როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას?

  • ihow.ge
  • აპრილი 12, 2018

აზიური ფაროსანააზიური ფაროსანა პირველად 2015 წელს დაფიქსირდა საქართველოში. მავნებლის სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა. ფაროსანამ 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს.

განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.

აზიური ფაროსანა

ინფორმაცია აზიურ ფაროსანაზე

მცენარით კვებას ფაროსანა გაზაფხულზე, აპრილის ბოლოს, მაისიდან იწყებს და გვიან შემოდგომამდე აგრძელებს. მავნებელი იკვებება ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით. ძლიერი ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს, წოვს და მასში წარმოქმნის კორპისებრ ლპობად ლაქებს.

ფაროსანა და რისკ ჯგუფები

მავნებელი გამოსაზამთრებლად შედის საცხოვრებელ ბინებში. ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარებისა და ფანჯრის ღრიჭოებში, ასევე ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში. იგი იძინებს აპრილამდე.

აზიური ფაროსანა – სასიცოცხლო ციკლი

მავნებელთა უმეტესობა გამოსაზამთრებლად შედის საცხოვრებელ ბინებში, ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარებისა და ფანჯრის ღრიჭოებში, ასევე ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში. ზამთრის ძილიდან გამოსული აზიური ფაროსანა აპრილის ბოლოდან — მაისში ივნისის შუა რიცხვებამდე გამოდის სახლებიდან და ტყეებიდან. ზრდასრული ფაროსანა შესაძლოა გადავიდეს ბაღებში და დაიწყოს კვერცხდება გროვების სახით ფოთლის ქვედა მხარეზე. ეს პროცესი გრძელდება ივნისიდან სექტემბრის დასაწყისამდე. კვერცხი მომწვანო-თეთრია, გამოჩეკვის წინ იძენს მოოქროსფერო ფერს.  4-5 დღეში ჩნდებიან მოწითალო ნიმფები (მატლები), რომლებიც ფერს თანდათან იცვლიან (მეორე ასაკში მოშავო, ხოლო შემდგომ – მოთეთრო-ყავისფერი ხდებიან), 5 ასაკის გავლის შემდეგ გადაიქცევიან იმაგოებად. გამოჩეკვის შემდეგ ნიმფები (მატლები) იწყებენ მასპინძელი მცენარეების მწვანე ნაწილებით კვებას. კვება გრძელდება 4-5 კვირის განმალობაში, რის შედეგადაც კულტურა მნიშნვნელოვნად ზიანდება. ზრდასრული მავნებლის ზომა 12-17 მმ-ია, განიერი, ყავისფერი, მარმარილოსებრი ტექსტურით, ფეხებზე, მუცლის გვერდებსა და ულვაშებზე თეთრი ზოლებით.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები

გამოსაზამთრებლად თავშეფარებული მავნებლები შეაგროვეთ და მექანიკურად გაანადგურეთ. ზამთარში ერთი ფაროსანას განადგურება ნიშნავს მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი ფაროსანას განადგურებას.

ხეხილისა და თხილის ბაღებში მაისიდან უნდა ჩატარდეს ყოველკვირეული დაკვირვება მასპინძელ მცენარეებზე.
მცენარეები ინსექტიციდებით დაამუშავეთ მხოლოდ მავნებლით დასნებოვნებულ ადგილებში. მნიშვნელოვანია, ქიმიური წამლობა ჩატარდეს ნიმფის (მატლის) ფაზაში.

მავნებლის ყველა ფაზის წინააღმდეგ ეფექტიანია ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები (ტალსტარი, ინსაკარი, ანტიხრუშჩი) ან ლამბდა-ციჰალოტრინის (კარატე, ვალსამბა, გრანდი 5, კუნგ-ფუ, ეფდალ-ლამტორინი, ტეკვანდო კაპსულა). აღნიშნული პრეპარატების ხარჯვის ნორმაა 4-6 მლ/10 ლ. წყალში. ინსექტიციდები პირველად არა უგვიანეს ივნისის ბოლოს უნდა შეასხუროთ.

პესტიციდების გამოყენების დროს დაიცავით სიფრთხილე

პესტიციდები

ბიფენტრინი – წარმოადგენს მაღალეფექტურ, ფართო სპექტრის, კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების ინსექტიციდს. გამოიყენება ფოთლის მავნებლების, მათ შორის აზიური ფაროსანას, ყურძნის ჭიის, ტკიპების, ბუგრების, ნაყოფიჭამიების, ხვატრების, ხოჭოების, მავნე კუსებურას და სხვა მავნებლების წინააღმდეგ ვაზში, ხეხილში, ბოსტნეულში, მარცვლეულში, პარკოსნებში.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბიფენტრინით წამლობა ტარდება სხვადასხვა შემასხურებელი მოწყობილობის მეშვეობით, მათ შორის სპეციალური ზურგსაკიდი შემასხურებელი აგრეგატით. ზურგსაკიდი აპარატებით მრავალწლიანი ნარგავების და ერთწლიანი ნათესების შესხურება ხდება რეკომენდებული ხარჯვის ნორმიდან გამომდინარე:

  • ხარჯვის ნორმა -0 3- 0 6 ლ/ჰა
  • კონცენტრაცია – 0 3% (10 ლიტრ წყალზე 30 მლ. პრეპარატი)

ბიფენტრინი, მიეკუთვნება სინთეზური პირეტროიდული ინსექტიციდების ჯგუფს. პრეპარატი მწერის ორგანიზმში მოხვედრისას (კონტაქტური ან ორალური გზით) მოქმედებს მავნებლის ნერვულ სისტემაზე, არღვევს ნერვული სისტემის გამტარიანობას, რის შედეგადაც მწერი პარალიზდება და საბოლოოდ კვდება. დაცვითი მოქმედების ეფექტი 10-14 დღე.

პრეპარატს არ გააჩნია მცენარეების მიმართ ფიტოტოქსიკურობა რეკომენდებულ ნორმებში გამოყენებისას. რეზინტენტობის გაჩენის პრევენციის მიზნით, პირეტროიდი გამოყენებული უნდა იქნეს სხვა ქიმიური ჯგუფის პრეპარატებთან მორიგეობით იმავე სეზონზე. შეთავსებადობა – ბიფენტრინი გამოიყენება სხვა კლასის პესტიციდებთან ერთად კომბინირებულ ნაზავში, გარდა ძლიერი ტუტე და მჟავა რეაქციის მქონე პრეპარატებისა.

დაცული უნდა იქნას რეკომენდებული ლოდინის პერიოდი მოსავლის აღებამდე: 30 დღე მრავალწლიან კულტურებზე, 20 დღე მარცვლეულზე და 15 დღე ბოსტნეულსა და პარკოსნებზე. ბიფენტრინის ნარჩენების დონე სოფლის მეურნეობის პროდუქციაში (მოსავალში) არ უნდა აღემატებოდეს 0.04-0.4 მგ/კგ-ზე.

წამლობა უნდა ჩატარდეს დილის სააათებში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა შედარებით დაბალია. დაუშვებელია სამუშაოების ჩატარება ქარიან ამინდში, რათა გამოირიცხოს პრეპარატის გადატანა სხვა ტერიტორიებზე.

უსაფრთხოების წესები ბიფენტრინით ჩატარებული ქიმიური წამლობების დროს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, პესტიციდი ბიფენტრინი მიეკუთვნება საშიშროების II კლასს ადამიანის მიმართ.

შენახვის, ტრანსპორტირების და გამოყენების დროს

  • პესტიციდი განათავსეთ უსაფრთხო, მშრალ და კარგად ვენტილირებად ადგილას, არ შეინახოთ კვების პროდუქტებთან, ცხოველთა საკვებთან და ადამიანებისათვის განკუთვნილ სხვა პროდუქციასთან ერთად. არ დაუშვათ წყალსადენების, ტბების, ნაკადულებისა და არხების დაბინძურება. საკარმიდამო ნაკვეთებში ბიფენტრინით შესხურებისას ჭები უნდა გადაიფაროს.
  • ერიდეთ პესტიციდის კანთან და თვალებთან კონტაქტს და ანაორთქლის შესუნთქვას. პესტიციდის კონტეინერის გახსნისას და შემასხურებლის მომზადების დროს გამოიყენეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. პესტიციდის კანზე მოხვედრისას გულმოდგინედ დაიბანეთ საპნით და წყლით. წამლობის შემდეგ საკვების და სითხის მიღებამდე ან სიგარეტის მოწევამდე დაიბანეთ ხელები და სახე საპნით და წყლით. ყოველდღიური ხმარების შემდეგ, განცალკევებით გარეცხეთ ხელთათმანები, სახის დამცავი ნიღაბი და დაბინძურებული ტანსაცმელი.
  • ქიმიური წამლობის დროს დაუშვებელია საკვების მიღება, თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის მიღება.

გაითვალისწინეთ:

  • იქონიეთ დაცვის ინდივიდუალური საშუალებები: სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, რესპირატორი, აირწინაღი, დამცავი სათვალე და ხელთათმანი!
  • ბიფენტრინი ტოქსიკურია ფუტკრისათვის. ქიმიური წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში სამუშაოების ჩატარების ქარის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 1-2 მ/წაში. დაუშვებელია პრეპარატის შესხურება ფუტკრის სკების მიმდებარედ.
  • კანთან კონტაქტისას: გაიხადეთ დაბინძურებული ტანსაცმელი. სასწრაფოდ ჩამოიბანეთ კანი საპნითა და წყლის დიდი რაოდენობით. მიმართეთ ექიმს!
  • თვალთან კონტაქტისას: სასწრაფოდ ამოიბანეთ თვალები გამდინარე წყლის ჭავლით მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს!
  • შესუნთქვისას მოარიდეთ დაზარალებული სამუშაო ზონას, გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. მიმართეთ ექიმს!
  • გადაყლაპვისას: სასწრაფოდ გამოირეცხეთ პირი და მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, არ გამოიწვიოთ პირღებინება! მითითება ექიმს: სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს, მკურნალობა სიმპტომატურია.
  • შესხურებისას აკრძალულია თამბაქოს მოწევა, საკვების მიღება!
  • პესტიციდების გამოყენების წინ დახურეთ სასმელი წყლის ჭები, დაამწყვდიეთ ფრინველი, საქონელი, შეზღუდეთ ფუტკრის ფრენა!
  • შეწამლული პროდუქტის საკვებად გამოყენება დაუშვებელია წამლობიდან 18-20 დღის განმავლობაში!
  • წამლობა ტარდება უქარო ამინდში დილას ან საღამოს, ან ღრუბლიან ამინდში შუადღის საათებში!
  • არ შეიძლება ქიმიური პრეპარატების გამოყენება ღია წყალსაცავებისა და წყალსატევების სიახლოვეს

ცხელი ხაზი:

სამეგრელო – 16 600 (ზარი უფასოა)

გურია – 16 006 (ზარი უფასოა)

იმერეთი – 16601 (ზარი უფასოა)

სოფლის მეურნეობის სამინისტროს
საინფორმაციო სამსახურის ცხელი ხაზი: 15 01

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდი: http://nfa.gov.ge/ge/

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდი: http://www.moa.gov.ge/

წინა «
შემდეგი »