როგორ მოვემზადოთ გამოცდებისთვის ეფექტურად?

  • Luka
  • აპრილი 22, 2014

სწავლაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ახლოვდება გამოცდების ჩაბარების დროც, რაც ბევრისთვის ნერვიულობასთან და სტრესთან ასოცირდება. რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რას უნდა ავარიდოთ თავი, როგორ დავგეგმოთ დრო სწორად და ავიმაღლოთ მოტივაცია გამოცდების ჩაბარებამდე? ამ ყველაფერს შეიტყობთ მოცემულ სტატიაში.

პირველ რიგში უნდა ვიპოვოთ ის ღირებულება, რისთვისაც მოგვინდება არამარტო გამოცდების ჩაბარება, არამედ სწავლაც, უნდა ვიპოვოთ მოტივი.
პირველი მოტივი არის ინტერესი მოცემული საგნის მიმართ. შეეცადეთ მოიცილოთ თავიდან ფიქრი იმაზე, რომ მასალა მოსაწყენია. თუ იპოვით ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია თქვენი საგნით და დაელაპარაკებით მას, ინტერესი თქვენც გადმოგედებათ. გადაავლეთ თვალი მასალას და დაიწყეთ სწავლა იმითი, რაც ყველაზე მეტად დაგაინტერესებთ.
მეორე მოტივი – წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ გამოცდას ვერ ჩააბარებთ და მთელი ზაფხულის, თავისუფალი დროის გატარება ისევ წიგნებთან და მასწავლებლებთან მოგიწევთ. შესაძლებელია ამან გიბიძგოთ სწავლისაკენ. შემდეგ ყოველი პარაგრაფის, შესრულებული დავალების შემდეგ გაუკეთეთ საკუთარ თავს პატარა საჩუქრები.
მესამე მოტივი – გეგმის შედგენა. თუ თქვენ მოგწონთ ყველაფრის კონტროლი, მაშინ შეადგინეთ სასწავლი საგნების, ტექსტების, პარაგრაფების გეგმა და ცხრილი. შესრულებული დავალებების გვერდზე “პწიჩკების” დასმა თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესი იქნება.
მეოთხე მოტივი – თუ თქვენ კომუნიკაბელური ნატურა ხართ და თქვენთვის ოთხ კედელს შუა მარტო მეცადინეობა ნამდვილი ჯოჯოხეთია, სამოთხის მოწყობა არაა ძნელი – იმეცადინეთ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც თქვენთან ერთად აბარებენ გამოცდებს და უყვართ ურთიერთობა.
მეოთხე მოტივია ინტერესი სიძნელეებისადმი. არიან ადამიანები, ვისაც სიამოვნებას ანიჭებს სირთულეების გადალახვა და ეს პროცესი ყველაზე საინტერესოა მათთვის. ასეთი პიროვნებებისთვის უმჯობესია სწავლის დაწყება ყველაზე რთული მასალით. ხანდახან კარგია საკუთარ თავზე გაბრაზებაც: <ნუთუ მე იმდენად სუსტი ვარ, რომ ვერ შევძლებ ამ ქიმიის სწავლას?! დაჯექი და ისწავლე!>

აუხსენით საკუთარ თავს, თუ რისთვის გჭირდებათ ეს ყველაფერი

ყველა მოტივი იყოფა ორ კატეგორიად: შინაგანი და გარეგანი. თუ გარეგანი მოტივები (შექება, წახალისება და ა.შ.) არ იძლევიან დადებით შედეგებს, მაშინ საჭიროა საქმეში ჩავრთოთ შინაგანი მოტივები.
აუცილებელია გავიაზროთ, თუ რისთვისაა საჭირო გამოცდებისთვის მომზადება, რა დადებით შედეგს მოგვიტანს გამოცდის წარმატებულად ჩაბარება და რა მნიშვნელობა აქვს მას.
დაელაპარაკეთ იმ ადამიანს, ვინც უკვე ჩააბარა გამოცდები. ის მოგცემთ სასარგებლო რჩევებს და დაგეხმარებათ იმის გაცნობიერებაში, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ეფექტურად მომზადებას.
და ბოლოს და ბოლოს, დაჯექით და დაიწყეთ სწავლა. მაგრამ დრო? ვაგრძელებთ…

მეცადინეობადრო – მთავარი ხელმძღვანელი

სანამ დავიწყებთ უშუალოდ მასალის შესწავლას, საჭიროა სწორად დავგეგმოთ დრო. ამას დროის მენეჯმენტი ეწოდება. დროის დაგეგმვის მრავალი მეთოდი არსებობს, თქვენ უნდა შეარჩიოთ ისეთი, რომელიც ყველაზე კარგად შეგეფერებათ და შეუდგეთ მის 100%-იან განხორციელებას.
მაგალითად, გამოცდების ჩასაბარებლად გამოდგება ასეთი სქემა:
1. შეადგინეთ გეგმა თვეების, კვირეების და დღეების რაოდენობაზე დაყრდნობით.
მაგალითი: თვე – ისტორიაში მომზადება; კვირა – საქართველო დავით აღმაშენებლის და მისი მემკვიდრეების დროს; დღე – დავით აღმაშენებლის რეფორმები, საშინაო და საგარეო პოლიტიკა.

დროის დაგეგვმისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ დროის 40% უნდა გამოვყოთ გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის და უგუნებობისთვის.
მათ, ვისაც უყვართ ყველაფრის მკაფიოდ შესრულება, შეუძლიათ გაანაწილონ შესასრულებელი პუნქტები კალენდარში დღეების მიხედვით. უფრო სპონტანურ პიროვნებებს გამოადგებათ უბრალოდ დასახული გეგმა დღეების და რიცხვების გარეშე.
და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ საჩუქრის ჩანიშვნა, რომელსაც საკუთარ თავს აჩუქებთ გამოცდების წარმატებულად ჩაბარების შემდეგ. თქვენ ის დაიმსახურეთ.

2. განალაგეთ პრიორიტეტები.
არის ფორმულები, წესები, წლები, რომლების ცოდნაც სავალდებულოა. მათი დამახსოვრებაა საჭირო პირველ რიგში.
მაგალითად, თქვენ არ იცით ქიმიაში რეაქციების გათანაბრება (ან ელემენტების სიმბოლოები, ატომის აღნაგობა). ამის გარეშე გამოცდის ჩაბარება გაგიჭირდებათ, ამიტომ პირველ რიგში ამის სწავლა იქნება საჭირო.
ბოლოსთვის გადადეთ ისეთი მასალა, რასაც უბრალოდ წაკითხვა ან გადამეორება სჭირდება.

3. გეგმაში გაითვალისწინეთ დასვენებისთვის განკუთვნილი დრო.
არარსებობს ადამიანი, ვისაც შეუძლია 24 საათის განმავლობაში ყოველ დღე რაღაცის სწავლა. მინიმუმ 2 საათი დღეში უნდა გქონდეთ განკუთვნილი საყვარელი საქმიანობისთვის: მუსიკა, კინო, მეგობრები, სპორტი და სხვ.

4. უყურეთ საათს
ბევრს შველის 15 წუთიანი მუშაობის პრინციპი. ყველა დავალება, რაც დღის განმავლობაში გაქვთ შესასრულებელი, დაყავით პატარა ქვედავალებებად, რომელთა შესრულებას სჭირდება 15 წუთი.
მაგალითად, ზემოთხსენებული დავით აღმაშენებელი – პირველი 15 წუთი კითხვა და თქვენი ცოდნა უკვე გაფართოებულია, შემდეგ 15 წუთი სწავლა. თუ დასვენება გინდათ, დაისვენეთ 5 წუთით.

თავიდან შესაძლებელია ეს დამქანცველად მოგეჩვენოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში აუცილებლად იგრძნობთ ასეთი მუშაობის ეფექტს.
ამასთან, ფსიქოლოგები გვირჩევენ: თუ არ გინდათ რაიმეს კეთება, დაინიშნეთ დრო და დაკავდით ამ საქმით მხოლოდ 15 წუთი.

5. გახსოვდეთ, რომ შექმნილი გეგმა შეიძლება არ აღმოჩნდეს ისეთი სწორი, როგორიც თქვენ გეგონათ (ცოდნა აღმოგაჩნდათ იმაზე ნაკლები, ვიდრე გეგონათ, გადმოიტანეს გამოცდის თარიღი და ა.შ.).
სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის უნდა გამოყოთ დრო, რაზეც პირველ პუნქტში იყო საუბარი.
მაგალითად, თქვენ გაქვთ 15 დღე ქიმიის შესასწავლად. რაღაც იცით, რაღაც არა. გეგმა უნდა დასახოთ 9 დღეზე. დარჩენილი 6 დღე კი იქნება ის 40%, რაშიც შედის გაუთვალისწინებელი შემთხვევები და გეგმის ”გარეთა” მოვლენები.

და გახსოვდეთ, რომ ადამიანების მხოლოდ 20% ახორციელებს გეგმას დასახულ დროში. დანარჩენ 80%-ს კი არ აქვს გამოყოფილი დრო ყოველი შემთხვევისთვის.

როგორ ვისწავლოთ ხარისხიანად, სწრაფად და მხიარული განწყობით

გამოცდის წინ დიდი რაოდენობის მასალის დამახსოვრება ძალიან ძნელია, თუ გამოვიყენებთ უბრალოდ დაზეპირების ხერხს. ჯერ კიდევ იულიუს კეისარი ფლობდა ისეთ მეთოდებს, რომლებიც ეხმარებოდნენ მას საჭირო დროს საჭირო ინფორმაციის დამახსოვრებაში და გახსენებაში. მისი დაზეპირება და მრავალჯერ გამეორება არაა საჭირო. ტრადიციული კონსპექტირების, ამონაწერების და დაზეპირების გარდა არსებობს სხვადასხვა მეთოდები, რომლებსაც ფსიქოლოგიის სპეციალური დარგი – ეიტედიკა (ეიდეტიკა, ინგლ. eidetic, effective memory techniques, ტერმინს ჩვენს შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არა აქვს, გამოვიყენოთ ეიტედიკა) შეისწავლის.
იმისათვის, რომ ამ სფეროში ძალიან ღრმად არ ჩავეფლოთ, უნდა ავღნიშნოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი:

1. ეიტედიკა ეხმარება ადამიანს ასოციაციების და გამოსახულების წარმოდგენით დაიმახსოვროს ნებისმიერი მასალა. იგი ანვითარებს მახსოვრობის სპეციფიკურ სახეს. ადამიანს, რომელსაც განვითარებული აქვს მახსოვრობის ეს ტიპი, იმახსოვრებს უფრო მეტს, ვიდრე ადამიანი, რომელიც უბრალოდ იზეპირებს.
2. ამ გზით დამახსოვრებული მოვლენები რჩება მეხსიერებაში თვეების, წლების და ზოგჯერ მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
3. ამ მეთოდით სწავლა გაცილებით მარტივი და საინტერესოა, ვიდრე დაზეპირება.
4. და რაც მთავარია, ეიტედიკის დახმარებით ვხარჯავთ გაცილებით ნაკლებ დროს, ვიდრე საჭიროა დაზეპირებისთვის და შემდგომი გადამეორებისთვის.

არსებობს მასალის დამახსოვრების 20-ზე მეტი ეიტედიკის მეთოდი. ყველას შეუძლია აირჩიოს ისეთი, რომელიც უფრო აინტერესებს და უადვილდება.

ეიტედიკადამახსოვრების მეთოდები

იმის ახსნა, თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის მეთოდი, ძალიან ძნელია მაგალითების გარეშე. იმისათვის, რომ მკითხველმა უკეთ გაიგოს მეთოდის არსი, შევეცდებით მოვიყვანოთ ყველაზე გავრცელებული დამახსოვრების ხერხები, რომლის საფუძველზეც თქვენ დამოუკიდებლად მოიფიქრებთ საკუთარ ვარიანტებს ტექსტების, უცხოური სიტყვების, წესების, ფორმულების, ლექსების და ა.შ. დასამახსოვრებლად.

1. ლოგიკური ჯაჭვი
თუ თქვენ მიეკუთვნებით ადამიანთა იმ კატეგორიას, რომლებსაც უადვილდებათ ლოგიკასთან მუშაობა წარმოსახვასთან და ფანტაზიასთან შედარებით, მაშინ რიცხვების დამახსოვრება შეგიძლიათ ასე:
აფრიკის ყველაზე დიდი ყურე: გვინეის, 753 ათასი კვ.კმ. ფართობის დასამახსოვრებლად გაიაზრეთ, რომ თითოეული ციფრი წინისგან განსხვავდება 2-ით.
სამხრეთ ამერიკის ყველაზე მაღალი ჩამქრალი ვულკანი: ჩიმბორასო, 6262მ. აქაც წარმოიდგინეთ, რომ 6-ს ჯერ აკლებთ, შემდეგ უმატებთ და ისევ აკლებთ 3-ს, ან უბრალოდ 62 და 62.
თქვენ შეგიძლიათ მოიფიქროთ თქვენთვის სასურველი და მარტივად აღსაქმელი ლოგიკური მიმდევრობა.

ფიქრი2. ვიზუალური წარმოსახვა
მაგალითად, ისევ გეოგრაფია: ევროპის ყველაზე გრძელი მდინარე: ვოლგა (3700კმ.) თუ სახელის დამახსოვრება გინდათ, წარმოიდგინეთ, რომ მდინარე გატენილია რუსეთში ერთ დროს პოპულარული ავტომანქანებით – ვოლგებით.
ან კიდევ აფრიკის ყველაზე დიდი ტბა: ვიქტორია, 69215კვ.კმ. წარმოიდგინეთ აფრიკაში მყოფი ვინმე ვიქტორია, ძალიან დიდ ტბაში, ნავში 69 პოზაში (იმედია მიხვდით) და 215 როგორც უბრალო რიცხვი.
აუცილებელი გადახვევა: ეიტედიკაში შეიძლება და აუცილებელია ფანტაზია, რაღაც არარეალურის წარმოდგენა. აქ შედის ბავშვობის ოცნებები, ზღაპრული და არალოგიკური შესაძლებლობები და მოვლენები. მოკლედ, არანაირი შეზღუდვა. ეს მხოლოდ თქვენი მეხსიერებაა და მარტო თქვენ იცით, როგორი წარმოსახვით დაიმახსოვრებთ მოვლენებს, მათი დიდი ხნით დამახსოვრების მიზნით.

3. გრძნობათა ორგანოების გამოყენება
თუ გინდათ დაიმახსოვროთ რაიმე ფორმულა, სიტყვა, თარიღი, სცადეთ დაწეროთ ისინი ფურცელზე დიდი ასოებით, გააფერადოთ, ამოჭრათ ან გამოძერწოთ პლასტელინისგან, გამოსახოთ ფერადი ფანქრებით, ამოკაწროთ რაიმე ფიცარზე და ა.შ. დასაწყისისთვის ამის გაკეთება აუცილებელია რეალურად, შემდეგ მხოლოდ წარმოსახვაში. თუ შეიგრძნობთ მასალას, იგრძნობთ მის გემოს, სუნს, იგი დიდი ხნით ჩაჯდება მეხსიერებაში.

4. ტექსტების სწორად წაკითხვა
პარაგრაფის წაკითხვის შემდეგ მისი ეფექტურად დამახსოვრება შეიძლება შემდეგი მეთოდით – ორიენტირება, წაკითხვა, მიმოხილვა, მთავარი.
პრაქტიკაში ზემოთხსენებული ასე გამოიყურება: პირველ რიგში საჭიროა თვალი გადავავლოთ პარაგრაფს, ტექსტს, ანუ მოვახდინოთ ორიენტაცია. ამას რამდენიმე წუთი დასჭირდება. შემდეგ – წაკითხვა, ღრმა გააზრება, ანალიზი და მიმოხილვა. ბოლოს მთავარი აზრის გამოტანა.

ბოლოს კიდევ ერთხელ ავღნიშნოთ, რომ მთავარია გასაქანი მივცეთ საკუთარ ფანტაზიას, იუმორის შეგრძნებას და წარმოსახვის უნარს.

ძილიბაზა

დაიმახსოვრეთ, რომ ადამიანს პირველ რიგში ესაჭიროება კვება, მოძრაობა და ძილი. თუ ამაში თავს შეიზღუდავთ, თქვენი შესაძლებლობა ეფექტურად მომზადებაში დიდად შემცირდება. მომზადებისას სრულფასოვნად იკვებეთ, იძინეთ არანაკლებ 6-7 საათისა, ივარჯიშეთ, ისეირნეთ, გაერთეთ მეგობრებთან ერთად.
როდესაც მეცადინეობას შეუდგებით, გაითვალისწინეთ, რომ სამუშაო ადგილი თავისუფალი უნდა იყოს არასაჭირო ნივთებისგან. გადაიტანეთ ის წიგნები, რომლებიც ამ მომენტში არ გჭირდებათ, დაალაგეთ ოთახი. რაც უფრო მეტი აურზაური იქნება, მით უფრო დიდი იქნება ფსიქიკური დატვირთვა.
სასურველია თქვენი ხედვის არეალში იყოს საჭირო ნივთების მინიმუმი და ნივთი, რომელიც გაიმედებთ და სიამოვნებას განიჭებთ.

შედეგიშედეგი

თუ თქვენ გაიაზრებთ ზემოთ მოყვანილ რჩევებს და რაც მთავარია, გამოიყენებთ პრაქტიკაში, თქვენ ჩააბარებთ გამოცდას. თუ ვერ გაიაზრებთ, მაინც ჩააბარებთ, ოღონდ მეტი ძალისხმევის შედეგად.
ბოლოს, ჩვენ გვაქ მომზადების 3 ეტაპი:

1. მოტივაცია და განწყობა. იმის გააზრება, თუ რატომ უნდა ისწავლოთ და როგორ;
2. დროის მართვა. დროის მენეჯმენტის ძირითადი პრინციპების დაცვით თქვენ გაზრდით მომზადების სისწრაფეს;
3. დამახსოვრება. ეიტედიკის მეთოდების გამოყენებით თქვენ ეფექტურად დაიმახსოვრებთ მასალას . ამასთან, ეს პროცესი გახდება საინტერესო და გასართობი საქმიანობა.

წინა «
შემდეგი »