როგორ დავწეროთ CV

  • ihow.ge
  • ოქტომბერი 4, 2011

CV (Curriculum Vitae) – არის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პიროვნების გამოცდილებისა და სხვა კვალიფიკაციების შესახებ. მას ძირითადად იყენებენ სამუშაოს მაძიებელნი. სივი (“ქართული ვარიანტი”) ძალიან გავრცელებული და დამკვიდრებული ტერმინია საქართველოში, მაგრამ იშვიათად მის ნაცვლად იყენებენ რეზიუმესაც.

კარგი CV -ის დაწერა არ არის 2 წუთის საქმე, მითუმეტეს საქართველოში, როდესაც შეიძლება ერთ დღეს ბუღალტრის თანამდებობაზე გზავნიდე მას, ხოლო მეორე დღეს კვალიფიკაციური PR მენეჯერისაზე (არცერთ პროფესიას არ ვაკნინებ და მითუმეტეს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დღეს დღეობით მსგავსი სიტუაციაა ).

CV არის მარკეტინგული დოკუმენტი, რომლის საშუალებითაც თქვენ უნდა გაყიდოთ საკუთარი უნარები, შესაძლებლობები, კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება.

გაითვალისწინეთ, რომ როდესაც თქვენ გზავნით CV -ს დამქირავებელი მას უმეტესად კითხულობს მაშინ, როდესაც თავისუფალი დრო გამოუჩნდება (რადგან დარწმუნებული იყავით წასაკითხი ექნება სულ ცოტა 50-100 მსგავსი დოკუმენტი საიდანაც 5-10 კანდიდატს შეარჩევს და ამ შერჩევაზე იგი არ დაკარგავს დღეებს და თვეებს. თუმცა, საუბარი არაა დიდ კომპანიებზე, რომლებსაც მთელი HR განყოფილება გააჩნიათ). ამიტომ თქვენი CV არ უნდა იყოს ძალიან გადატვირთული და ძნელად წასაკითხი, რადგან ამ დროს დიდი შანსია, რომ მან გადაინაცვლოს არასასურველთა რიგებში. თუ თქვენ დაყოფთ თქვენ სივის პატარა პარაგრაფებად და ის იქნება ინფორმაციული და ადვილად წასაკითხი ჩათვალეთ, რომ თქვენი ინტერვიუზე მოხვედრის შანსი ერთი-ორად იზრდება.

აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ის არ არის დოკუმენტი, რომელსაც ერთხელ ჩამოაყალიბებთ და შემდეგ მუდმივად, ყველა თქვენთვის სასურველ და საინტერესო პოზიციაზე გააგზავნით – აუცილებელია ხშირად განაახლოთ თქვენი CV. სასურველია მის გაგზავნამდე ყურადღებით გაეცნოთ კომპანიის მიერ ვაკანსიაში მოცემული სამუშაოს აღწერას და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მათთან შესაბამისობაში ცვალოთ თქვენი სივი. თუმცა ინფორმაციის შეცვლაში არ ვგულისხმობ თქვენი კვალიფიკაციის “გამოგონებას” – მართალია, არ არსებობს CV-ს დაწერის უნივერსალური და სრულყოფილი წესი, თუმცა რამდენიმე “ოქროს წესი” მაინც უნდა დაიცვათ მისი წერის დროს, უპირველესი კი ჩემი აზრით სწორედ სანდო სივის შექმნაა. ნუ ჩაწერთ მასში, რომ არაჩვეულებრივი მარკეტოლოგი ბრძანდებით, თუკი მხოლოდ 3 თვე მუშაობდით მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტად, რადგან მხოლოდ თქვენი ჩანაწერის საფუძველზე ნამდვილად არ აგიყვანენ სასურველ პოზიციაზე და გასაუბრების დროს საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდებით თუკი CV-ში მოყვანილ ფაქტებთან შეუსაბამობაში აღმოჩნდებით (ნურც ჰობთან თუ ინტერესებთან დაკავშირებით იცრუებთ, რადგაც ადვილი შესაძლებელია, რომ მაგალითად თქვენი ცეკვისა თუ სიმღერის ნიჭის გამოვლენა პირველივე კორპორატიულ-რესტორნულ შეკრებაზე გთხოვონ, რაც ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობაში ჩაგაყენებთ, თუკი სინამდვილეში არ ფლობთ აღნიშნულ შესაძლებლობებს).

CV – ის შედგენა

რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს CV ?

-პერსონალურ (პირად) ინფორმაციას:

სახელს, გვარს, მისამართს, ტელეფონის ნომერს ელ.ფოსტას და ასევე კარგი იქნება თუ დაურთავთ თქვენს სურათს (სურათი უნდა იყოს აუცილებლად 3X4 ან ბიომეტრიული და არა როგორც ამ ბოლო დროს არის გავრცელებული -ზღვის სანაპიროზე ბიკინებში გადაღებული ან ძმაკაცებში სუფრასთან მყოფი. მსგავსი სურათების გამო არავინ დაგიბარებთ ინტერვიუზე). ევროპის განვითარებულ ქვეყნებსა და ამერიკაში სურათს მხოლოდ გარკვეულ პოზიციებზე ითხოვენ, რადგან არ მოხდეს ადამიანთა გარკვეული ჯგუფის დისკრიმინაცია, მაგრამ ეს ფაქტი საქართველოში უგულვებელყოფილია, ამიტომ უმჯობესია თქვენს CV -ს დაურთავთ ფოტოსურათს.

– განათლება და სხვადასხვა სერთიფიკატები;

საუნივერსიტეტო ხარისხი, სხვადასხვა საგანმანათლებლო სერთიფიკატები და კონფერენციები.

– სამუშაო გამოცდილება;

სამუშაო გამოცდილება (თარიღების მითითებით). პირველ რიგში უნდა დაწეროთ უკანასკნელი სამუშაო ადგილი.

– უნარები;

რომელ უცხო ენას ფლობთ და რა დონეზე, კომპიუტერული ცოდნა.

– ინტერესები;

წერა, კითხვა, სპორტი, მოგზაურობა, მუსიკა, ცეკვა და ა.შ

იმისათვის, რომ სივი კარგი გამოვიდეს საჭიროა:

  • ის იყოს ორიენტირებული და მორგებული იმ სამსახურზე სადაც აგზავნით;
  • ლოგიკურად შედგენილი და ადვილად წასაკითხი;

  • ინფორმაციული, მაგრამ ლაკონური;

  • ორთოგრაფიულად და გრამატიკულად გამართული.


ეს მარტივი მონახაზია, რომელიც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ
სურათზე ნაჩვენები CV–ის ვერსია MS Word–ში.

CV როგორც წესი არ უნდა აღემატებოდეს (A4 ფორმატის) ორ გვერდს, მაგრამ არის გამონაკლისი – აკადემიური და ტექნიკური CV-ები, რომლებიც 4-5 გვერდსაც კი აღემატება.

ინტერვიუზე დაბარების შემეთხვევაში კი აუცილებლად მზად გქონდეთ გონებამახვილური პასუხი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე თუ რატომ უნდა აგიყვანონ თქვენ აღნიშნულ პოზიციაზე და არა სხვა კანდიდატები.

ასევე შეიძიათ გაეცნოთ რეზიუმის მომზადების ინსტრუქციას Europass-ის სტანდარტის მიხედვით : როგორ მოვამზადოთ რეზიუმე – cv

გიუსურვებთ წარმატებას ! ! !

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.