როგორ დავისვენოთ ბორჯომში?

  • geniosa1991
  • სექტემბერი 13, 2014

ბორჯომიროდესაც საუბარი დასვენებას ეხება, ალბათ ხშირად გვსმენია: ,,ზღვას მთა მირჩევნია“. მეც სწორედ ამ კატეგორიას მივეკუთნები, რადგან ზღვაზე მხოლოდ ბანაობისა და კანის გამუქების შესაძლებლობაა (ბარები და დისკოტეკებიც), აი, სამთო კურორტებზე კი დასვენებისა და თავგადასავლების უამრავი შესაძლებლობა არსებობს.

დღეს გადავწვყიტე გიამბოთ კურორტ ბორჯომში დასვენებისა და გასართობი საშუალებების შესახებ.

როდის დაარსდა ბორჯომი?

მიუხედავად იმისა, რომ არქეოლოგიური გათხრების მიხედვით ბორჯომის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ პრიმიტიული ადამიანები ცხოვრობდნენ და პრიმიტიულად მოწყობილ მინერალური წყლების აბაზანები ქონდათ, თანამედროვე ბორჯომ-ქალაქის ისტორია სულ 2-3 საუკუნეს ითვლის. ამ ადგილებით ჯერ მეფისნაცვალი ვორონცოვი დაინტერესდა, ხოლო მის განვითარებას ხელი შეუწყო მეფის ბიძამ, მიხეილ რომანოვმა, რომელმაც ეს მამულები საკუთრებაში მიიღო.

სწორედ მის სახელს უკავშირდება ბორჯომის პირველი ელექტრო სადგური, (რუსეთის იმპერიაში მეორე), ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზა – ,,კუკუშკა”, ამ რკინიგზაზე არსებული გუსტავ ეიფელის მიერ შექმნილი ხიდი და სხვა ღირს შესანიშნაობები.

აღსანიშნავია, რომ თუ ბორჯომი არ იქნებოდა მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრებათანი, უდიდესი საგვარეულოს წარმომადგენელი – რომანოვი, აქაურობით არ დაინტერესდებოდა.

დასვენება ბორჯომში

ბორჯომში ტურისტული სეზონი მაისიდან სექტემბრის შუამდეა. მიუხედავად აქტიური ტურისტული სეზონისა, ამ პერიოდში ყოველთვის შეგიძლიათ გამოძებნოთ ადგილი, სადაც ოდნავი ჩქამიც არ შეგაწუხებთ და სულიერ სიმშვიდეს გაპოვნინებთ.

ვისთვისაც დასვენება მხოლოდ სავარძლიდან ან ჰამაკიდან ცისთვის ყურება არაა, შეგიძლიათ იპოვოთ გართობის უამრავი შესაძლებლობა.

პირველი და უმთავრესია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. მის ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ საფეხმავლო ტურებით, საცხენოსნო ტურებით და სხვა უამრავი მომსახურებით. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს ან საიტს

დასვენებისა და გართობის საუკეთესო საშუალებაა ბორჯომის მინერალური წყლების პარკი. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ბორჯომის წყალი, რომელმაც ქვეყანას მსოფლიოში გაუთქვა სახელი. ასევე მთელი ოჯახით გაერთოთ სხვადასხვა ატრაქციონებზე, რომლების ნაწილი ადრენალინის მოყვარულთათვისაა განკუთვნილი.

კურორტი მდიდარია ისტორიულ-კულტურული ძეგლები. შეგიძლიათ მოინახულოთ ულამაზესი მწვანე მონასტერი, რომელიც ბორჯომიდან სულ რამდენიმე კილომეტრშია. ტიმოთესუბნის ჯვარ-გუმბათოვანი ლავრა, დაბის წმ.გიორგის ეკლესია, ნადარბაზევის და სოფ.თორის ისტორიული მიდამოები, ფოთოლეთის ეკლესია და ა.შ. აღნიშნულ ძეგლებზე სტუმრობა შესაძლებელია საფეხმავლო ბილიკებითაც.

მწვანე მონასტერი

ბორჯომის მდიდარი ბუნება კურორტს ბუნებაში სიარულის მოყვარულთა მექად აქცევს. არსებობს უამრავი ტურისტული საფეხმავლო ბილიკი და მარშუტი, რომელთა დიდი ნაწილი მარკირებული და მოწესრიგებულიცაა. მხარე განსაკუთრებით მიმზიდველია მეთევზეთათვის. დაბაძველის, კახისის და წეროს ტბები ერთ სივრცეში თავმოყრილი სამი საოცრებაა. ცალკე საოცრებას წარმოადგენს ულამაზესი ტაბაწყურის ტბა – ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილში.

ბორჯომში ყველაზე სასურველი ტრანსპორტი ველოსიპედია.

ფასები ბორჯომში

ბორჯომში შეგიძლიათ დაისვენოთ მაღალფასიან სასტუმროებში, სადაც ფასები 100$-დან იწყება. ამ ფასში შედის სამედიცინო პროცედურები, სხეულის გაჯანსარება და ა.შ.

საშუალო კომფორტის მოყვარულთათვის ფასები 50-70$-ს შორის მერყეობს. ფასები დამოკიდებულია შერჩეულ მომსახურებაზე.

განსაკუთრებით მისაღებია კოტეჯის დაქირავება რაც დღიურად 100 ლარი დაგიჯდებათ. კოტეჯში ადვილად თავსდება 4-5 კაცი, რაც საბოლოოდ თითოს 20 ლარი დაგიჯდებათ.

10-20 ლარამდე კი შეგიძლიათ იშოვოთ ღამისგასათევიც hostel-ის ტიპის დაწესებულებაში ან ძველ ე.წ. ,,სანატორიუმებში”.

ბორჯომი

ასევე არსებობს ღამისთევის უფასო საშუალებაც – კარავი. ზაფხულში ეს საგანი ყველაზე მეტად ფასობს კურორტზე, რადგან ყველაზე იაფი ჯდება და თან შეგიძლია დადგა იქ, სადაც გაგეხარდება. მაგ.: გაათიო ღამე თევზაობით დაბაძველის ან ტაბაწყურის ტბაზე, მოიარო კოდიანის მთა, გადახვიდე ძამის ხეობაში და ა.შ.

როგორ ჩავიდე ბორჯომში?

თბილისიდან ბორჯომამდე მიკროავტობუსები ყოველ 1 საათში მოემართებიან დიდუბის ორივე სადგურიდან. მგზავრობის ღირებულება 8 ლარს შეადგენს.

ასევე შეგიძლიათ იპოვოთ ახალციხის მიკროავტობუსები ბავშვთა სამყაროს წინ, რომელიც ბორჯომამდე 7 ლარად ჩამოგიყვანთ.

ბორჯომამდე 2 ლარი ღირს თბილისი-ბორჯომის მატარებელი, რომელიც 4.30 წუთში ჩამოდის ბორჯომში. მატარებელი თბილისიდან 06:30 და 16:35 წუთზე გამოდის. მატარებლით მგზავრობა განსაკუთრებით სასიამოვნოა ჯგუფური მგზავრობისას, რადგან გართობის მეტი შესაძლებლობაა.

თუ ეძებ მგზავრობის საშუალებას ბორჯომამდე ეწვიე საიტს damemgzavre.ge. აქვე შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი განცხადება, თუ მოდიხართ საკუთარი მანქანით და იპოვოთ თანამგზავრი, რომელიც გაიზიარებს საწვავის ხარჯს.

იხილეთ ტრანსპორტის გრაფიკები ბორჯომიდან და სხვა ინფორმაცია.

არ დაგავიწყდეთ ფოტოაპარატის წამოღება

გახსოვდეს, როგორ დაისვენო, მთლიანად შენზეა დამოკიდებული.

არ დაგავიწყდეს ეწვიო ბორჯომის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს (მის.:ბორჯომი, რუსთაველის 2) ან წაღვერის ტურისტულ ცენტრს. (მის.: წაღვერი, აღმაშენებლის 1)

გისურვებთ კარგ გართობას ან მშვიდ დასვენებას.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.