როგორ ვისწავლო გალობა?

  • geniosa1991
  • სექტემბერი 5, 2014

გალობაქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უდიდეს ფასეულობას წარმოადგენს ქართული გალობა. ქართული ხელოვნების ეს დარგი გამორჩეულია თავისი დახვეწილობით, ეროვნული ხაზით და რაც მთავარია რელიგიური დატვირთვით.

რუსული ოკუპაცია ისევე როგორც ყველა სფეროს, გალობასაც მეტად მტკივნეულად შეეხო. ჯერ დაიწყო ქართული გალობის დამცრობა, შემდგომ კი სულაც აიკრძალა ქრისტიანული მსახურება გალობიანად, რამაც გამოიწვია ტრადიციული ქართული გალობის შესრულებისა და შემდგომი თაობებისათვის გადაცემის ჯაჭვი და მხოლოდ დამსახურებული ადამიანების, ე.წ. გალობის რაინდების თავდადებით გახდა შესაძლებელი მისი შენარჩუნება და დღევანდელობამდე მოტანა. (https://www.youtube.com/watch?v=ITOcduXxjTc  იხილეთ ეს ისტორია ვრცლად)

როგორ დავიწყო სწავლა?

ცხადია, რომ ძველ მგალობლებს ქონდათ გალობის შესწავლის ტრადიციული მეთოდები, თუმცა მათგან ჩვენთვის არცერთი არაა ცნობილი და ასევე რთულად იშიფრება ე.წ. ნევმები, რომლების საშუალებითაც მოსწავლეები ინიშნავდნენ ამა თუ იმ მუსიკალურ ფრაზებს.

როგორც ზემოთ მოყვანილი ფილმიდან ჩანს, საბედნიეროდ მოხერხდა იმ უამრავ სამგალობლო ფონდის მხოლოდ მცირე ნაწილის გადატანა ნოტზე. გამომდინარე აქედან მოგვეცა საშუალება ვისწავლოთ ის მაინც, რაც დატანილია ნოტზე. აქედან გამომდინარე, ძირითადი და დაწყებითი ცოდნა უნდა მივიღოთ ნოტებიდან.

როგორ განვასხვავო გალობები?

პირველ რიგში უნდა განვასხვავოთ ტრადიციული ქართული გალობა სხვა არატრადიციური და არაკანონიკური მიმდინარეობებიდან. მაგ.: სიონური გალობები, კომპოზიტორების მიერ დაწერილი საგალობლები და ა.შ. აღნიშნული საგალობლების ტაძარში ღვთისმსახურებაზე შესრულება აკრძალულია საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სინოდის ორგზის მიღებული გადაწყვეტილებით. მიუხედავად ამისა, დღემდე სამწუხაროდ აღნიშნული პრობლემა არ აღმოიფხვრა.

ტრადიციული გალობისთვის დამახასიათებელია 3 მიმდინარეობა-სკოლა: გელათის სკოლა, შემოქმედის სკოლა და იყალოთოს ანუ აღმოსავლეთის სკოლა. სამივე კილოს საგალობლები გარკვეულწილად ერთმანეთს გვანან და მათი საფუძველი ერთია, თუმცა მათ შორის განსხვავება უფრო ხილულია და სხვადასხვანაერი ხმათა მიმოხვრით და შესრულების მანერით ხასიათდება.

დღესდღეობით ეს 3 კილო განაწილებულია:

  • I ტომი – გელათური კილო, წირვა-ლოცვა
  • II ტომი – გელათური კილო, სადღესასწაულო საგალობლები
  • III ტომი – ქართლ-კახური კილო, წირვა-ლოცვა
  • IV ტომი – გელათური კილო, აღდგომის მარხვისა და აღდგომის მსახურება
  • V ტომი – გელათური და შემოქმედური გამშვენებული კილო, წირვა
  • VI ტომი – გელათური კილო, პარაკლისი, ქორწინება, მიცვალებულთა მსახურება და სხვ

საიდან ვისწავლო გალობა?

დამწყებმა მგალობელმა უნდა დაიწყოს ე.წ. პირველი ტომით (ავტ. – მ.ერქვანიძე), ვინაიდან ამ წიგში არის ყველაზე ხშირი მსახურების – წირვა-ლოცვის საგალობლები, თანაც სადა კილო.

ძველი მგალობლები მოსწავლეებს ასწავლიდნენ ჯერ სადა კილოს, ხოლო შემდგომ უკვე მოსწავლის ნიჭზე იყო საგალობლის გამშვენება დამოკიდებული. ამიტომ მოსწავლემ პირველ რიგში უნდა იცოდეს სადა საგალობელი, ე.ი. პირველი ტომის საგალობლები. თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი მუსიკალური მეხსიერება სავსეა სხვადასხვა არაკანონიკური ჰანგებით, დღესდღეობით საგალობლის გამშვენება მოსწავლის ნიჭზე ნაკლებად შეიძლება დაეყრდნოს. შესაძლოა დასაშვები გახდეს, მხოლოდ დიდი ხნის გალობის გამოცდილებისა და ყველა კილო-ჰანგების ათვისების შემდეგ.

პირველი ტომიდან პირველ რიგში რეკომენდირებულია შეისწავლოს მგალობელმა წირვა და შემდეგ ლოცვა, რადგანაც წირვის სწავლა შედარებით ადვილია და თანაც პარალელურად პრაქტიკის მიღებაც შესაძლებელი იქნება. შემდგომ მგალობელმა უნდა შეისწავლოს ლოცვის საგალობლები, რომლებიც არ იცვლებიან ხმების მიხედვით და პარალელურად შეისწავლოს ,,ღმერთი უფალი” ხმების მიხედვით, რადგან ეს მოკლე საგალობელი მგალობელს შეუქმნის მინიმალურ ცოდნას 8 ხმათას საგალობლების ხმის მელოდიური ხაზის შესახებ. (იგულისხმება  ყოველ კვირას აქვს თავისი ხმა და თავიდან იწყება ყოველ მეხცხრე კვირას. ხმათა მიხედვით იცვლება ტროპრები, ღმერთი უფალი, უფალო ღაღადვყავ, აწ განუტევე, წარდგომები და ალილუიები და ა.შ.)

თუკი მგალობელმა აითვისა პირველი ტომის ძირითადი საგალობლები, მაშინ დროა შეისწავლოს აღდგომის ტროპრები 8 ხმათა ციკლიდან (I ტომი), შემდგომ კი უფალო ღაღადვყავნი და აწ განუტევენი ხმათა მიხედვით. ამ საგალობლების სრულად შესწავლის შემდეგ მგალობელი უკვე საკმაო გამოცდილების მქონეა და სასურველია ნოტიდან ნასწავლი საგალობლების ზეპირ მახსოვრობაში გადატანა დაიწყოს (აქ მნიშვნელოვანია ჰანგის დამახსოვრება და არ თითოეული ბგერის სიზუსტით) ჰანგების დამახსოვრება ხელს შეუწყობს მგალობლისთვის იმპროვიზირების შესაძლებლობისა და შემდგომში საგალობლების საკუთრივ გამშვენებისა.

რას ნიშნავს გამშვენება და როგორ გავამშვენო საგალობელი?

გამშვენება, გამშვენიერება გულისხმობს სადა კილოსთვის გალამაზებას, მუსიკალური მრაფალფეროვნების შეძენას. გამშვენებისას ხმები ხშირად საერთოდ უხვევენ სადა კილოს ხაზიდან და განსხვავებულ ჰანგებს, ტემპებს ქმნიან. ხშირად იცვლება ტექსტის გადანაწილებაც. ეს გამოწვეულია იქიდან, რომ ძველ მგალობლებს ჰგონდათ საკმაოდ დიდი გამოცდილება და შესაძლებლობა რომ ამხელა დოზით გადაეხვიათ სადა კილოდან და ეგალობათ განსხვავებულად.

შემოგვჩა ზოგიერთი გამშვენების მაგალითები. (მაგ.: შემოქმედის კილო, გელათის გამშვენებული კილო, ქართლ-კახური გამშვენებული). კუთხეების მიხედვით გამშვენებული საგალობლები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან და სხვადასხვა თავისებურებები ახასიათებთ, რაც გამოწვეულია სხვადასხვა კუთეებში მცხოვრებთა განსხვავებული გემოვნებიდან. ავთენტურობის დაცვის მიზნით, კარგი იქნება თუ სადა კილოს მცოდნე მგალობელი გამშვენების სწავლას გააგრძელებს იმ კუთხის კილოს მიხედვით, საიდანაც წარმოშობითაა და ცხოვრობს, რადგან ეს უფრო ბუნებრივი იქნება.

როგორც სადა, ისე გამშვენებული საგალობლების შენარჩუნებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით წმ. ძმებ კარბელაშვილებს, წმ. ექვთიმე კერესელიძეს, წმ. ფილიმონ ქორიძეს, რომელნიც წმ.ეკლესიამ ამ დამსახურების გამო შერაცხა წმინდანად. მათლი ლოცვა და მეოხება შეეწიოს ყველა მოქმედ და დამწყებ მგალობელს!!!

წინა «
შემდეგი »