როგორ დავეხმაროთ აუტიზმის მქონე ბავშვს?

  • kristi_ne
  • თებერვალი 16, 2018

აუტიზმიაუტიზმი ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალური (მეტყველებითი) და არავერბალური (არასამეტყველო-ჟესტიკულაცია, სხეულის ენა) კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებზე. ბავშვს პრობლემები აქვს სოციალურ განვითარებაში, კომუნიკაციაში, მეტყველებაში, ქცევაში, განსაკუთრებით კი წარმოსახვით თამაშში.

პირველად აუტიზმი 1943 წელს აღწერა Leo Kanner-მა ადრეული ბავშობის აუტიზმის სახელწოდებით. იგი გამოყოფდა აუტიზმის შემდეგ ნიშნებს:

-სოციალური ურთიერთობის დამყარების უუნარობა;

-კომუნიკაციის მიზნით მეტყველების გამოყენების შეუძლებლობა;

-ცვლილებებისადმი ძლიერი რეზისტენტობა (სიახლის შიში, შეუგუებლობა);

-კონკრეტული საგნებით გატაცება;

-ამ მახასითებლების გამოვლინება 30 თვის ასაკამდე (2,5 წლამდე);

აუტიზმის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ფიქრობენ, რომ მის აღმოცენებაზე გავლენას ახდენს:
1) ნეიროტრანსმიტერების ფუნქციის მოშლა (ნეიროტრანსმიტერი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა ნერვის დაბოლოების ადგილას, პრესინაფსური ტერმინალიდან და უზრუნველყოფს იმპულსის გადაცემას ნეირონულ სინაფსებში, ერთი ნერვიდან მეორეში.

2) გენეტიკური ფაქტორები და მემკვიდრეობა.

3) გარემოს მავნე ზემოქმედება.

რით ხასიათდება აუტიზმი?

სინდრომის სახელწოდებიდან გამომდინარე, აუტიზმის მქონე პირს ახასიათებს, პირველ რიგში, გარემოსთან კონტაქტის დამყარების პრობლემა. ასეთი ბავშვი არ აქცევს ყურადღებას ოჯახის წევრებს, თითქოს ვერც ამჩნევს მათ, არ თამაშობს სხვა ბავშვებთან, ვერ ახერხებს სხვა ადამიანისა და სიტუაციის ემოციური კონტექსტის აღქმას, უჭირს საკუთარი აზრის, ემოციის, ინტერესის სხვებისთვის გაზიარება. აქვს შეზღუდული ინტერესები. არ შეუძლია წარმოსახვითი და როლური თამაში (დედა-შვილობანა, პოლიციელობანა).

შეიძლება შეგვხვდეს აუტიზმის გამოვლინების სხვადასხვა ხარისხი, მაგრამ ყველას, მეტ-ნაკლებად, 3 წლამდე უკვე უმჟღავნდება პრობლემები კომუნიკაციაში, სოციალურ ურთიერთობაში, მეტყველებაში, ემოციურ განვითარებაში. მეტად მნიშვნელოვანია, რომ უკვე ჩვილობაში დაქვეითებულია ე.წ. ერთობლივი ყურადღება, რაც თვალით კონტაქტსა და სხვებთან გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.

მეტყველება

მეტყველების დარღვევის მხრივ გამოიყოფა სამი ჯგუფი:

პირველი ჯგუფის ბავშვები გამოსცემენ არა სიტყვებს, არამედ ბგერებს, რაც გამოხატავს მათ ემოციურ მდგომარეობას ან მათ რეაქციას რაიმეზე და არა სიტყვებს ან წინადადებას. ახასიათებთ ექოლალიები (სხვისი სიტყვების აკვიატებული გამეორება)

მეორე ჯგუფის ბავშვებს მეტყველება უვითარდებათ ნორმალურად, მაგრამ ეს ხდება 3-4 წლამდე, შემდეგ უკვე აღარ ხდება ლექსიკის გამდიდრება. მათი საუბარი შემოიფარგლება ღარიბი ლექსიკონით.

მესამე ჯგუფის ბავშვებს აქვთ საკმაოდ მდიდარი ლექსიკური მარაგი, მაგრამ არ შეუძლიათ მისი გამოყენება.

აუტისტი

კომუნიკაცია

აუტიზმის მქონე ბავშვები ერიდებიან სხვებთან კონტაქტს, გულგრილები არიან ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. ხშირად არ რეაგირებენ საკუთარი სახელის გაგონებაზე. უჭირთ სხვისი ემოციის გაგება (ემპათია), ვერ გრძნობენ მათდამი ემოციური დამოკიდებულების მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციის დარღვევა ჩვილობაშივე შეინიშნება, აუტიზმის მქონე ბავშვები ჩვილობაში ხასიათდებიან მიჯაჭვულობის პრობლემებით (დედასთან სიახლოვე) და კომუნიკაციის ნაკლებობით ან არარსებობით.

აუტიზმის მქონე ბავშვებს მკვეთრად აქვთ განვითარებული სენსორული შეგრძნებები-სმენა, შეხება, ყნოსვა, გემო. ამიტომ ისინი ვერ იტანენ შეხებას, მაღალ ხმას, მძაფრ სუნებს, ვერ იტანენ გარკვეული ტიპის საკვებს, მაგრამ შეიძლება დაღეჭონ ქაღალდი, საშლელი ან სხვა მსგავსი არასაკვები ნივთები.

გონებრივი უნარები

აუტიზმის მქონე ბავშვების უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობა, მხოლოდ მათ 20%-ს აქვს საშუალოზე მაღალი IQ. მათ ხშირად აქვთ ხატვის, მათემატიკის, მუსიკის, ანგარიშის, ფაქტების დამახსოვრების განსაკუთრებული უნარები.

ცვლილებები

აუტიზმის მქონე ბავშვები ვერ იტანენ სიახლეებს, ისინი ცხოვრობენ რუტინულად. დადიან ერთი და იმავე გზით, ჭამენ ერთსა და იმავე დროს. თუკი მათი რუტინა უმნიშვნელოდ შეიცვლება, ამან შესაძლოა მათი ძლიერი გაღიზინება გამოიწვიოს. საჭიროა მათი წინასწარი შემზადება ცვლილებისთვის.

როგორ დავეხმაროთ აუტიზმის მქონე ბავშვს?

დახმარება აუცილებელია მიმართული იყოს როგორც ბავშვზე, ასევე მშობლებზე. ადრეული მიმართვა პროფესიონალებისთვის ერთ-ერთი შემამსუბუქებელი ფაქტორია. აუტიზმის დასახმარებლად გამოიყენება შემდეგი პროგრამები:

1) მშობლების ფსიქოგანათლება შვილის მდგომარეობის, დიაგნოზის და პროგნოზის შესახებ;

2) ბავშვის შესაბამის სასწავლო გარემოში მოთავსება;

3) ოჯახზე ფოკუსირებული ხანგრძლივი თერაპია;

4) თვითმომსახურებისა და აკადემიური უნარების წავარჯიშება სპეციალისტების მიერ;

5) კომუნიკაციური უნარების ტრენინგი;

6) თვითდაზიანებითი ქცევის რეგულირება;

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.