როგორ მოვიყვანოთ გოგრა?

  • ihow.ge
  • თებერვალი 13, 2018

გოგრაგოგრის სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა, ევროპაში ის გამოჩნდა XVI საუკუნეში. გოგრა ბალახოვანი მცენარეა, გრძელი მხვიარა ღეროთი. მისი ფესვთა სისტემა მთავარღერძიანია. ნიადაგში 2 – 3 მეტრამდე აღწევს, მაგრამ ძირითადი ფიზიოლოგიურად აქტიური ნაწილი განთავსებულია სახნავ ფენაში. ფოთლები დიდია 12-30 სმ, ღეროზე მორიგეობით განლაგებული, რომელთა იღლიებში ჩნდება ულვაშები (ბწკალები), რომლებიც ეჭიდებიან ნიადაგს ან სხვა რაიმე ზედაპირს და ამით ზრდიან მცენარის მედეგობას ქარისადმი. ყვავილი დიდია, ნარინჯისფერი ან ყვითელი.

ერთ მცენარეზე გვხვდება როგორც მდედრობითი ასევე მამრობითი ყვავილებიც. აღმოცენებიდან 40-50 დღის შემდეგ მცენარეზე პირველი ჩნდებიან მამრობით ყვავილები, რამდენიმე დღის შემდეგ კი მდედრობითი. ყვავილები იშლებიან დილის საათებში, მათ დამტვერვას ხელს უწყობენ სხვადასხვა მწერები – ფუტკრები, ბზიკები, ხოჭოები და სხვა. უკეთესი დამტვერვა ხდება 12-15°C პირობებში.

გოგრის ნაყოფი მრავალთესლაა. არსებობს შეფერილობის, ფორმების და ჯიშების დიდი მრავალფეროვნება. მსხვილნაყოფა და სქელქერქიან ტიპებს ნაყოფები უმეტესად მომრგვალო ფორმის აქვთ, თესლები მოქცეულია ნაყოფის ცენტრალურ ნაწილში. წაგრძელებულ ნაყოფებში (მუსკატური გოგრა) თესლები კონცენტრირებულია ერთ ბოლოში.

ყვავილობა და მსხმოიარობა თითქმის თანადროულია, როდესაც მცენარეზე წარმოიქმნება ნაყოფების გარკვეული რაოდენობა, ყვავილობა წყდება. ნასკვებს რომლებსაც არ ყოფნით ტენი და საკვები ნივთიერებები ცვივა. რაც მეტი ნაყოფია მცენარეზე მით ნელა იზრდება ის.

დამოკიდებულება გარემო პირობებისადმი

გოგრა სინათლისა და სითბოს მოყვარული კულტურაა. მისი ზრდა განვითარებისათვის ოპტიმალურია 20°C. 9-11°C პირობებში თესლები ძალიან ნელა ან სულ არ ღვივდებიან, მაგრამ არ კარგავენ აღმოცენების უნარს. ზრდის დასაწყისში ის უძლებს ტემპერატურის ხანმოკლე ვარდნას 10-12°C, მაგრამ ხანგრძლივი დაბალი ტემპერატურების დროს ფესვები ნელა შეითვისებენ ნიადაგიდან საკვებ ნივთიერებებს, ხოლო 6°C და ქვევით მცენარე ყვითლდება და ჭკნება.

გოგრა შედარებით გვალვა ამტანი მცენარეა. წყლისადმი განსაკუთრებით მომთხოვნია ივლის-აგვისტოში. შედარებით კარგად იტანს გრუნტის წყლების სიახლოვეს. გოგრისათვის არჩევენ შედარებით ფხვიერ, კარგად დრენირებულ, ნოყიერ ნიადაგებს. ოპტიმალური მჟავიანობა (pH 6,5-7,5). მცენარე კარგად რეაგირებს ორგანული სასუქის მაღალ დოზებზე.

მისთვის კარგი წინამორბედები არიან ხახვი, კარტოფილი, პარკოსნები და კომბოსტო. წინამდებარე ნაკვეთზე გოგრა უნდა დაბრუნდეს 4 წლის შემდეგ. გოგრისათვის ნიადაგს ხნავენ შემოდგომაზე 25-27 სმ სიღრმეზე. გაზაფხულზე მიმართავენ ნიადაგის კულტივაცია – მოსწორებას. ორგანული სასუქი შეაქვთ ნიადაგის ზედა 12-15 სმ-ის ფენაში (მძიმე ნიადაგებზე 15-18 სმ), ძირთადი დამუშავების წინ ან ადრე გაზაფხულზე.

გოგრა ადვილად იტანს ნიადაგის შედარებით მაღალ მარილიანობასაც, მაგრამ აერაციის ნაკლებობა და დაბალი ტემპერატურები მკვეთრად არღვევს მცენარეთა კვების რეჟიმს.

ჯიშები და ტიპები

წარმოებაში გავრცელებულია სამი სახეობის გოგრა:

მსხვილნაყოფა წარმოშობით ამერიკის ცენტრალური რაიონებიდანაა, აქვს დიდი ზომის ნაყოფები, ზოგიერთი ეგზემპლიარი წონით 90 კგ აღწევს. აქვს ბოჭკოვანი, ფხვიერი შიგთავსი. იგი გოგრის სახეობებს შორის ყველაზე სიცივეგამძლეა, ახასიათებს გრძელი სავეგეტაციო პერიოდი ვიდრე სქელკანიან ტიპებს. გამოირჩევა კარგი შენახვისუნარიანობით, გემოვან თვისებებს ინარჩუნებს 10 თვემდე.

გოგორა_მინდორში

ჩვეულებრივ ანუ სქელკანიან გოგრას, სხვა სახეობებთან შედარებით აქვს შედარებით მცირე ზომის ნაყოფები, გამოირჩევა მალმწიფადობით. კარგად ინახება, მაგრამ შედარებით ნაკლებ მოსავლიანია. იგი წარმოშობით ცენტრალური ამერიკის მთიანი რაიონებიდანაა, ამიტომ შედარებით კარგად იტანს ტემპერატურათა მკვეთრ ცვალებადობას და შედარებით ნაკლებად არის სითბოს მომთხოვნი. ჯიშების უმეტესობა მრგვალია, ელიფსური ფორმის ნაყოფებით, აქვს ყვითელი ან ნარინჯისფერი შეფერილობა. ნაყოფების მასა 3-7 კგ, შეიცავენ 5-10 % შაქარს, 9-10 მგ % ვიტამინ C-ს და კაროტინს.

მუსკატის გოგრა, წარმოშობით ამერიკის ტროპიკული რაიონებიდანაა, ნაყოფი მცირე ზომის წაგრძელებულია. მას უმეტესად ცხელი კლიმატის ქვეყნებში აწარმოებენ.

დათესვა და კვება

დასათესად არჩევენ მსხვილ თესლებს. მიმართავენ პირდაპირ ღია გრუნტში თესვას ან ჩითილების გამოყვანას. გრუნტში გოგრა ითესება როდესაც ნიადაგი 10-12 სმ-ი სიღრმეზე გათბება 10-11°C ხოლო ჰაერი 15°C. მსხვილი კონდიციის თესლებს შედარებით მძიმე ნიადაგებზე თესავენ 4-5 სმ-ის სიღრმეზე, ხოლო მსუბუქი მექანიკური შემადგენლობის ნიადაგებზე 8-10 სმ.

მცენარეთა კვების არედ ითვალისწინებენ 1,5X0,75-1 მ, 1,4-1 მ, 1,4X2, 2X2 მ. თითო ბუდნაში ათავსებენ 2-3 მარცვალს, რომლებიც ერთმანეთისაგან 3-4 სმ-თაა დაშორებული. ნათესის მოვლა მოიცავს ნიადაგის გაფხვიერებას, სარეველების მოცილებას. ნიადაგის პირველ გაფხვიერებას ატარებენ მცენარეთა აღმოცენებისთანავე 6-7 სმ სიღრმეზე. შემდეგ საჭიროების მიხედვით. ვეგეტაციის პერიოდში მიმართავენ მცენარეთა რამდენიმეჯერად გამოკვებას. პირველ გამოკვებას ატარებენ ამოსვლიდან ან გადარგვიდან 3 კვირის შემდეგ, მცენარის ძირებში 6-8 სმ სიღრმეზე შეაქვთ ამონიუმის გვარჯილა 10-15 გრ ერთ ძირზე, ან მიმართავენ წუნწუხის შეტანას (ქათმის სკორე იხსნება წყალში თანაფარდობით 1:10; ხოლო საქონლის 1:4) კვებას იმეორებენ კვირაში ერთხელ. თითო ბუდნაში შეაქვთ 1 ლიტრი საკვები ხსნარი. ზოგჯერ ამ ნარევს უმატებენ მინერალურ სასუქებსაც. პირველი გამოკვების დროს წუნწუხი შეაქვთ მცენარიდან 20 სმ-ის დაშორებით 6-8 სმ სიღრმეზე. გრილ რეგიონებში მცენარეზე 5-7 ნასკვის წარმოქმნისას მიმართავენ მცენარეთა ზრდის წერტილების წაჩქმეტას. ნაყოფის ზემოთ 5-6 ფოთლის დატოვებით.

მოსავლის აღება

გოგრის მოსავალს იღებენ წაყინვების დადგომამდე. სიმწიფის ნიშნად ითვლება ყუნწის (ნაყოფსაჯდომის) გამერქნება. თუკი ნაყოფის კანი ფრჩხილით არ იჭყლიტება, იგი მწიფეა. ნაყოფებს ფრთხილად ჭრიან, ყუნწების დაზიანებისა და დამტვრევის გარეშე. ახარისხებენ ზომების მიხედვით, ათავსებენ და აშრობენ მზეზე 8-10 დღის მანძილზე, შემდეგ გადააქვთ შესაბამის სათავსოში ხანგრძლივი შენახვისათვის.

თუ ამ პერიოდში ღამე დაბალი ტემპერატურებია, მაშინ ნაყოფებს ფარავენ ნამჯით, ბრეზენტით ან რაიმე საფარველით. წვიმიან ამინდებში ნაყოფებს ათავსებენ ფარდულში, რათა გამოშრნენ და გამაგრდნენ. ხანგრძლივი შენახვისათვის რეკომენდირებულია შესაბამისი ჯიშები, რომლებიც გამოირჩევიან სახამებლის მაღალი შემცველობით. შენახვის პერიოდში სახამებელი ჰიდროლიზდება, რის შედეგადაც ნაყოფში იზრდება შაქრების შემცველობა.

შესანახად არჩევენ მომწიფებულ, ჯანმრთელ დაუზიანებელ ნაყოფებს, რადგან მოუმწიფებელი და დაავადებული ნაყოფები აფუჭებენ ჯანსაღ ნაყოფებსაც. შესანახ სათავსოში ცდილობენ დაიცვან 3-8°C, მაგრამ არა უმეტეს 10°C-სა, ხოლო ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 60-75 %. ნაყოფებს ალაგებენ სტელაჟებზე ან თაროებზე, ყუნწით ზევით, ისე რომ ისინი არ ეხებოდნენ ერთმანეთს. ხანგრძლივი შენახვის წინაპირობაა სათავსოს ვენტილირება და მზის სხივებისგან დაცვა.

სტელაჟების გარდა გოგრას ინახავენ ხის ყუთებში, ან ბურტებში, რომელიც ამოფენილია ჩალით. შენახვის ხანგრძლივობა 6-8 თვე.

გოგროვანთა ოჯახის მავნებლები, დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები

ბაღჩეულ კულტურებს მრავალი მავნებელდაავადება ჰყავს, რომლებიც მასობრივი გავრცელებისას დიდ ზიანს აყენებს მას. მკვეთრად მცირდება მოსავლიანობა, უარესდება პროდუქციის ხარისხი.

მავნებლებიდან აღსანიშნავია: მახრა, ბაღჩის ბუგრი, ჭრიჭინები, ნესვის ბუზი, აბლაბუდა ტკიპა.

დაავადებებიდან: ნაცარი, ანთრაქნოზი, ჭკნობა, ნესვის თეთრი სილაქავე და სხვა.

მახრა ანუ ბოსტანა დიდ ზიანს აყენებს ნესვს, საზამთროს, გოგრას და სხვა მცენარეებს. აზიანებს ახლადაღმოცენებულ მცენარის ღეროს და ფესვებს. მაგრამ განსაკუთრებით საშიშია თესლის აღმოცენებამდე, რადგან ის დიდი რაოდენობით ანადგურებს როგორც გაუღვივებელ, ისე გაღვივებულ თესლს. მახრა ღრღნის ახალგაზრდა მცენარის ღეროს და იწვევს მის ხმობას.

გოგრის მღრღნელები

ბრძოლის ღონისძიებები: უმთავრესად იყენებენ მოშხამულ მისატყუებელ მასალას. ეს წესი კარგ შედეგს იძლევა ადრე გაზაფხულზე მახრას გამოზამთრებისთანავე, რადგან ის ამ პერიოდში საკვებით უზრუნველყოფილი არ არის და მისატყუებელს ხარბად ეტანება. ამიტომ თესვამდე 7-10 დღით ადრე შეაქვთ ნიადაგში 3-4 სმ სიღრმეზე, ფარცხით ან კულტივატორით, მიმართავენ ასევე მის ხელით მობნევას საღამოს საათებში. ღონისძიებას იმეორებენ 10-14 დღის შემდეგ. მისატყუებლად იღებენ ქატოს, სიმინდის ან ხორბლის დაღერღილ მარცვალს, კოპტონს, რომელსაც ხსნიან რომელიმე ინსექტიციდ დამატებულ წყალში (კარატე, აქტარა, ბი-58, ნურელ-დე და სხვა. 10 ლიტრ წყალში იხსნება 20-25 მლ პრეპარატი, ნარევს უმატებენ მცენარულ ზეთს – 100-200 მლ და ღერილს ან კოპტონს, ბნევადი კონდიციის მიღებამდე). წვეთოვანი სისტემის არსებობის შემთხვევაში მიმართავენ ნიადაგის მორწყვას, ხოლო შემდეგ სარწყავ წყალში ინსექტიციდების შერევას და მიწოდებას მცენარეთა ძირებში.

ველის ჭრიჭინა ეს მავნებელი ყველაზე დიდ ზიანს აყენებს ბაღჩეულ კულტურებს. ზრდასრული ჭრიჭინას სხეული და თავი მოშავო-მკრთალი ფერისაა, თვალებს შორის მკრთალი გარდიგარდმო ზოლები გააჩნია, მუცლის ქვედა მხარეს. კან ბარძაყები და წვივები ხშირად ბეწვითაა დაფარული. ცხოვრობს მიწაში (სოროებში) გაკეთებულ ხვრელებში, უმთავრესად ტენიან ადგილებში. სწრაფად დახტის ნიადაგის ზედაპირზე, აგრეთვე დაძვრება ნიადაგში. თესლის გარდა აზიანებენ ახალგაზრდა მცენარეებს, მათ ღეროს და ნასკვებს. ღრღნიან მათ, რის შედეგადაც ნასკვები ხმება და ჭკნება. მათ წინაამღდეგ მიმართავენ მისატყუებელის შეტანას, ისევე როგორც მახრების წინაამღდეგ.

ბაღჩის ბუგრი (ტილი) დიდ ზარალს აყენებს ნათესებს, განსაკუთრებით მათი მასობრივი გავრცელების პერიოდში, მოსავალი თითქმის მთლიანად შეიძლება დაიღუპოს. ბუგრები აზიანებენ მცენარის ყველა ორგანოს – ღეროს, ფოთლებს, ყვავილს, ნაყოფს. ბუგრები უმთავრესად ბუდობენ ფოთლის ქვედა მხარეს, საიდანაც წუწნიან წვენს, ამის გამო ფოთოლი თანდათანობით იკრუნჩხება და ხმება. ბუგრები უმთავრესად კოლონიების სახით ბუდობენ ფოთლებზე და ღეროზე. მათი პირველი გამოჩენისთანავე მიმართავენ ნათესი ფართობების დამუშავებას სხვადასხვა ინსექტიციდებით – ბი-58 1 ლ/ჰა-ზე, ფასტაკი 0,3 ლ/ჰა-ზე, კონფოდრო მაქსი 0,3-0,35 კგ/ჰა-ზე და სხვა. წამლობის გამეორებით 10-14 დღეში. მცენარეთა დამუშავება უნდა შეწყდეს მოსავლის აღებამდე 15-20 დღით ადრე.

ნესვის ბუზი უმთავრესად აზიანებს ნესვს, შედარებით ნაკლებად საზამთროს. დაზიანებას იწვევს, როგროც ბუზი ისე მისი მატლები. მატლებით დაზიანებული ნაყოფები იწყებენ ლპობას, ლპობის გარეშეც ისინი გამოუსადეგარია საჭმელად. დედალი ბუზი კვერცხებს დებს ნაყოფის რბილობში კანის მახლობლად. კვერცხიდან გამოსული მატლები იკვებებიან ნაყოფის რბილობით. მატლი ნაყოფის რბილობს ღრღნის და სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს. დაღრღნილი რბილობი და მატლების ესკრემენტები განიცდიან ხრწნას, რაც საღ ნაწილებსაც ედება. მატლის გამოსვლის ადგილი ხვრელების სახით ნაყოფს კარგად ემჩნევა, ხვრელები ლპობის კერებად იქცევა.

ბრძოლის ღონისძიებები: ყვავილობის დაწყებიდან ნათეს ფართობებს ამუშავებენ ინსექტიციებით ბი-58, კონფოდორი, კარატე, აქტარა, ფასტაკი და სხვა.

აბლაბუდა ტკიპა აზიანებს ყველა ბაღჩეულ კულტურას. ტკიპები ბუდობენ ფოთლების ქვედა მხარეს, სადაც აბამენ აბლაბუდისებრ ძაფებს. ტკიპა მცენარეებს აზიანებს წუწვნით. ზევიდან წუწვნის ადგილას ფოთლები იფარება ლაქებით. ლაქები თანდათან ფართოვდება, ყვითლდება და ბოლოს ფოთოლი ჭკნება და ხმება.

ბრძოლის ღონისძიებები: ნათესი ფართობების დამუშავება აკარიციდებით. მასაი 0,5 კგ/ჰა, ენვიდორი 0,3 ლ/ჰა, სანმაიტი, ნისორანი 0,3-0,5 ლ/ჰა და სხვა.

გოგროვანთა ანთრაქნოზი უმთავრესად აავადებს საზამთროს და ნესვს, ავადმყოფობის გავლენით ნაყოფზე მომრგვალო, მუქი ფერის ლაქა ვითარდება წითელი ელფერით. ლაქა თანდათან იჭრება ნაყოფის სისქეში და იწვევს ლპობას, ბარდი და ფოთლები ლაქებით იფარება და ხმება.

ბრძოლის ღონისძიებები: დაავადების პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე ნათესი ფართობების დამუშავება ფუნგიციდებით პოლირამი 2,5 კგ/ჰა, ანტრაკოლი 2,5 კგ/ჰა და სხვა.

წინა «
შემდეგი »