როგორ დავიცვათ ცხოველი ბრუცელოზისგან?

  • ihow.ge
  • ივნისი 11, 2018

ბრუცელოზებრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი და ადამიანი. დაავადებაა ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის ან/და მისგან მიღებული პროდუქტის გამოყენებით.

დაავადება სოფლის მეურნეობას დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებს. ვინაიდან იწვევს დაავადებულ ცხოველებში აბორტს, დაავადებული ცხოველი უნდა დაიკლას, ასევე აკრძალულია მის მიერ წარმოებული რძის პროდუქტების სასურსათოდ გამოყენება.

ბრუცელოზით ავადდება ყველა სახეობის შინაური ცხოველი მაგრამ უფრო მეტად მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა და ღორი.

ბრუცელოზი და ადამიანი

ბრუცელოზი აავადებს ადამიანს. იგი ძირითადად პროფესიული დაავადებაა, და გვხვდება ვეტერინარებში, მონადირეებში, ფერმერებში, ბრუცელოზი ასევე საშიშროებას წარმოადგენს ლაბორატორიაში მომუშავე პერსონალისათვის ასევე იმ ადამიანებისათვის, რომლებიც იღებენ თერმულად დაუმუშავებელ ცხოველურ პროდუქტებს.

ავადმყოფი ცხოველი მიკრობებს გამოყოფს შარდთან და რძესთან, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მიკრობი გამოიყოფა მოგების (მშობიარობის) დროს, მოგდებულ ნაყოფთან, სანაყოფე გარსებთან, სანაყოფე სითხესთან ერთად. შედეგად ინფიცირდება საკვები, წყალი, სადგომი, მოვლის საგნები და სხვა, რაც იწვევს სხვა ჯანმრთელი ცხოველების დაინფიცირებას.

ადამიანის დასნებოვნება ხდება ავადმყოფ ცხოველებთან კონტაქტის, დაინფიცირებული რძისა და რძის პროდუქტების გამოყენებისას, ავადმყოფი ცხოველის დაკვლის და მისი ტან-ხორცის, ტყავის, მატყლის დამუშავებისას. ყველაზე მეტი საშიშროებაა სამეანო (მშობიარობის, მომყოლის შეჩერების და სხვა) დახმარების დროს.

ბრუცელოზის აღმძვრელი 60 გრადუსზე გაცხელებისას იღუპება 30 წუთში, ყველში ბაქტერია ძლებს 25 დღიდან 1 წლამდე. ადუღება ბაქტერიას კლავს მომენტალურად. დაავადების აღმძვრელი გარემოში ძლებს რამოდენიმე თვის განმავლობაში.

უსაფრთხოების მიზნით არ მიიღოთ უმი ან არაპასტერიზებული რძე და რძის პროდუქტები. გამოიყენეთ დამცავი ტანსაცმელი (ხელთათმანი, ნიღაბი) როდესაც ეხებით რეპროდუქციულ ქსოვილებს (ახალდაბადებული ან აბორტირებული ხბო).

ბრუცელოზის სიმპტომები და კლინიკური ნიშნები

ცხოველებში დაავადება ძირითადად მიმდინარეობს უსიმპტომოდ, ან ვლინდება აბორტებით. აბორტები როგორც წესი მიმდინარეობს მომყოლის შეჩერებით, ხშირად ადგილი აქვს მასტიტებს (ცურის ანთება), უნაყოფობას.

ადამიანებში დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობა არის ხშირი. დაავადების სიმპტომური მიმდინარეობის შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არის ცვალებადი. ინკუბაციური (ფარული) პერიოდი გრძელდება ერთი კვირიდან რამოდენიმე თვემდე. ახასიათებს: ცხელება, ზოგადი სისუსტე, სახსრების, კუნთების და თავის ტკივილი, ოფლიანობა, წონის დაკლება, უძილობა, დეპრესია.

დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, მაგალითად აბორტის დროს, არ უნდა შევეხოთ ცხოველს შიშველი ხელებით, თვითნებურად არ დავმარხოთ ან გადავაგდოთ აბორტირებული ნაყოფი და უნდა დაუკავშირდეთ ვეტერინარ ექიმს, რომელიც მოახდენს ნიმუშების აღებას, შემდგომი კვლევისათვის.

ცხოველებში ბრუცელოზის დასადგენად საჭიროა სისხლის სინჯების ლაბორატორიული გამოკვლევა, ხოლო აბორტის შემთხვევაში მოგდებული ნაყოფის და სანაყოფე გარსების ლაბორატორიაში გადაგზავნა.

დაავადებული ცხოველები მკურნალობას არ ექვემდებარებიან. დაავადების დადგენის შემთხვევაში ცხოველი უნდა დაიკლას სასაკლაოზე ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ, რა დროსაც გადაწყვეტილი იქნება თუ როგორ უნდა მოხდეს ხორცის გამოყენება.

ბრუცელოზის პრევენცია და კონტროლი

• ჩაუტარეთ თქვენს პირუტყვს ბრუცელოზზე გამოკვლევები.

• დაავადების საეჭვო შემთხვევაში მიმართეთ ვეტერინარ ექიმს.

• განაცალკევეთ დაავადებული ცხოველი ჯანმრთელისაგან და უზრუნველყავით მისი სასაკლაოზე დაკვლა.

• დაიცავით პირადი უსაფრთხოება ცხოველების მოვლისას, განსაკუთრებით მშობიარობის დროს, ხორცის დამუშავებისას (ხელთათმანი, წინსაფარი, ბოტები …).

• ნუ მიიღებთ რძესა და რძის პროდუქტებს (ადუღების ან პასტერიზაციის გარეშე).

სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების პრევენციის და კონტროლის მიზნით ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვებიდან სისხლის სინჯების აღებას და გამოკვლევას, ხოლო დაავადებული ცხოველის დაკვლისას ზედამხედველობას.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებით 2015-2019 წლებში იგეგმება ბრუცელოზის საწინააღმდეგო მასშტაბური ღონისძიებები, ეტაპობრივად რეგიონების მიხედვით.

ა) მსხვილფეხა მდედრი არამაკე საქონლის ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მაღალეფექტური და თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ვაქცინით.

ბ) წვრილფეხა მდედრი არამაკე საქონლის ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მაღალეფექტური და თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ვაქცინით (თვალში ჩაწვეთების გზით).

წყარო:
http://www.oie.int
http://www.cfsph.iastate.edu/Factsheets/pdfs/brucellosis.pdf
ეპიდემიოლოგია და ცხოველთა ინფექციური დაავადებები – ჯემალ ბაბაკიშვილი 2012
წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.