმინდოს თბილ წყალში დასველებული ბამბით.

ლაქის ამოყვანა

ხელოვნური ან ნახევრად ხელოვნური წითელი ღვინის ლაქებს კარგად აშორებს ჩვეულებრივი სუფრის მარილი და გოგირდის კვამლი. დალაქავებისთანავე საჭიროა მარილის მოყრა, შემდეგ კი საპნიან წყალში ამორეცხვა და ცეცხლმოკიდებული გოგირდის კვამლზე გაჩერება. ამის შემდეგ კვლავ უნდა ამოვრეცხოთ ჯერ საპნიან, ხოლო შემდეგ სუფთა წყალში. ამ წესების დაცვით ყოველგვარი ლაქა ამოვა. თუკი ღვინის ლაქები ფერად ქსოვილზეა, უნდა ვიხმაროთ კვერცხის გულისა და გლიცერინის ნარევი, (ერთ კვერცხის გულზე-ერთი სუფრის კოვზი გლიცერინი) შემდეგ კი კარგად ამოვრეცხოთ სუფთა თბილი წყლით).
მანქანის ზეთის ლაქების ამოსაწმენდად დალაქავებულ ადგილას უნდა დავადოთ ეთერში აზელილი მაგნეზია და დავტოვოთ ასე, სანამ ეთერი ბოლომდე არ გაქრება და მხოლოდ მაგნეზიის ფხვნილი არ დარჩება, გადავფერთხოთ ფხვნილი-ზეთოვანი ლაქაც თან გაჰყვება.
ჟანგის ლაქების თეთრეულიდან ამოსაყვანად გამოიყენება ლიმონის წვენი.
იმედია, ზემოთ მოყვანილი რჩევები თქვენი გარდერობის განახლებაში დაგეხმარებათ. ხშირად თანამედროვე საშუალებები ვერ გვეხმარება ისე, როგორც ძველი, კარგად დავიწყებული მეთოდები. ხომ გაგიგიათ – ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.