როგორ დავხატოთ დეკორატიული პანო?

  • pkzeze
  • მაისი 26, 2013

pano_iHOW.GE   როგორც ვიცით, მონუმენტური მხატვრობა ფერწერისა და არქიტექტურის სინთეზს გულისხმობს. მხატვარს მუშაობისას უხდება არქიტექტურის თავისებურებათა (კედლის ან ჭერის ფორმის, ზომის, კარ-ფანჯრის ღიობების თუ სხვა ელემენტების) გათვალისწინება. მაგ, რაფაელმა ერთ-ერთ სტანცაში, კედელზე, რომელშიც საკმაოდ დიდი კარი იყო გაჭრილი, გამოსახა კომპოზიცია “პარნასი”. მხატვარმა ისე ააგო კომპოზიცია რომ მასში “შეჭრილი” კარი ერთგვარ შემაღლებად აქცია; შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს მის გარშემო განლაგებული ფიგურები მართლაც პარნასის მთის წვერზე იმყოფებიან.
იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ მონუმენტური მხატვრობის თავისებურებანი ვცადოთ, თავად შევქმნათ დიდი ზომის, მასშტაბური ფერწერული ნამუშევარი.


ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება:
დიდი ზომის ფორმატები, გუაშის საღებავები, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფუნჯები, მუყაოს დაკბილული ნაჭრები, ღრუბელა, დაჭმუჭნული ქაღალდი, პოლიეთილენის პაკეტი, ჯაგრისები, ჩანგლები, ჩხირები, წყალი, წყლის ჭურჭელი, ხელსახოცები, წებო.

იმისათვის, რომ შევქმნათ დეკორატიული მონუმენტური პანო გამოვიყენოთ ცნობილი სხვადასხვა მხატვრული ხერხი – ბადე, ტრაფარეტი, კონტრასტული ფერები, მონასმები, განსხვავებული ფაქტურა და სხვა.

*   შევარჩიოთ ისეთი კუთხე, კედელი, კომლისთვისაც შევასრულებთ მონუმენტურ ფერწერულ პანოს.

*   ჯერ უნდა გადავწყვიტოთ რა თემას შეეხება ეს ნამუშევარი, რომელშიც კონტრასტულ ფერების ეფექტს გამოვიყენებთ.

*   გავითვალისწინოთ გარემო, მისი მასშტაბი, რათა ეს ნამუშევარი შევუხამოთ მას.

*   კედლის ზომის გათვალისწინებით მოვამზადოთ შესაბამისი ზომის ფორმატები, სახატავი მასალა და იარაღები.

*   გამოვიყენოთ სხვადასხვა ფორმის (წრიული, დიაგონალური და ა.შ.) მონასმები; სხვადასხვა საშუალებით შევქმნათ განსხვავებული ფაქტურა.

*   პოლიეთილენის პაკეტის ზედაპირი დავფაროთ საღებავით, შემდეგ ზემოდან დავადოთ ქაღალდი და დავიცადოთ სანამ გაშრება. ასე მივიღებთ ანაბეჭდს. არსებობს ანაბეჭდის მიღების სხვა ხერხიც. ჩვეულებრივი ან ფოლგის (ვერცხლისფერი) დაჭმუჭნული ქაღალდი დაასველეთ წინასწარ მომზადებულ საღებავში და დაადეთ ფორმატს. ამ გზით მიიღებთ დაჭმუჭნული ქაღალდის ფორმის ანაბეჭდს.

*   თავისუფლად გავანაწილოთ ფერები ფორმატზე; შესაძლოა, ისინი ერთმანეთზეც გადავიდეს ან ზოგ ადგილას შეერიოს კიდეც ერთმანეთს.

*   შორი მანძილიდან პანოს უკეთ აღსაქმელად გამოვიყენოთ კონტრასტული ფერები.

*   ფორმატებზე მუშაობის დამთავრების შემდეგ გავიაზროთ, თუ რა თანმიმდევრობით განვათავსებთ მათ კედელზე, ისე რომ ერთიანი პანო მივიღოთ.

*   კედელზე დამაგრებულ ფორმატებს შორის “ნაკერები” ფერით შევნიღბოთ.

*   საერთო მხატვრული შთაბეჭდილების მისაღწევად, შეგვიიძლია, საბოლოო კორექტირება შევიტანოთ.

მაშასადამე პანო – ეს არის სხვადასხვა საღებავით ან სხვა მასალით შესრულებული სურათი, რომლითაც ფარავენ კედელს ან ჭერის გარკვეულ ნაწილს.პანო ეწოდება აგრეთვე უშუალოდ კედელზე შესრულებულ ფერწერულ ნამუშევარსაც.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.