როგორ დავადგინოთ ორალური კანდიდოზი?

  • e11e
  • იანვარი 14, 2015

ორალური კანდიდოზიორალური კანდიდოზი – (რძიანა, მონილიაზი, ოიდიომიკოზი, სოორმიკოზი, ზედაპირული ბლასტომიკოზი, ლევუროზი, კანდიდოზური სტომატიტი) ფართოდ გავრცელებული სოკოვანი დაავადებაა. მკურნალობა არ იწვევს იმუნიტეტის ჩამოყალიბებას. დაავადებას იწვევს Candida-ს გვარის სოკო, რომელიც ფართოდაა გავრცელებული. ბინადრობს ნიადაგში, ჰაერში, ხორცში, რძის ნაწარმში, ხილსა და ბოსტნეულზე. განსაკუთრების კარგად მრავლდაბა შაქრის შემცველ პროდუქტებში.

არსებობს კანდიდოზით დაავადების 2 გზა: ინფიცირება კანდიდოზით დაავადებული პირისგან და ორგანიზმში სოკოსთვის ხელშემწყობი ფაქტორების არსებობა (იმუნიტეტის დაქვეითება და მძიმე ფონური დაავადებები, ჰიპო და ავიტამინოზები) რის შემდეგაც საკუთარი პირობითპათოგენური ფლორა გარდაიქმნება პათოგენურად.

დაინფიცირება ხდება ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით. (პირველი კონტაქტი ხშირად ხდება დაინფიცირებული სამშობიარო გზების გავლისას) ორალური კანდიდოზი ხშირია ახალშობილებში, ხანდაზმულებში, შიდსით დაავადებულ პირებში, ონკოლოგიურ პაციენტებში და შაქრიანი დიაბედით დაავადებულებში.

კანდიდოზის დროს შეიძლება დაზიანდეს პირის ღრუს ლორწოვანის ნებისმიერი უბანი, თუმცა უფრო ხშირია ენაზე, სასაზე და ტუჩის კუთხეებზე.

გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს შინაგანი (ორსულობა, იმუნოდეფიციტი, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, ენდოკრინული დაავადებები,  A C B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა, დისბაქტერიოზი, ქოლეცისტიტი და სხვა საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები) და გარეგანი (პირის ღრუს ლორწოვანის ქიმიური და მექანიკური ტრავმა, მედიკამენტების გვერდით ეფექტი)

ორალური კანდიდოზის 4 ფორმა არსებობს:

1. თუ პირის ღრუში აღინიშნება ოდნავ გაწითებული ლორწოვანი თეთრი წერტილოვანი ნადები, ან მოთეთრო ხაჭოსებრი აპკი, რომელიც ადვილად სცილდება – მწვავე ფსევდომემბრანულ კანდიდოზთან გვაქვს საქმე იგივე რძიანა.

2. თუ ლორწოვანი ალისფერი წითელია და არაბუნებრივად კრიალა, თეთრი ნადები იშვიათია, და ღრმა, ადვილად არ სცილდება. ნერწყვის რაოდენობა შემცირებულია, ბლანტი და ქაფიანია – მწვავე ატროფიულ კანდიდოზთან.

3. თუ ლორწოვანი გაწითლებულია, აღინიშნება დიდი ზომის თეთრი ლაქები და პაპულები. აფხეკის დროს ნადები ლორწოვანს ნაწილობრივ სცილდება, ახინიშნება ლორწოვანის სიმშრალე,  ბლანტი და ქაფიანი ნერწყვი, დაზიანებულია ენის ცენტრალური ნაწილი – ქრონიკულ ჰიპერტროფიულთან.

4. ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი – დუნედ მიმდინარეობს, ხშირად ვითარდება პროთეზის ქვეშ ე.წ პროთეზული სტომატიტი ამ დროს დაზიანებულია სასა, ენა, და ტუჩს კუთხეები (აღინიშნება ღრნა ნახეთქები პირის კუთხეებში, თეთრი ნადები ქერქებისა და ქერცლების არსებობა).

დიაგნოზის დასმა ხდება პირის ღრუს მიკრობიოლოგიური გამოკვლევით.

მკურნალობა ინდივიდუალურია: ფონური დაავადების გამოვლენა და მკურნალობა, ვიტამინოთერაპია, პირის ღრუს სანაცია, დიეტა, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების დანიშვნა, კარგია ამ დროს სოდიანი და ანტისეპრიკური სავლებები.

აღნიშნული სიმპტომების არსებობის დროს აუცილებელია მიმართოთ ექიმ-სტომატოლოგს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.