როგორ იქმნება კოსტიუმი თეატრალური პერსონაჟისთვის?

  • pkzeze
  • მაისი 26, 2013

teatri_iHOW.GEალბათ, მოგისმენია რომელიმე სპექტაკლის რადიოჩანაწერი. ცხადია, ამ დროს მოქმედებას თვალით ვერ ხედავ, მხოლოდ მსახიობების ხმა გესმის. წარმოიდგინე, რომ უცბად ახელ თვალს და ხედავ სცენას, რომელზეც გარკვეული გარემოა მოწყობილი; ასევე, ხედავ სცენაზე მოქმედ კოსტიუმებში გამოწყობილ მსახიობებსაც. აი, ყველაფერი, რასაც თეატრში, სცენაზე თვალით ვხედავთ, მხატვრის ფანტაზიის ნაყოფია. როგორ იქმნება ეს ყოველივე მხატვრის მიერ? ეს ხანგძლივი პროცესია.

*   მხატვარი ეცნობა რეჟისორის მიერ შერჩეულ პიესას, ეცნობა იმ ეპოქას და ქვეყანას, რომელშიც, პიესის მიხედვით, მოქმედება ვითარდება. ამის გათვალისწინებით იგი წარმოიდგენს სცენაზე შესაქმნელ გარემოს. ამასთან ერთად, იგი ცდილობს ჩაწვდეს პერსონაჟთა ხასიათს, წარმოიდგინოს მათი გარეგნობა და ჩაცმულობა.

*   ამის შემდეგ მხატვარი პიესაში მოქმედი გმირების შესაბამის კოსტიუმების ესკიზებს ხატავს; ასევე, ქმნის ესკიზებს დეკორაციებისათვის. მათში იყენებს ისეთ ნივთებსა და დეტალებს, რომლებიც მიგვანიშნებს ეპოქას, ქვეყანას, ან პიესაში არსებულ ატმოსფეროს. ცხადია, ეს ყველაფერი რეჟისორთან თანამშრომლობით ხდება.

*   ბოლო ეტაპზე, რეჟისორთან შეთანხმების შემდგომ, ეს ყოველივე უკვე პრაქტიკულად ხორციელდება: ესკიზების მიხედვით იკერება პერსონაჟთა ტანსაცმელი, კეთდება დეკორაციები.

ნიღბები თეატრში
თეატრი სათავეს უძველესი რიტუალებიდან, თამაშობებიდან იღებს. თითქმის ყველა ძველ ცივილიზაციასა და  კულტურაში (ჩინეთში, იაპონიაში, ძველ საბერძნეთში, საქართველოში). არსებობდა თეატრალური წარმოდგენის თავისებური ფორმა, თუმცა, სანამ თეატრი დღევანდელ სახეს მიიღებდა, დიდმა დრომ გაიარა.
თანამედროვე თეატრის სამშობლოდ ძველი საბერძნეთი ითვლება. სწორედ საბერძნეთში ჩამოყალიბდა ხელოვნების ეს დარგი, აქ ბერძენი დრამატურგების მიერ იწერებოდა პირველი პიესები, საგანგებო შენობებიც თეატრისთვის პირველად სწორედ აქ, ძველ საბერძნეთში იგებოდა.
ძველ საბერძნეთში ღია ცის ქვეშ სპეციალურად აგებულ თეატრებში ათიათასობით მაყურებელი იყრიდა თავს. მსახიობები მხოლოდ მამაკაცები იყვნენ და ქალების როლებსაც ისინი ასრულებდნენ. სახე სახასიათო ნიღბებით ჰქონდათ დაფარული. პირის ადგილას საგანგებოდ კეთდებოდა დიდი ჭრილი, რათა მსახიობის ხმას ყველაზე შორს მჯდომ მაყურებლამდეც ადვილად მიეღწია.
ნიღბების თეატრი ძველ საქართველოშიც არსებობდა და მას ბერიკაობა ერქვა. ეს ხალხური ტრადიცია  XX საუკუნის დასაწყისშიც კი ცოცხალი იყო, თუმცა ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ ხანაში წარმოიშვა. ცხოველთა ტყავში გამოწყობილი ნაბადქუდა ნიღბებიანი ბერიკები ამ წარმოდგენის მთავარი მოქმედი გმირები იყვნენ. ისინი სხვადასხვა პერსონაჟს, ცხოველს, ზოგჯერ კი უსულო საგნებსაც კი ასახიერებდნენ. წარმოდგენაში, როგორც წესი, მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობდნენ. ბერიკები ხშირად კარდაკარ დადიოდნენ, ზოგჯერ კი წარმოდგენა საგანგებოდ შერჩეულ მოედანზე იმართებოდა.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.