როგორ შევარჩიოთ მობილური ტელეფონი

  • lasha117
  • November 30, 2011
  • 0

მობილური ტელეფონის შერჩევა დღევანდელობაში საკმაოდ აქტუალური საკითხია.თუ ჩვენ გვინდა სწორად შევარჩიოთ ტელეფონი, ამისათვის საჭიროა ვიცოდეთ თუ რისთვის გამოვიყენებთ მას – მხოლოდ ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გასაგზავნად და მისაღებად, თუ ასევე დაგვჭირდება ტელეფონის მეშვეობით ელ.ფოსტის შემოწმება, skype-ს გამოყენება, საოფისე პროგრამებთან მუშაობა, მაღალი ხარისხის ფოტოების გადაღება და ა.შ მწარმოებლებიც სწორედ ამ გათვლებს აკეთებენ და ამის მიხედვით აწარმოებენ თავიანთ პროდუქტს.

ტელეფონების კლასიფიკაციის ერთი უნივერსალური მეთოდი არ არსებობს, რადგან იგი განსხვავებულია სხვადასხვა მწარმოებლების მიხედვითაც კი, ამიტომ ჩამოვწეროთ ზოგადი კლასიფიკაცია ტელეფონებისა სადაც ქვე–კლასების გამოყოფაც არის შესაძლებელი. ეს არის:

  • ბიუჯეტური ტელეფონი;
  • ე.წ ჭკვიანი ტელეფონი (Smartphone);
  • მე–3 თაობის (3G) ტელეფონები და კომუნიკატორები.

კიდევ შეგვიძლია გამოვყოთ ბიზნეს კლასის აპარატები, მოდური კლასის აპარატები, დაცული კლასის აპარატები და ა.შ

ბიუჯეტური ტელეფონი

ბიუჯეტური ტელეფონები მიეკუთვნება ტელეფონთა იმ კლასს, რომლის შეძენაც მინიმალური შემოსავლის მქონე პირსაც კი შეუძლია (ანუ მისი ფასი არ არის მაღალი). შესაბამისად ბიუჯეტური ტელეფონის უმთავრესი ფუნქციაა ზარებისა და შეტყობინებების მიღება და განხორციელება. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, იგივე ბიუჯეტური კლასის ტელეფონს შეუძლია MMS-ის გაგზავნა, ფოტოს გადაღება და გაძლევთ მუსიკის მოსმენის საშუალებას. ასე რომ, თუ თქვენი ტელეფონისაგან მხოლოდ აღნიშნული ფუნქციების შესრულებას მოითხოვთ შეგიძლიათ შეიძინოთ ბიუჯეტური ტელეფონი რომლის ფასი 30-200 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ჭკვიანი ტელეფონი (Smartphone – სმართფონი)

სმართფონები საშუალებას გვაძლევენ ისინი ტელეფონის გარდა, გამოვიყენოთ კომპიუტერის ფუნქციების შესასრულებლადაც. სმარტფონები და კომუნიკატორები იყენებენ ოპერაციულ სისტემებს (როგორც კომპიუტერები), რომლებიც სპეციალურად მათთვის არის შექმნილი. სმარტფონებში და შესაბამისად კომუნიკატორებში შეიძლება შევხვდეთ შემდეგ ოპერაციულ სისტემებს:

  • Windows Mobile;
  • iOS;
  • Android;
  • BlackbBery OS;
  • Symbian;
  • Maemo.

მობილური ტელეფონების ოპერაციულ სისტემებზე და მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე ამ სტატიაში არ ვისაუბრებთ, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ Windows Mobile (Microsoft), Android (Google) და Maemo (Linux) შეიძლება შეგვხდეს სხვადასხვა ბრენდის მიერ წარმოებულ მობილურ ტელეფონებში, ხოლო დანარჩენი ოპერაციული სისტემები ემსახურება კონკრეტულ ბრენდებს, iOS–ი არის მხოლოდ Apple-ს ტელეფონებში, BlackbBery OS არის BlackbBery–ის ტელეფონებში, ხოლო Symbian–ი არის ნოკიას ტელეფონებში.

სწორედ ოპერაციული სისტემების დახმარებით ვწერთ ჩვენს სმართფონებსა და კომუნიკატორებში სხვადასხვა აპლიკაციებს, Skype-ს, Microsoft Oficce–ს და ა.შ ანუ ვაკეთებთ იგივეს რასაც კომპიუტერში, თუმცა ტელეფონის შესაძლებლობების დონეზე.

მე–3 თაობის (3G) ტელეფონები და კომუნიკატორები

ამ კატეგორიის ტელეფონებს უბრალოდ კომუნიკატორები ვუწოდოთ. კომუნიკატორები და სმართფონები ძალიან გვანან ერთმანეთს, მაგრამ მათ შორის განსხვავება არის ის, რომ კომუნიკატორებს უფრო მეტი მსგავსება გააჩნიათ კომპიუტერთან, ხოლო სმართფონებს – მობილურ ტელეფონებთან. კომუნიკატორებისა და სმართფონების მთავარი განმასხვავებელი ნიშანია დიდი ეკრანი და კლავიატურა. კომუნიკატორებს აქვთ კომპიუტერის მსგავსი კლავიატურა რომელსაც ეწოდება QWERTY (ზოგადად კომპუტერის კლავიატურა არის QWERTY რადგან თუ ნახავთ მის პირველ 6 ასოს სწორედ QWERTY კომბინაცია შეადგენს ასევე არსებობს AZERTY, QWERTZ და ა.შ ღილაკების განლაგების მქონე კლავიატურები).

მობილური ტელეფონი QWERTY კლავიატურით

სხვა დეტალები რასაც ტელეფონის შერჩევისას უნდა მიექცეს ყურადღება:

– ეკრანი;
– მოცულობითი მახსოვრობა;
– ელემენტის სიძლიერე;
– ფოტო–კამერა;
– მულტიმედია;
– ინტერნეტი;
– დამატებითი ფუნქციები.

ეკრანი

ეკრანის შერჩევისას მთავარია მის ზომას, გარჩევადობას და ფერების ოდენობას მივაქციოთ ყურადღება.

ზომა უნდა შეარჩოთ თქვენი შეხედულებიდან გამომდინარე.

გარჩევადობა დამოკიდებულია პიქსელებზე ანუ იმ ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად განლაგებულ წერტილებზე (არადა რეალურად სამკუთხედებია), რომლებიც განლაგებულია ეკრანზე: რაც უფრო მეტია პიქსელი, მით უფრო კარგ გამოსახულებას ვღებულობთ.

ფერების ოდენობა სხვადასხვა ეკრანებისათვის სხვადასხვაა და იგი რამოდენიმე ათასიდან – რამოდენიმე მილიონამდე ადის. ფერების შემთხვევაში, რაც უფრო მეტი ფერი აქვს ეკრანს, მით უკეთესია.

მოცულობითი მახსოვრობა

თუ თქვენ ტელეფონში აპირებთ ბევრი სურათისა და ვიდეოს შენახვას, ან სხვადასხვა აპლიკაციებისა და თამაშების ჩატვირთვას, ამისათვის შესაბამისი ადგილიც დაგჭირდებათ. ამიტომ უნდა დააკვირდეთ რამდენი აქვს შიდა მეხსიერება თქვენს ტელეფონს და ასევე, რა ტიპის დამატებითი მეხსიერების ბარათის მიერთება შეგვიძლია მასზე (ასევე აუცილებლად გაითვალისწინეთ რა მაქსიმალური მეხსიერების წაკითხვა შეუძლია თქვენს ტელეფონს, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი გართულებები).

ელემენტის სიძლიერე

მძლავრი ტელეფონები მეტ ენერგიას მოითხოვენ, ამიტომ აუცილებლად გაითვალისწინეთ ელემენტის სიძლიერე, რადგან ე.წ სატენი არ გაიხადოთ თქვენ განუყრელ თანამგზავრად. ყოველ ტელეფონს აქვს მონაცემი იმის შესახებ თუ რამდენ ხანს ძლებს ელემენტი როგორც პასიურ, ისე აქტიურ მდგომარეობაში.

ფოტო–კამერა

ტექნოლოგიები იმდენად განვითარდა, რომ ტელეფონებს უკვე 8–12 მეგაპიქსელიანი კამერებიც კი გააჩნია. ტელეფონის კამერებში უმთავრესი მეგაპიქსელებია, მაგრამ ასევე უნდა დააკვირდეთ განათებას, გადაღების სხვადასხვა რეჟიმებს, მოძრაობის დეტექტორებს და ა.შ

მულტიმედია

თუ გიყვართ მუსიკის მოსმენა და ტელეფონის დამატებით ფუნქციას მის აუდიო ფლეერადაც გადაქცევაში ხედავთ, მაშინ პირველ რიგში უნდა გაარკვიოთ რა ფორმატის ფაილების აღქმას შეძლებს თქვენი მომავალი ტელეფონი და აქვს თუ არა 3,5 მმ–იანი აუდიო პორტი (სწორედ ასეთი პორტი აქვს პერსონალურ კომპიუტერს), რომლის მეშვეობითაც შევძლებთ მაღალი ხარისხის ყურსასმენებით მოვისმინოთ მუსიკა.

ინტერნეტი

მობილურები ინტერნეტს სხვადასხვა სტანდარტებით იღებენ: დაბალი კლასის მობილურები ინტერნეტს GPRS და EDGE სტანდარტებით იღებენ, შედარებით მაღალი კლასის ტელეფონები ინტერნეტს HSDPA სტანდარტით იღებენ (ასევე მაღალი კლასის ტელეფონებს ინტერნეტი შეიძლება მიეწოდებოდეთ HSUPA UMTS და WCDMA სტანდარტებით). ზოგიერთი კლასის ტელეფონს აქვს ასევე Wi-Fi რომელიც ყველაზე ძლიერია ზემოთ ჩამოთვლილ სტანდარტებს შორის, მაგრამ ხანდახან არც ისე კომფორტული და მოსახერხებელია.

დამატებითი ფუნქციები

ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციათაგან ტელეფონს კიდევ შეიძლება მრავალი სხვა ფუნქციაც ჰქონდეს, ამიტომ მათში თავად ტელეფონის მოდელის მიხედვით უნდა გაერკვეთ. ეს შეიძლება იყოს: კალკულატორი, მაღვიძარა, დამგეგმავი, რადიო, Bluetooth, GPS, HTML–ის მხარდაჭერა (უკანასკნელი მათგანი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ ინტერნეტში ძრომიალის მოყვარული ბრძანდებით) და ა.შ

ზოგადად ტელეფონის შერჩევა მაინც პიროვნებაზე, მის გემოვნებასა და იმიჯზეა დამოკიდებული: ზოგს მომრგვალებული ფორმის ტელეფონები მოსწონს, ზოგს კუთხოვანი, ზოგს სენსორული ეკრანი ურჩევნია, ზოგს სლაიდი და ა.შ

წინა «
შემდეგი »