როგორ დავაწყნაროთ მტირალი ბავშვი

  • marinola
  • ივნისი 21, 2013

ბავშვითუ თქვენი პატარა ერთთავად ტირის, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჭირვეული ხასიათი აქვს, არც ის უნდა იფიქროთ, შია ან პამპერსმა გამოწვაო. ექიმები ამტკიცებენ, რომ პირველ ორ თვეს ბავშვის ჭირვეულობა ხშირად ნაწლავებში დაგროვილი, მართალია, სავსებით უვნებელი, მაგრამ ძალზედ გამაღიზიანებელი გაზის ბრალია. როცა ნაწლავების ფორმირება მთავრდება, გაზის პრობლემა იხსნება, მაგრამ პატარა მაინც გამეტებით ჭყივის. რა უნდა ვქნათ?

  1. ნელა ნაზად დაარწიეთ პატარა. რიტმული მოძრაობა მის ფსიქიკაზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს, ასევე ნაწლავებზეც.
  2. ბავშვი გაატარ გამოატარეთ, თუნდაც საბავშვო ეტლით. სეირნობის იმიტაცია, რა თქმა უნდა საძაგელ გაზს ვერაფერს დააკლებს, სამაგიეროდ, ბავშვის ყურადღებას გადაიტანს უსიამოვნო შეგრძნებისაგან.
  3. ახლა გაზის გამოდევნაც ვცადოთ – ბავშვი ფრთხილად გადავაწვინოთ დედის ხელებზე სახით დაბლა. წამით გავაჩეროთ, საკმარისია, საწყისი მდგომარეობა მივაღებინოთ. მუცელზე წოლამ აუცილებლად უნდა მოუხსნას დისკომფორტი.
  4. კიდევ ერთ ვარიანტს შემოგთავაზებთ – ბავშვი მუხლებზე გადაიწვინეთ მუცლით დაბლა, თქვენ კი ზურგზე ხელი მსუბუქად მიუტყაპუნეთ.
  5. თბილი აბაზანა შესანიშნავი საშუალებაა უსიამოვნო შეგრძნებების წინააღმდეგ. აბაზანა დღე ღამის ნებისმიერ დროს შეიძლება.
  6. პატარა დიდ ღუნღულა პლედში გაახვიეთ ისე, რომ ჩათბეს და თავი უშიშრად იგრძნოს. რამე წაუკითხეთ, უმღერეთ, უბრალოდ ელაპარაკეთ.
  7. ჩართეთ შხაპი ან რაიმე საყოფაცხოვრებო, ჩხრიალა საგანი. მოჩხრიალე წყლის ან ნაზი, თანაბარი, ნებისმიერი ხმაური მალე დააწყნარებს და ჩააძინებს არა მარტო ჩვილს, არამედ ყველა ცოცხალ არსებას ერთი კილომეტრის რადიუსით. არ დაგავიწყდეთ ბავშვის ჩაძინების შემდეგ ჩხრიალ გუგუნის გამორთვა!
  8. ვარჯიში ”ველოსიპედი” – ნაწლავების ყველაზე კარგი მეგობარია. ბუნებრივია, პატარა თავად ვერ ივარჯიშებს. თქვენ დაეხმარეთ – ზურგზე დააწვინეთ და ფეხები აუმოძრავეთ. ძალიან სასარგებლოა.
  9. ბოლოს და ბოლოს, წამლებიც არსებობს. ექიმს მიმართეთ, მაგრამ უმჯობესია ქიმიას თავი აარიდოთ.
  10. დედამ აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება კვებას – პარკოსნების, კომბოსტოს, ხახვის შემცველ კერძებსა და ყავას თქვენი ბავშვი დედის რძესთან ერთად მშობლის სადილობიდან 6 საათის განმავლობაში იწოვს. ასეთი საჭმელი კი საშინლად აღიზიანებს ბავშვის ნაწლავებს.

საერთოდ თუ ბავშვი ტირის, მეტი ყურადღება დაუთმეთ. განებივრების ნუ შეგეშინდებათ. გახსოვდეთ ჩვილი რაც მეტს ტირის, მით უფრო ცუდად გრძნობს თავს.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.