როგორ და რითი აკეთებენ ქანდაკებებს?

  • pkzeze
  • მაისი 29, 2013

qandakeba_iHOW.GE    ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ადამიანი ქმნიდა ქანდაკების ნიმუშებს. უძველესი ადამიანი უმეტესად თიხისგან ძერწავდა მათ; წმინდა წერილის მიხედვით, პირველი ადმაიანიც ხომ მიწისაგან (თიხისაგან) შექმნა ღმერთმა.
ათასწლეულების განმავლობაში ადამიანი თიხასთან ერთად სხვა მასალასაც – ქვას, ხეს, ბრინჯაოს, სპილოსძვალს, პლასტილინს, თაბაშირს, ლითონს – იყენებდა ქანდაკებების შესაქმნელად.  ბუნებრივია, სხვადასხვა მასალას განსხვავებული თვისებები ჰქონდა, ამიტომაც მოქანდაკეები ზოგი მასალისგან ძერწავდნენ, ზოგისგან თლიდნენ, ზოგისგან კი ასხამდნენ ქანდაკებებს.

თიხა და ხე – მასალა ქანდაკებისათვის
თიხას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და იოლად “დასამორჩილებელი” ბუნებრივი მასალაა, ძველი ეგვიპტელები მსახურების მცირე ზომის საკულტო ქანდაკებების, ე.წ. უშებტის შესაქმნელად იყენებდნენ. თიხით ნაძერწი ფიგურები შემდეგ სხვადასხვაფრად იღებებოდა. მსახურთა ამ პატარა ქანდაკებებს გარდაცვლილ ფარაონებსა და დიდებულებს სამარხში ატანდნენ, რადგან, ეგვიპტელთა რწმენით, მათ იმ ქვეყნადაც უნდა აღესრულებინათ საკუთარი მოვალეობა.

მარმარილოს ქანდაკებები
ქანდაკებების შესაქმნელად ყველაზე ხშირად მოქანდაკეები ქვის სხვადასხვა სახეობას – ბაზალტს, ქვიშაქვას, მარმარილოს, გრანიტს და სხვ. – იყენებენ.
ძველი ბერძნები უპირატესობას მარმარილოს ანიჭებდნენ. ფიდიასმა, ყველაზე სახელგანთქმულმა ბერძენმა მოქანდაკემ ათენის აკროპოლისის მთავარი  ტაძარი – პართენონი – სწორედ მარმარილოსგან გამოთლილი ქანდაკებებით შეამკო.
ძველი ბერძენი მოქანდაკეები ისე ოსტატურად გადმოსცემენ ქსოვილის ნაოჭებს თუ ადამიანს შიშველი სხეულის მცირე დეტალებსაც კი, რომ გეჩვენება, თითქოს ისინი მოუხეშავი, მაგარი ქვისგან კი არა, რბილი, დამყოლი მასალისგანაა ნაქანდაკევი.

როგორ აკეთებენ ქანდაკებას ბრინჯაოსგან?
კიდევ უფრო მყარი და მკვრივი მასალაა ბრინჯაო. თავისი ბზინვარებით, სიმკვრივით ბრინჯაოს ქანდაკებას ადვილად გამოარჩევთ სხვა მასალისაგან.
ბრინჯაოს ქანდაკების შესაქმნელად მოქანდაკემ თავდაპირველად სხვა, რბილი მასალით (თიხა, პლასტილინი) უნდა გამოძერწოს ქანდაკება, შემდეგ მისგან ყალიბი უნდა აიღოს; და ბოლოს, ამ ყალიბის მეშვეობით დამდნარი ბრინჯაოსაგან ჩამოასხას ქანდაკება. ეს რთული ტექნოლოგიური პროცესია, რომელშიც მოქანდაკესთან ერთად ჩამომსხმელი ოსტატებიც იღებენ მონაწილეობას. ამგვარად ჩამოსხმულ ქანდაკებას მოქანდაკე ხშირად ზემოდან ამუშავებს – წმენდს, აპრიალებს მას, სასურველი ეფექტის მისაღწევად.

ქრისოელეფანტური ტექნიკა
ძველი ბერძნები ქანდაკებების შექმნისას ასევე ფართოდ იყენებდნენ ე.წ. ქრისოელეფანტურ ტექნიკას.  თავად ამ ტექნიკის სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ ამ შემთხვევაში გამოიყენებოდა სპილოს ძვალი და ოქრო. ფიგურის სხეული სპილოს ძვლისგან კეთდებოდა, ხოლო მისი სამოსი და ცალკეული დეტალები კი ოქროს თხელი ფირფიტებით იფარებოდა. ცნობილია, რომ ამ ტექნიკით შეასრულა ფიდიასმა მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება – ზევსის ქანდაკება და ათენას გამოსახულებაც, რომელიც ათენის მთავარ ტაძარში, პართენონში იდგა. სამწუხაროდ, არც ერთ მათგანს ჩვენამდე არ მოუღწევია.

თითოეულ ჩვენთაგანსაც შეგვიძლია შევქმნათ მცირე ზომის ქანდაკება ბუნებრივი მასალისაგან.
ნამდვილი ქანდაკების გაკეთება ერთობ რთული საქმეა, ეს პროფესიულ განსწავლასა და ცოდნას მოითხოვს. თუმცა, საკუთარი შთაბეჭდილებების, ემოციისა თუ განწყობილების გადმოცემა რაიმე სკულპტურული ფორმის მეშვეობით პრაქტიკულად ყველას შეუძლია. ამ მიზნის განხორციელებაში თქვენ დაგეხმარებათ დაკვირვება გარემოზე ან ბუნებაზე. ბუნება ხშირად გვკარნახობს ამა თუ იმ იდეას, ფორმას; ყველგან შეიძლება აღმოაჩინოთ ქვა, ხის ტოტი, გირჩა ან ფესვი, რომელიც რომელიმე ფრინველს, ცხოველს, თავად ხეს ან სხვა რაიმეს მოგაგონებთ. თუ ისეთი უცნაური ფორმის მასალა შეგხვდათ, რომელიც კონკრეტულად არაფერს არ ჰგავს, შეიძლება ის ფანტასტიკური არსების ან აბსტრაქტული კომპოზიციის შესაქმნელად გამოიყენოთ. ზოგჯერ სრულიად მოულოდნელად შეხვდებით ისეთ მასალას, რომლის გამოყენებაც თქვენი ფანტაზიით შექმნილ კომპოზიციებში შეიძლება.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.