როგორ უნდა დაწეროს სტუდენტმა საშინაო ნაშრომი?

  • iliauneli
  • January 12, 2015
  • 0

ნაშრომისტუდენტი კურსის დასრულებისას ქმნის საშინაო ნაშრომს. საშინაო ნაშრომი დისციპლინის შესაბამისად, შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის (ნარკვევი, კვლევის ანგარიში, ინდივიდუალური პროექტის პრეზენტაცია და სხვა). საუნივერსიტეტო სტანდარტის მიხედვით, საშინაო ნაშრომში სტუდენტმა უნდა წარმოაჩინოს სპეციალიზაციის სფეროში ჩატარებული დამოუკიდებელი კვლევის შედეგები ან შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ნაწილი. ამავე სტანდარტის გათვალისწინებით, საშინაო ნაშრომი უნდა შეიცავდეს ორიგინალურ და აქამდე გამოუქვეყნებელ სამეცნიერო ინფორმაციას. ნაშრომში სტუდენტმა უნდა შეძლოს პრობლემური საკითხის მეცნიერული მეთოდებით დამუშავება და შედეგების საგნობრივი და ენობრივი თვალსაზრისით დამაჯერებელი წარმოდგენა.

მნიშვნელოვანია, სტუდენტმა გააცნობიეროს, რომ აკადემიური ნაშრომი და ესე განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც შინაარსობრივად, ისე სტილურად და ფორმალურად. ესე ეთმობა სუბიექტურ მსჯელობას, იგი თავისუფალია სტრუქტურული შეზღუდვებისგან. საშინაო ნაშრომში კი მსჯელობა დამყარებულია ობიექტურ დაკვირვებასა და ლოგიკურ, დასაბუთებულ დასკვნებზე. ამასთან, საშინაო ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ ფორმალურ მოთხოვნებს, საშინაო ნაშრომის ენობრივი სტილი კი უნდა იყოს სადა.

იმის გათვალისწინებით, რა ტიპის საშინაო ნაშრომს ქმნის სტუდენტი, მან უნდა იხელმძღვანელოს დისციპლინის მიხედვით ფაკულტეტზე შემუშავებული რეგულაციებით და უნივერსიტეტის აკადემიური სტილის პრინციპებით.

  • აკადემიური ანგარიში აკადემიური ნაშრომის ერთ-ერთი სახეა, რომელიც ბევრ დისციპლინაში გამოიყენება. აკადემიური ანგარიშის მიზანია შესაბამისი კვლევის სფეროში პრობლემის იდენტიფიცირება, მისი კრიტიკული ანალიზი და გადაჭრის გზების ძიება, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი კვლევის განხორციელება. ამასთანავე, მკვლევარი ანგარიშში დეტალურად წარმოადგენს კვლევის მეთოდებსა და შედეგებს. მკვლევარმა უნდა დაასაბუთოს პრობლემის გადაჭრის გზის მართებულობა, შეაფასოს კვლევის შედეგები და წარმოადგინოს დასკვნები ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით.
  • ნარკვევს ფარგლებში სტუდენტი ქმნის შესაბამის სფეროში ახალ ცოდნას. სადისერტაციო ნაშრომი სტუდენტის კვლევით კომპეტენციებს, კრიტიკული აზროვნების და ლოგიკური მსჯელობის უნარებს უნდა ავლენდეს. შინაარსის თვალსაზრისით, სადისერტაციო ნაშრომში კვლევის მეთოდოლოგია, მიღებული შედეგები, მათი ინტერპრეტაცია და მნიშვნელობა დეტალურად უნდა იყოს აღწერილი. ნაშრომში მსჯელობა ლოგიკური და თანმიმდევრული უნდა იყოს და არგუმენტები სანდო წყაროებს უნდა ემყარებოდეს. ადვილად გასაგები და, ამავდროულად, ლოგიკური სტრუქტურის მქონე სადისერტაციო ნაშრომი აადვილებს კვლევის შედეგად შექმნილი ახალი ცოდნის გამოვლენას, მისი მნიშვნელობის შეფასებას და მეცნიერული მსჯელობის ლოგიკურობის დადგენას. ასეთი სტრუქტურის უზრუნველყოფის მიზნით სადისერტაციო ნაშრომი ნაწილებად და თავებად იყოფა. ნაწილები წარმოადგენს ნაშრომის ძირითად ერთეულებს, რომლებიც, თემატური დაყოფისას, შეიძლება რამდენიმე თავისგან შედგებოდეს. სადისერტაციო ნაშრომში თავებისა და ქვეთავების გამოყოფა საკვლევ სფეროზე და ნაშრომის შინაარსზეა დამოკიდებული.
  • წიგნის ან სტატიის მიმოხილვა აკადემიური ნაშრომის ერთ–ერთი ტიპია. აკადემიური მიმოხილვის მიზანია, გადმოგვცეს წიგნის ან სტატიის შინაარსი კრიტიკულ შეფასებასთან ერთად. მიმოხილვა სხვა აკადემიურ ნაშრომებთან შედარებით მოკლეა (დაახლოებით 1000 სიტყვა).
სტატია მომზადებულია levantsagareli.wordpress.com-ის მიხედვით
წინა «
შემდეგი »