როგორ მოვიყვანოთ კენკროვანი კულტურები?

  • ihow.ge
  • თებერვალი 20, 2018

კენკრაადგილობრივ ბაზარზე დღითიდღე იზრდება მოთხოვნილება კენკრის ნაყოფებსა და მისი გადამუშავების პროდუქტებზე. ისინი მდიდარია ჯანმრთელობისთვის საჭირო ვიტამინებით, ორგანული მჟავეებითა და ნახშირწყლებით, მინერალური მარილებით, შეიცავენ 600-მდე ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს.

ჟოლოს ადგილობრივი და შემოტანილი სამრეწველოდ რეკომენდებული ჯიშები

კენბი კანადური ჯიშია, არის ძლიერი ზრდის. ბუჩქი ხასიათდება სწორმდგომი უეკლო ღეროებით, მოითხოვს შპალერულ სისტემას, დიდი რაოდენობით ინვითარებს ამონაყრებს. ყვავილობის პერიოდია მაისის დასაწყისი, ახასიათებს წითელი, მომრგვალებულ კონუსური, მსხვილი, 4-4,5 გრამი მასით ნაყოფით. სიმწიფე იწყება ივნისის შუა რიცხვებში და გრძელდება აგვისტოს ბოლომდე.

ტულეიმინი ამერიკული ჯიშია, ბუჩქს ახასიათებს საშუალო ზრდა, ბუჩქი არის სწორმდგომი ღეროებით, მოითხოვს შპალერულ სისტემას. ყვავილობს ივნისის ბოლოს. ნაყოფს აქვს წითელი ფერი, კონუსური ფორმა, ნაყოფი მსხვილია ერთი კენკრის მასა 3.5-4.5 გრამი. მოსავლიანობა აღწევს 8-10 ტონას ჰექტარზე. მწიფდება ივლისის დასაწყისი.

პატრიცია უკრაინული ჯიშია, ბუჩქს ახასიათებს ძლიერი ზრდა. ბუჩქი ხასიათდება სწორმდგომი ოდნავ მოხრილი ღეროებით, მოითხოვს შპალერულ სისტემას. ნაყოფს აქვს ღია წითელი ფერი, კონუსური ფორმა, ნაყოფის ზომა მსხვილია, ერთი კენკრის მასა 4-12 გრამის დიაპაზონშია, ჯიში მაღალ მოსავლიანია 8-10 ტონა ჰექტარზე.

კილარნი ამერიკული ჯიშია, ბუჩქი გამოირჩევა ძლიერი ზრდით, და ახასიათებს სწორმდგომი ფორმა, მოითხოვს შპალერულ სისტემას. აქვს წითელი ფერის, მომრგვალო მსხვილი ნაყოფი, ერთი კენკრის მასა 5-6 გრამი. მოსავლიანობა დაახლოებით 8 ტონაა ჰექტარზე. სიმწიფის პერიოდს აღწევს ივლისისა და აგვისტოს ბოლოს.

ნოვა ამერიკული ჯიშია. ბუჩქს ახასიათებს ძლიერი ზრდა, სწორმდგომი, მაღალი ბუჩქი, მოითხოვს შპალერულ სისტემას. ყვავილობს ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში. აქვს წითელი ფერის, კონუსური, მსხვილი ნაყოფი, ერთი კენკრის მასა 5-8 გრამს აღწევს, მოსავლიანობა დაახლოებით 8-10 ტონაა ჰექტარზე;

ყვითელი გიგანტი უკრაინული ჯიშია. ჯიში ხასითდება ბუჩქის ზრდის სიძლიერით, აქვს სწორმდგომი ღერო, მოითხოვს შპალერულ სისტემას. ყვავილობს ივნისის ბოლოს. აქვს ყვითელი, წაგრძელებულ – კონუსური, მსხვილი ნაყოფი, ერთი კენკრის მასა 8-12 გრამს შეადგენს, მაღალ-მოსავლიანი ჯიშია – 8-10 ტონა ჰექტარზე.

კაროლინა ამერიკული ჯიშია. ჯიში ხასიათდება ბუჩქის ზრდის სიძლიერით, აქვს სწორმდგომი ღერო, მოითხოვს შპალერულ სისტემას. ყვავილობს ივლისი, აგვისტო სექტემბერში. აქვს წითელი, კონუსური, მსხვილი ნაყოფი, ერთი კენკრის მასა 5-8 გრამი. მოსავლიანობა აღწევს 8-10 ტონას ჰექტარზე;

უეკლო მაყვალის ადგილობრივი და შემოტანილი სამრეწველოდ რეკომენდებული ჯიშები

რუბენი ამერიკული ჯიშია. ბუჩქი ხასიათდება ძლიერი ზრდით, აქვს კომპაქტური, სწორმდგომი ბუჩქი, უეკლო. ყვავილობს ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი – რემონტატული ჯიშია. აქვს მუქი ლურჯი ფერის, მრგვალი, ოვალური ფორმა, მსხვილი ნაყოფი, ერთი კენკრის მასა 12-14 გრამს აღწევს. ჯიში მაღალ მოსავლიანია – 15 ტონა ჰექტარზე. სიმწიფის პერიოდია: ივლისი, აგვისტო, სექტემბრი, ოქტომბერი.

ტრიპლქრაუნი ამერიკული ჯიშია ბუჩქი ხასიათდება ძლიერი ზრდით, აქვს კომპაქტური, ნახევრად სწორმდგომი ბუჩქი, უეკლო. ყვავილობს ივნისსა და ივლისში, არის უეკლო. აქვს მუქი ლურჯი ფერის, მოგრძო, მსხვილი ნაყოფი, ერთი კენკრის მასა 9-10 გრამს აღწევს. ჯიში მაღალ მოსავლიანია – 10-12 ტონას აღწევს ჰექტარზე.

ჩესტერი ამერიკული ჯიში. ბუჩქი ხასიათდება საშუალო ზრდით, აქვს დაბალი ბუჩქი, უეკლო. ყვავილობს მაისსა და ივნისში, არის უეკლო. აქვს კრიალა შავი ფერის, მოგრძო ოვალური, მსხვილი ნაყოფი, ერთი კენკრის მასა 8-10 გრამს აღწევს. ჯიში მაღალ მოსავლიანია – 10-12 ტონას აღწევს ჰექტარზე. სიმწიფის პერიოდია: აგვისტო- სექტემბერი-ოქტომბერი;

ჟოლოსა და მაყვალის ბაღის გაშენება

ადგილმდებარეობის შერჩევას უდაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს საკითხი ჟოლოსა და მაყვლის გაშენებამდე წინასწარ უნდა იქნას გადაჭრილი. მათთვის ყველაზე უკეთესია ვაკე ადგილი 5-6 გრადუსის დაქანებით. აუცილებელია ნარგავების გარშემო იყოს ჰაერის სათანადო მოძრაობა, რომელიც ამცირებს ტენიანობას მცენარეთა გარშემო და ხელს უშლის ფოთლების დაავადების ხელშემწყობი პირობების შექმნას.

ჟოლო და მაყვალი მოითხოვს კარგად განათებულ მზიან ადგილს და ცუდად იტანს ჭარბტენიანობას. არასასურველი დრენაჟის პირობებში სასურველია შემაღლებული კვლების გაკეთება. ჩვენს პირობებში უკეთესია ჩრდილოეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის დაქანებები, რადგან სამხრეთის დაქანებებზე (განსაკუთრებით ცხელ რაიონებში) იგი სიცხისა და გვალვისაგან ზიანდება. ამ კულტურებისთვის კლასიკურად მიღებულია ზღვის დონიდან ბაღის გაშენება 600 დან 1500 მეტრამდე.

ბაღის გაშენებამდე აუცილებელია ნიადაგის ანალიზის გაკეთება, რათა ზუსტად განისაზღვროს ნიადაგის დასაბალანსებლად აუცილებელი საკვები ელემენტების ოპტიმალური რაოდენობა. ამიტომ შერჩეული ნაკვეთის რამოდენიმე ადგილიდან უნდა შემოწმდეს ნიადაგის ნიმუშები. ეს აუცილებელია იმიტომ რომ ნიადაგთან დაკავშირებული პრობლემის გამოსწორება ყოველთვის უფრო ადვილია მცენარეების დარგვამდე.

რეკომენდებულია თითო ჰექტრიდან, სულ მცირე, 5 ნიმუშის აღება. ნიადაგის ნიმუშები უნდა შემოწმდეს-ნიადაგის არის რეაქცია (pH), მარილიანობაზე, მინერალებზე, მიკრო და მაკრო ელემენტებზე, მართალია კენკროვანი კულტურები ნაკლებად მგრძნობიარეა pH მიმართ, მაგრამ ისინი უფრო კარგად ვითარდება 6,0-6,5 PH ფარგლებში. ასევე ჟოლო და მაყვალი მგრძნობიარეა ნიადაგში მარილის შემცველობაზე, ეს კულტურები უნდა გაშენდეს ისეთ ნიადაგში, სადაც მარილის შემცველობა დაბალია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ კულტურების დარგვა ნაკლებად სასურველია იმ ადგილებში სადაც წინა წელს პომიდორი, კარტოფილი ან წიწაკა იყო მოყვანილი, ვინაიდან ამან შეიძლება ახალგაზრდა მცენარეზე დაავადებების გავრცელებას შეუწყოს ხელი. ყველაზე უკეთეს წინამორბედ კულტურებად ითვლება მრავალწლიანი ბალახების ნარევი და სათოხნი კულტურები ნაკელის შეტანით.

ნიადაგის მომზადება და დარგვა

ნიადაგის მომზადება გამოიხატება მის მოხვნასა და დარგვის წინ დაფარცხვაში. მოხვნა უნდა ტარდებოდეს დასავლეთ საქართველოს პირობებში ძირითადად 20-25 სანტიმეტრ სიღრმეზე, შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოსა და მაღალმთიან რაიონებში შემოდგომაზე 25-30 სმ სიღრმეზე.

დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ნაკვეთის სარეველებისაგან წინასწარ გასუფთავებას, რადგან გაშენების შემდეგ სარეველების სიჭარბე დიდ სირთულეებს ქმნის და მკვეთრად აქვეითებს მოსავლიანობას. დარგვა წარმოებს შემოდგომაზე, სავეგეტაციო პერიოდის დამთავრებიდან ფოთლების ცვენის პერიოდიდან თითქმის ყინვების დაწყებამდე, 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე (მთიანი რაიონების ჩათვლით) ან ადრე გაზაფხულზე 1 მარტიდან 15 აპრილამდე თუ ნიადაგი შესაფერის მდგომარეობაშია.

არ არის რეკომენდირებული ნერგის დარგვა გაყინულ ან წყლით გაჟღენთილ ნიადაგში. საქართველოში ადრეულ პერიოდში დარგულ კენკრებს აშკარად უკეთესი გარემო ექმნებათ ვიდრე აპრილის ბოლოსა და მაისში დარგულს. ფესვის ზრდა იწყება გაზაფხულის დასაწყისში, როდესაც ნიადაგის ტემპერატურა 5 გრადუსის ფარგლებშია. ნერგები უნდა დაირგოს ფოთლების გაშლამდე, აპრილსა და მაისში გაშენების ოპტიმალური სქემაა ჟოლოსათვის 70 -80 სმ Х 2-2.5მ, ხოლო მაყვლისათვის 1,20მ Х 2,5მ. ნერგის დარგვისას კეთდება 30-40 სმ სიღრმის და 50-60 სმ სიგანის კვალი (ტრანშეა), სადაც ხდება ნერგის დარგვა. ნერგი ირგვება ისე, რომ ფესვის ყელი ნიადაგის ზედაპირიდან 2-3 სანტიმეტრზე დაბლა აღმოჩნდეს. დარგული ნერგი გადაიჭრება 15-20 სმ-ზე, ამით მცირდება მცენარის მიერ წყლის აორთქლება.

ნიადაგის განოყიერება და ირიგაცია

მოხვნის დროს ნიადაგში შედის ორგანული სასუქები (ნაკელი, ტორფი, კომპოსტი), ფოსფორიანი, კალიუმიანი ან კომპლექსური სასუქები. მჟავე ნიადაგებზე მჟავიანობის გასანეიტრალებლად აუცილებელია კირის შეტანა, შესაძლებელია აგრეთვე დაფქული კირქვების ცარცისა და კირის შემცვლელი მასალის შეტანა.

სასუქის შესატანი დოზები განისაზღვრება ნიადაგის ნაყოფიერებაზე დაყრდნობით. დაბალნაყოფიერ ნიადაგზე ფოსფორი შეიტანება 300-350კგ, კალიუმი 250კგ, ნაკელი ან ტორფი 50-60ტ. მნიშვნელოვანია გავაკეთოთ ფოთლების ანალიზი შუა ვეგეტაციის პერიოდში, ქვემოთ ცხრილში მოცემულია ჟოლოს და მაყვლის ფოთლებში მიკრო და მაკრო ელემენტების მნიშვნელობები.

ნიადაგის მომზადება

კენკროვანები მგრძნობიარეა გვალვისადმი, ამიტომ ბაღის გაშენების დროს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს სარწყავი წყლის არსებობას. სარწყავი სისტემის მოწყობა აუცილებელია როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში. რეკომენდებულია სარწყავად გამოყენებულ იქნას წვეთოვანი სარწყავი სისტემა თავისი მრავალი დადებითი თვისების გამო. ყველა ტიპის ჟოლოსა და მაყვლისთვის საჭიროა საყრდენი სისტემა. საყრდენი სისტემა ზრდის მოვლის ოპერაციების-ეფექტიანობას, ხელს უწყობს გასხვლის, მცენარეთა დაცვისა და მოსავლის აღების პროცესების განხორციელებას.

მავნებელ-დაავადებები

ჟოლოს ხოჭო
ჟოლოს ხოჭო (Byturus tomentosus), რომელიც ცნობილია ჟოლოს ხილის ჭიის სახელით ჟოლოს უმთავრესი მავნებელია მთელ ევროპაში. ზრდასრული ხოჭო გამოიზამთებს ნიადაგში, გაზაფხულზე კი ამოდის ნიადაგიდან ჟოლოს ყვავილების გაშლამდე. ისინი თავდაპირველად იკვებებიან ახალგაზრდა შემოდგომაზე მსხმოიარე ჟოლოს ფოთლების წვერებით და შეიძლება გამოიწვიონ ფოთლების სერიოზული დაზიანება.

მატლები ასევე ზიანს აყენებენ ხილის ზედაპირზე ცოცვისას ან ყვავილსაჯდომში შესვლით. დაზიანებული ხილი შეიძლება დაინფიცირდეს Botrytis ნაცრისფერი ობით, რაც ამოკლებს მწიფე ნაყოფის სარეალიზაციოდ ვარგისიანობის ვადას. ნაკვეთზე ჟოლოს ხოჭოს პოპულაციის დასადგენად არსებობს მონიტორინგის ინსტრუმენტები. ისინი შედგება თეთრი წებოვანი ხაფანგებისგან (Rebell Bianco), რომლებიც შემთხვევითი პრინციპით შერჩეულ ადგილებში თავსდება ჟოლოს ნარგავებში.

ნარინჯისფერი ფოთოლმხვევია
ნარინჯისფერი ფოთოლმხვევიას მატლების ფერი ღია ყავისფრიდან მოყვითალო-მომწვანო ტონებში მერყეობს, მას ყავისფერი თავი აქვს. ზრდასრული მატლების სიგრძე, როგორც წესი, დაახლოებით 20 მმ-ია, მაგრამ შეიძლება სულ 2-3 მმ-ისაც კი იყოს. შეხებისას უკან მხარეს გაირხევა და მიწაზე დაეცემა, აბრეშუმის ძაფით. დახვეული ფოთლები, რომლებიც ქსელითაა შეკრული, ქმნიან დამცავ ბუდეს, რაც მიანიშნებს ფოთოლმხვევიას ლარვების არსებობაზე. ზრდასრული პეპელა მოყავისფრო ან რუხი ფერისაა, და შედარებით მუქი ლაქა აქვს წინაფრთებზე.

ჟოლოს ხერხია
ზრდასრული ჟოლოს ხერხია პატარა ზომის (6 მმ) შავი მწერია, რომელსაც მუცლის უბანში ყვითელი ზოლი და გამჭვირვალე ფრთები აქვს. ზრდასრული გამოდის გაზაფხულზე და კვერცხებს დებს ფოთლის ქსოვილში, აყვავილებისას. ლარვა იწყებს კვებას ფოთლების ქვედა მხარით, ყვავილების კვირტებით, ახლად გამოღებული ნაყოფით და მზარდი ყლორტებით.

ლარვა ღია მწვანე ფერისაა და დაფარულია თეთრი ბუსუსებით. ლარვებს ბევრი ფეხი/ფეხისმაგვარი წარმონაქმნი აქვთ (3 წყვილი ნამდვილი ფეხი და მრავალი ფეხის მსგავსი გამონაზარდი). რამდენიმე კვირის განმავლობაში კვების შემდეგ მათი სიგრძე აღწევს 10-18 მმ.

ფიტოფტორა
დაავადებას იწვევს სხვადასხვა სახეობის Phytophthora-ს გვარის ნიადაგისმიერი სოკოები. ამ სოკოს რეზისტენტული სპორები ნიადაგში შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში დარჩეს. გამრავლებისთვის სოკოს მაღალი ტენიანობა სჭირდება. სველი ნიადაგი ან ცუდად დრენაჟიდი ნიადაგის პირობები უფრო ხელსაყრელია დაავადების განვითარებისთვის, და ის ყველაზე ხშირად გვხვდება დაბლობზე გაშენებულ ნაკვეთზე.

დრენაჟის ცუდი სისტემის მქონე ყველა ადგილას საჭიროა ჟოლოს ნარგავების ამაღლებულ კვლებზე ჩამოყალიბება. ასევე აუცილებელია სერტიფიცირებული სანერგედან ფიტოფთორით დაუსნებოვნებელი გადასარგავი სარგავი მასალის მოპოვება.

საყრდენი სისტემა

მაყვლისა და ჟოლოს საყრდენის სისტემა უნდა მოეწყოს ნერგის დარგვისას, ან დარგვიდან მოკლე ხანში. საყრდენი სისტემა, როგორც წესი, შედგება 1,6-1,8 მეტრი სიმაღლის (მიწიდან) ხის ან ლითონის ბოძებისგან, რომლებიც განთავსებულია ყოველ 5 მეტრში.

მავთულების მოწყობა ხდება 2 ან 3 იარუსად. ქვედა საყრდენი მავთულები უნდა მიემაგროს რიგის ბოძებს ნიადაგიდან 60-65 სმ-ზე. სამ მავთულიანი საყრდენი სისტემის შემთხვევაში, მავთულებს შორის მანძილი 50 — 60- სმ-ია. თითოეული რიგის ბოლოს საჭიროა უფრო მძლავრი ბოძების მოწყობა, რათა საყრდენი სისტემა მდგრადი იყოს.

მოსავლის აღება

ჟოლოს და მაყვლის სიმწიფის ძირითადი მანიშნებელია ფერი. ნაყოფში შაქრის შემცველობა დაკრეფის შემდგომ არ იზრდება და დამწიფებამდე მოკრეფილ ნაყოფს უგემური არომატი ექნება. მკრეფავებს, როგორც წესი, ურიგებენ სატარებელ დაბალ ყუთს ან ლანგარს, საცალო ბაზარზე სარეალიზაციოდ ხილის შესანახი კონტეინერებით.

შესაძლებელია ასევე მსუბუქი პორტატიული სადგამის გამოყენება, რომელზეც მოთავსდება ყუთი, მკრეფავი კი რიგში თავისუფლად გადაადგილდება. ყუთში უნდა იყოს ცალკეული პატარა კონტეინერები ხილის ბაზრისთვის განსაზღვრული ხარისხის მიხედვით დასახარისხებლად. ყუთების/კონტეინერების გავსების შემდეგ, საჭიროა მათი დროულად გადატანა ნაკვეთის დასაფასოებელ გადახურულ პუნქტში, სადაც ხდება მათი ხელახლა შემოწმება და დაფასოება საბოლოო ბაზარზე გასატანად.

გადახურულ პუნქტში შექმნილია ჩრდილიანი პირობები, აქედან კი ხდება დაკრეფილი კენკრის საცავ-მაცივარში გადატანა ან პირდაპირ ბაზარზე გატანა. ნაყოფი უნდა დაიკრიფოს დღის ყველაზე გრილ პერიოდში, ჩვეულებრივ, დილით. მოერიდეთ დაკრეფას, როდესაც რბილობის ტემპერატურა 27°C-ზე მაღალია და ნაყოფი ძალიან არამდგრადია დაჭყლეტით დაზიანებისადმი. მოსავლის აღება არ შეიძლება მაშინ, როდესაც ნაყოფი სველია. ეს გაზრდის ობის განვითარების შემთხვევებს.

გამოცდილი მკრეფავები ჩვეულებრივ საათში კრეფენ 4-5 კგ-ს, საუკეთესო მკრეფავები კი საათში 6კგ-ზე მეტ ხილს კრეფენ. მოკრეფის შემდეგ უნდა განხორციელდეს ნაყოფების რბილობის სწრაფი გაგრილება 0-1° C-მდე, რათა შენახვისუნარიანობა გაიზარდოს.

წინა «
შემდეგი »