როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი?

  • ihow.ge
  • მარტი 25, 2012

კონდიციონერი და ზაფხული კლიმატის ცვლილებასთან ერთად ცალ-ცალკე წარმოუდგენელია. ზაფხულის ცხელი დღეები ნელ-ნელა გვიახლოვდება, დასვენება და ამ ცხელი დღეების გრილად გატარება ზღვაზე ან სადმე შედარებით გრილ საკურორტო ზონაში კარგია, მაგრამ ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებს თბილისის დატოვებას და ამ ჯოჯოხეთურ სიცხეებს ცოტნე დადიანისებურად უძლებს, ან უკეთეს შემთხვევაში ზის მაცივარში და ნაყინს მიირთმევს მთელი დღის განმავლობაში.თუმცა, არსებობს სხვა ვარიანტიც შეიძინო კონდიციონერი და ცხელ დღეებს მისი საშუალებით გაუმკლავდე. მოცემულ სტატიაში სწორედ კონდიციონერის შესახებ ვისაუბრებ და შევეცდები დაგეხმაროთ სწორი არჩევნის გაკეთებაში.

კონდიციონერი – შერჩევა

ზოგადი მიმოხილვა კონდიციონერის შესახებ

კონდიციონერის დაცვა – კონდიციონერებს შორის ფასთა სხვაობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი დაცვის/კონტროლის ფუნქციებიდან გამომდინარეობს, რაც დაბალ ფასიან კონდიციონერებს ფაქტობრივად არ გააჩნიათ.

ხმაურის დონე – ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს კონდიციონერის შერჩევის დროს იმას თუ რამდენად ხმაურიანია ის, ხმაურის დონე დეციბელებში იზომება dB (DeciBel) , 25-27 დეციბელზე ნაკლები ხმა თითქმის არ ისმის, ზოგადად კონდიციონერებზე მითითებულია მათი ხმაურის დონე, რომელიც დათვლილია ყველაზე დაბალ სიჩქარეზე.

მანძილი შიდა და გარე ბლოკებს შორის – კონდიციონერის ნორმალური მუშაობისათვის რეკომენდირებულია, რომ ის მილები რომლებიც მას მოყვება არ გავზარდოთ დამატებითი მილების მეშვეობით, რადგან მანძილის გაზრდა იწვევს სიმძლავრის შემცირებას რაც პირდაპირ პროპორციულად ზრდის კომპრესორზე დატვირთვას.

კონდიციონერის ტიპები:

კონდიციონერის რამოდენიმე სახეობა არსებობს, მაგრამ ყველაზე გავრცელებული და შესაბამისად, სახლის პირობებში მისაღები არის ე.წ სპლიტ (დაყოფილი) ტიპის კონდიციონერი, ზოგადად კი არსებობს

    • ფანჯრის;
    • სპლიტ;
    • მულტი სპლიტ;
    • კოლონური ტიპის;
    • ჭერ-იატაკის;
    • არხული;
    • და კასეტური კონდიციონერები.

ეს არის კონდიციონერების  ძირითადი ტიპები, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე ჩვენთვის საინტერესო და ყველაზე ხშირად გამოყენებადი სპლიტ ტიპის კონდიციონერია.

კონდიციონერის შესაძლებლობები

კონდიციონერს, როგორც წესი, ძირითადად გაგრილებისთვის ვიყენებთ, მაგრამ თანამედროვე კონდიციონერებს აქვთ სხვა სასარგებლო ფუნქციებიც, რომელთა გამოყენებითაც მას უფრო ეფექტურად გამოვიყენებთ. კონდიციონერის ეფექტურად გამოყენებაში დაგეხმარებათ:

  • გაგრილების სიმძლავრე;
  • ჰაერის გაწმენდა;
  • გათბობა;
  • ტენის ამოშრობა.

გაგრილების სიმძლავრე – როდესაც საუბარია კონდიციონერზე და მის შერჩევაზე აუცილებლად უნდა ვიცოდეთ BTU (British Thermal Unit) – ს განმარტება თუ არა, მნიშვნელობა მაინც. კონდიციონერებთან მიმართებაში ხშირად შეგხვდებათ 9000 BTU, 12000 BTU, 16000 BTU, 18000 BTU, 24000 BTU და ა.შ თუ გინდათ რომ BTU გადაიყვანოთ ვატებში (watt) ამისათვის ის უნდა გაყოთ 3,41-ზე, ხოლო თუ ვატების გადაყვანა გინდათ კილოვატებში ის უნდა გაყოთ 1000-ზე. უფრო მარტივად რომ გაიგოთ მცირედი მაგალითი გავაკეთოთ მაგ: 18000 BTU = 18000/3.41 ≈ 5279 ვატს ≈ 5 კილოვატს.

იმის ზუსტი თუ არა მიახლოებითი გათვლა მაინც თუ რა სიმძლავრის კონდიციონერი გესაჭიროებათ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან თუ თქვენ იყიდით ისეთს, რომელსაც სიმძლავრე არ ჰყოფნის მაშინ კონდიციონერს მოუწევს მუშაობა მთელი დატვირთვით, რაც მის გამართულად მუშაობის ხანგრძლივობას შეამოკლებს და კონდიციონერიც ჩვეულებრივზე ადრე გამოვა მწყობრიდან. ნუ იფიქრებთ, რომ თავის დაზღვევის მიზნით ვიყიდი მძლავრ კონდიციონერს და არ დამჭირდება გამოთვლები და კონვერტირებებიო, რადგან ამ ფაქტსაც აქვს უარყოფითი მხარეები მაგ: მძლავრი გამოყოფს მძლავრ ჰაერის ნაკადს რაც ქმნის დისკომფორტს და ამასთანავე საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას, ასევე მას მოუწევს ჩართვა და გათიშვა უფრო ხშირად ავტომატურ რეჟიმში და ეს გამოიწვევს მის ცვეთას.

ჰაერის გაწმენდა – ამ დროს სპლიტ ტიპის კონდინციონერის შიდა ბლოკში თბომცვლელის წინ ყენდება სხვადასხვა ტიპის ფილტრი ან ფილტრები, ყოველ ფილტრს თავისი დანიშნულება აქვს. არის ფილტრები, რომლებიც თავად კონდინციონერის ნაწილებს იცავენ დამტვერვისაგან და ასევე არის ფილტრები, რომლებიც ჰაერს წმენდენ. არსებობს სხვადასხვა სახის ფილტრები მაგალითად, ელექტრო სტატიკური, ბიო, ნახშირის, იონიზატორი და ა.შ ფილტრები.

გათბობა – კონდიციონერი ძირითადად ასოცირდება გაგრილებასთან, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების დახვეწამ მოგვცა საშუალება კონდინციონერის საშუალებიც ჰაერის როგორც გაგრილების, ისე გათბობის საშუალება. მსგავსი კონდიციონერები ქართულ საზოგადოებაში გავრცელებულია შემდეგი ტერმინით “ზიმა-ლეტა”. კონდიციონერი ჰაერის გათბობისას მუშაობს გაგრილების შებრუნებული პრინციპით. ჰაერის გათბობა კონდიციონერით უფრო ეფექტურია მაშინ როდესაც გარეთ ჰაერის ტემპერატურა არ არის 0 გრადუსზე დაბლა, არის კონდიციონერები რომლებიც უფრო დაბალ ტემპერატურაზეც მუშაობენ მაგრამ ამ დროს მათი ეფექტურობა თითქმის განახევრებულია.

ტენის ამოშრობა – პირველ რიგში აღვნიშნოთ ის ფატი, რომ კონდიციონერს შეუძლია ტენიანობის შემცირება, მაგრამ ტენიანობის გაზრდა არ შეუძლია. ტენიანობის ამოშრობისას ხდება ტენის კონდენსაცია თბომცვლელზე და გაედინება ტენი ოთახიდან სპეციალური მილის საშუალებით.

 კონდინციონერის დამატებითი ფუნქციები

თითქმის ყველა სპლიტ ტიპის კონდიციონერს გააჩნია ერთნაირი ფუნქციები, მათ შორის გამორჩეული და გამოსადეგია – ვენტილაციის რეჟიმი, ავტომატური მუშაობის რეჟიმი, ავტომატური ჩართვა/გამორთვის ფუნქცია და ღამის რეჟიმი, ყველა ფუნქცია შეგიძლიათ აკონტროლოთ მართვის პულტით, რომელიც კონდიციონერს მოყვება.

ვენტილაციის რეჟიმი – არ დაიჯეროთ, რომ ამ დროს კონდიციონერი გვაწვდის სუფთა ჰაერს, არა ამ დროს კონდიციონერი მუშაობს იგივე პრინციპით, როგორც ვენტილატორი და ახდენს ოთახის ჰაერის ცირკულაციას მხოლოდ შიდა ბლოკის მეშვეობით.

ავტომატურად მუშაობის რეჟიმი – ავტომატურად მუშაობისას კონდიციონერი თავად ირჩევს მუშაობის რეჟიმს არსებული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე და შესაბამისად ახდენს ჰაერის გაგრილებას, გათბობას ან ვენტილაციას საჭირო ტემპერატურის მისაღებად.

ავტომატური ჩართვა/გამორთვის ფუნქცია – ავტომატური ჩართვა გამორთვის ფუნქცია გაძლევთ საშუალებას ნებისმიერ დროს, მაშინაც კი როცა სახლში არ ხართ ჩართოთ ან გამორთოთ კონდიციონერი, სანამ თქვენ თქვენ საქმეს აკეთებთ და არ იმყოფებით სახლში კონდიციონერი იზრუნებს, რომ დაგახვედროთ თქვენთვის სასურველი ტემპერატურა.

ღამის რეჟიმი – ღამის რეჟიმის გააქტიურების შემდეგ კონდიციონერი ირჩევს ყველაზე დაბალ სიჩქარეს რათა ხმაურმა არ შეგაწუხოთ და იგი ავტომატურად ითიშება 7 საათის შემდეგ.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.