როგორ მუშაობს კინოფილმის შექმნისას მხატვარი?

  • pkzeze
  • May 29, 2013
  • 0

kino da mxatvroba_iHOW.GEკინო ხელოვნების ყველაზე ახალგაზრდა დარგი
თეატრის მსგავსად, კინოს არსებობაც წარმოუდგენელია მხატვრობის, მხატვრის გარეშე. ნებისმიერი ჟანრის ფილმი იქმნება სხვადასხვა პროფესიის ადამიანების – სცენარისტის, რეჟისორის, მსახიობების, ოპერატორის, კომპოზიტორის და სხვათა ერთობლივი ძალისხმევით. მათ რიცხვშია მხატვარიც. ფილმის შესაქმნელად ხელოვნების სხვადასხვა დარგის – ლიტერატურის, მხატვრობის, მუსიკის სამსახიობო და რეჟისორის ხელოვნების – შესაძლებლობების გამოვლენა და ურთიერთშერწყმა აუცილებელია იდეის, ჩანაფიქრის ხორცშესასხმელად. ამდენად, კინოც, თეატრის მსგავსად, სინთეზური ხელოვნებაა, ოღონდ, მისგან განსხვავებით, ბევრად უფრო ახალგაზრდაა.    დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა კინოფილმის სხვადასხვა სახეობა: მხატვრული, დოკუმენტური, სამეცნიერო-პოპულარული, ანიმაციური (მულტიპლიკაციური). ყოველ მათგანში აქტიურ როლს თამაშობს მხატვარი.

პროფესია – კინოს მხატვარი
კინოს მხატვრობა თეატრისაგან რამდენადმე განსხვავებული ხასიათისაა. თუ თეატრის მხატვარი შეზღუდულია სასცენო სივრცით, კინოს მხატვარს მეტი გასაქანი და თავისუფლება აქვს, რადგან კინოაპარატს ყველაფრის გადაღება შეუძლია და მეტი ტექნიკური შესაძლებლობები გააჩნია სხვადასხვაგვარი ეფექტების შესაქმნელად.
კინოს მხატვრის სამუშაო რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. თავდაპირველად მხატვარი ეცნობა სცენარს, იმ ეპოქასა და ქვეყანას, რომელშიც ვითარდება მოქმედება, სცენარის შესაბამისად არჩევს ბუნებრივ გარემოს – ლანდშაფტს ან ინტერიერს, რომელშიც მომავალი ფილმი უნდა გადაიღონ. შესაძლოა, მხატვარმა გარემო თავადაც შექმნას საგანგებო გადასაღებ პავილიონში. ამისათვის მხატვარი იყენებს ისეთ ნივთებსა და დეტალებს, რომლებიც კონკრეტულს ეპოქასა და ქვეყანას მოგვაგონებს. მხატვარი რეჟისორთან შეთანხმებით სცენარის ცალკეული ეპიზოდების ჩანახატებსა და ესკიზებსაც ქმნის. იგი ცდილობს ჩაწვდეს პერსონაჟთა ხასიათს, წარმოგვიდგინოს მათი გარეგნობა და ჩაცმულობა. ამის შემდეგ, მხატვრის ესკიზების მიხედვით იკეტება კოსტიუმები, ეწყობა გარემო, იგება დეკორაციები და ა.შ. მხატვარმა, შესაძლებელია, თავად გადაღების პროცესშიც მიიღოს მონაწილეობა  და სანამ ოპერატორი გადაღებას დაიწყებდეს, კინოკამერის მეშვეობით თითოეული კადრის კომპოზიცია დაადგინოს.

კინოს ისტორიიდან
1895 წელს საფრანგეთში ძმებმა ლუი და ოგიუსტ ლუმიერებმა კინოაპარატი გამოიგონეს. ოფიციალურად სწორედ აქედან იღებს სათავეს კინოხელოვნება. თავდაპირველად კინოაპარატის საშუალებით ფირზე მხოლოდ მოქმედების აღბეჭდვა იყო შესაძლებელი ხმისა და ფერის გარეშე. ეს პერიოდი კინოს ისტორიაში მუნჯი კინოს სახელითაა ცნობილი. მოგვიანებით, ტექნიკის განვითარებასთან ერთად, კინომ “ენა ამოიდგა” და ხმოვანი გახდა, შავ-თეთრი  გამოსახულება კი ფერადმა შეცვალა.

წინა «
შემდეგი »