როგორ მოვაწყოთ სადგომი საქონლისთვის?

  • ihow.ge
  • აპრილი 7, 2016

ძროხის სადგომიმხვილფეხა საქონლის ზრდაგანვითარებასა და ნორმალურ ცხოველქმედებაზე მოქმედებს მრავალი ფაქტორი, რომელთა მავნე გავლენის გამო ქვეითდება ორგანიზმის გამძლეობა და იმუნიტეტი, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდა-განვითარებისათვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მათ შორის შენახვის პირობებია, რომელიც ისეთი უნდა იყოს რომ ცხოველზე არ მოახდინოს მავნე გავლენა, არ დააქვეითოს მისი ჯანმრთელობა და პროდუქტიულობა.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სადგომის მოსაწყობად შეიძლება გამოყენებული იქნეს სხვადასხვა სამშენებლო მასალები – აგური, ბლოკი, ხე. სადგომის იატაკი მიწის დონიდან უფრო მაღლა უნდა იყოს. შენობა უნდა იყოს ნათელი, ამისათვის მშენებლობის დროს სამხრეთ ან აღმოსავლეთ მიმართულებით ითვალისწინებენ 2-3 ფანჯრის ჩაშენებას (სადგომის ზომებიდან გამომდინარე, შეიძლება მათი რიცხვი გაიზარდოს), მათი სიმაღლე იატაკიდან 1,2-1,3 მ. ასეთი განლაგება ხელს უწყობს კარგ დღის განათებას და სადგომის გათბობას. ფანჯრები პერიოდულად უნდა იწმინდებოდეს. კარგი ბუნებრივი განათების მისაღწევად რეკომენდირებულია სადგომის დადგმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით (თუმცა ეს დამოკიდებულია თავად სადგომისათვის განკუთვნილი ნაკვეთის ან ტერიტორიის კონფიგურაციაზე).

საძროხის სიგრძე-სიგანეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ამიტომ მას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება სადგომის მშენებლობის ან ძველი შენობის გადაკეთების პროცესში. ერთ სულ ძროხაზე სადგომი უნდა იყოს მინიმუმ 2X3 მ ფართობის, უკეთესია 3X3 მ, სადგომის სიმაღლე არა ნაკლებ 2,5 მ. ერთ სულ ძროხაზე და მის ხბოზე სადგომის ფართი არა ნაკლებ 10 მ2 . გასასვლელი კარის სიგანე 1,2-1,5 მ. სადგომის არასწორი განლაგება იწვევს შენახვის პროცესში საქონლის დაბინძურებას, სახსრების, ცურის დაზიანებას და სხვა სახის ტრავმებს. უშუალოდ ერთი სულისათვის განკუთვნილი სადგომის ოპტიმალური სიგანე 1,2 მ-ია, სიგრძე (ე.ი. მანძილი საკვებურის წინა მხრიდან, სანაკელე არხამდე) დამოკიდებულია თავად ძროხის სიგრძეზე და დაბმის სახეზე, მაგრამ იგი უნდა იყოს არანაკლებ 1,7 მ-ისა. იატაკის დახრის კუთხე 2-30, იატაკად გამოიყენება ხე ან ბეტონი. ხის იატაკი არის ერთ-ერთი საუკეთესო, თუმცა სამწუხაროდ მისი ექსპლოატაციის პერიოდი ხანმოკლეა, 3-5 წელი. სანაკელე არხის ოპტიმალურ ზომებად მიჩნეულია სიგანე 22-25 სმ, სიღრმე 10-12 სმ.

საკვებურები არ უნდა იყოს მიბჯენილი კედელზე. სუნთქვის დროს ცხოველები გამოყოფენ დიდი რაოდენობით ტენს, რომელსაც ისრუტავს კედლები, შემდეგ წარმოიქმნება კონდენსატი, რაც საბოლოო ჯამში იწვევს შენობის დანესტიანებას. ტრავმირების თავიდან აცილების მიზით, საკვებური დამზადებული უნდა იქნას გლუვი ხის მასალისგან, ზომებით; სიმაღლე 30-35 სმ, სიგანე 45 სმ, სიგრძე 1 მეტრი და მეტი.

ძროხის სახლი

სადგომში მაქსიმალური სისუფთავის დასაცავად მიმართავენ ქვეშსაფენის გამოყენებას. (დაბინძურებული გარემო ხელს უწყობს მავნე მიკროფლორის განვითარებას). ქვეშსაფენი ემსახურება სადგომში თბური რეჟიმის დაცვას, საქონლის გარე საფარველის, მეწველი საქონლის ცურებისა და თავად სადგომის სისუფთავეს.

სადგომში ქვეშსაფენად გამოიყენება ერთწლოვანი კულტურების ნამჯა, ნახერხი, ტორფი, ხავსი. ქვეშსაფენი უნდა პასუხობდეს გარკვეულ მოთხოვნებს: იყოს მშრალი, მსუბუქი, რბილი, ნაკლებად სითბოგამტარი. ტენტევადი და ჰიგროსკოპული, დაობებისა და შხამიანი მცენარეების მინარევების გარეშე, უნდა შეიცავდეს რაც შეიძლება ნაკლებ სარეველების თესლებს.

უფრო ფასეულ ქვეშსაფენად ითვლება ის მასალები, რომელთაც ზემოთჩამოთვილი თვისებების გარდა გააჩნიათ ჰაერიდან უსიამოვნო სუნის გაზების შთანთქმისა და ბაქტერიციდული მოქმედების უნარი. ყველაზე საუკეთესოდ ითვლება საშემოდგომო მარცველული კულტურების ნამჯა და ტორფი. ნამჯა გამოყენების წინ უკეთესია დაქუცმაცდეს 10-15 სმ სიგრძის ნაჭრებად. დაუშვებელია ქვეშსაფენის ზედმეტად დატენიანება და დაბინძურება. სველი და ჭუჭყიანი საფენი 20-30 %-ით ამცირებს ყოველდღიურ ნამატს, ზრდის საკვების დანახარჯებს.

სადგომში აუცილებლად უნდა იყოს ვენტილაცია. ამისათვის ჭერში აკეთებენ შახტას, სადაც ეწყობა სავენტილაციო მილი ფიცრებისაგან. ფიცრების სიგანე 50-60 სმ, ხოლო კვეთაში 15-20X15-20 სმ. მილის ქვემოთა ნაწილი გაყოფილია ორი ტიხრით. სახურავს მილი უნდა ასცდეს 50-60 სმ-ზე, რომ დაცული იყოს ქარისაგან.

იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც განაპირობებენ პირუტყვის დაავადებებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მიკროკლიმატი. მიკროკლიმატი წარმოადგენს საქონლის სადგომის შიგნით ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორების ერთობლიობას. მიკროკლიმატის ცვლილებებზე შეიძლება გავლენა მოახდინოს კლიმატურმა ფაქტორებმა, შენობის კონსტრუქციამ, ვენტილაციამ, კანალიზაციამ, სითბომ და ტენგამტარობამ, ჰაერის მიმოცვლის დონემ, განათებამ, პირუტყვის განლაგების სიხშირემ და სხვა.

მიკროკლიმატის ნორმიდან გადახვევა აუარესებს პირუტყვის საერთო მდგომარეობას და ქმნის ხელსაყრელ პირობებს დაავადებათა განვითარებისათვის. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჰაერში მავნე აირების შემადგენლობას, მიკროფლორას, ტემპერატურას, ტენიანობას, ჰაერის მოძრაობას და სხვა.

მავნე აირებად მიჩნეულია:

  • ნახშირორჟანგი
  • ამიაკი
  • გოგირდწყალბადი
  • მხუთავი აირი

ნახშირორჟანგი უფერო, უსუნო, მომჟავო გემოს აირია. სადგომში მისი ძირითადი წყაროა ცხოველების ამონასუნთქი ჰაერი. იგი წარმოიქმნება ცხოველის ორგანიზმის ქსოვილებში ჟანგვითი პროცესების დროს. პირუტყვის ხანგრძლივად ყოფნა არავენტილირებულ შენობაში, სადაც ნახშირორჟანგის შემცველობა ნორმაზე მეტია, ხშირ შემთხვევაში იწვევს შეუქცევად პათოლოგიურ პროცესებს.

გოგირდწყალბადი ძლიერ შხამიანი აირია: წარმოიქმნება გოგირდშემცველი ამინომჟავების ცილების ხრწნის დროს, რომელიც დიდი რაოდენობითაა იმ სადგომში, სადაც სანიტარული მდგომარეობა დაბალია. გოგირდწყალბადი ორგანიზმში შეიწოვება ფილტვებით და ზედა სასუნთქი გზებით. თუ ჰაერში მისი შემცველობა 0,015 მგ/ლ-ზე მეტია, ეს უკვე საშიშია პირუტვისა და ადამიანის ჯამრთელობისათვის.

ძროხა

ამიაკი უფერო, მძაფრი სუნის მქონე შხამიანი აირია. იგი წამოიქმნება აზოტის შემცველი ნივთიერებების ხრწნით. დიდი რაოდენობით გროვდება იმ შენობებში სადაც თავის დროზე არ ხდება ნაკელისა და დაბინძურებული ქვეშსაფენის გატანა, ხოლო ვენტილაცია არარეგულარულად და არასწორად ტარდება.

მხუთავი აირი ძლიერ შხამიანია, როგორც ცხოველებისათვის, ასევე ადამიანებისათვის. სადგომში გროვდება შიგა წვის ძრავის აგრეგატების (ტრაქტორები და სხვა) დიდი ხნით მუშაობით. პირუტყვი ჩაისუნთქვას რა მხუთავ აირს, იგი უერთდება ჰემოგლობინს და ბოჭავს მას, რაც აფერხებს ჟანგბადის მიწოდებას ქსოვილებისათვის. სადგომში დიდი რაოდენობით დაგროვებისას კი შეიძლება ცხოველები გაიგუდონ.

სადგომის შიგნით აყენებენ მსუბუქ ტიხრებს, ხბოებს ათავსებენ მცირე ფართბზე, ცალკე. ოპტიმალური ტემპერატურა სადგომში 8-10 გრადუსია, ასეთ პირობებში საქონელი ნაკლებად ხარჯავს ენერგიას თბორეგულაციაზე და უკეთესად იყენებს საკვებს წონამატისა და რძის საწარმოებლად. შენობა რეგულარულად უნდა ნიავდებოდეს მაგრამ არ უნდა იყოს ორპირი ქარი.

ცუდი ვენტილაციის პირობებში, სუნთქვის პროცესში ძროხა დღეღამეში გამოყოფს 8-12 კგ ორთქლს, შენობის შიგნით სწრაფად გროვდება ტენი. ამავდროულად ძროხა გამოყოფს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგსაც. ორივე ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს ცხოველის ჯამრთელობაზე, განსაკუთრებით ზამთარში. უფრო მეტად ავადდებიან ხბოები.

წელიწადში ერთი ძროხა იძლევა 10 ტ-მდე ნაკელს, რომელიც ძვირფასი ორგანული სასუქია. მცირე ოჯახური მეურნეობის პირობებისათვის საკმარისი იქნება სანაკელე ორმოს მოწყობა 2,5X2,5 მ, სიღრმე 0,5 მ. სანაკელე ორმო უნდა იყოს სადგომის კედელთან ახლოს. ნაკელს აგროვებენ ფენებად 1-2 მ სიმაღლით, შემდეგ აფარებენ 10-15 სმ-ის სისქის ნამჯას ან ტორფს. ნაკელს შენახვის ერთერთი აუცილებელი პირობაა მისი დატკეპვნა და დაცვა ატმოსფერული ნალექებისაგან. ასეთ პირობებში იგი მაქსიმალურად ინარჩუნებს მასში შემავალ სასარგებლო ნივთიერებებს. დაუშვებელია ნაკელის დაუტკეპნავად და გაშლილად დაყრა, ასეთ შემთხვევაში ხდება მასში შემავალი ნივთიერებების დაკარგვა და იგი გვევლინება გარემოს დამაბინძურებლად.

სადგომის წინ უნდა მოეწყოს სასეირნო ადგილი 20-30 მ2. ასეთ ადგილზე სიმშრალის შესანარჩუნებლად მიმართავენ ქვეშსაფენის გამოყენებას, რომელსაც დროდადრო ამატებენ ნამჯას.

საქონლის აცრა

ასევე ერთგვარ დამატებად გთავაზობთ საქონლის აცრის კალენდარს

წინა «
შემდეგი »