როგორ შევარჩიოთ სათამაშო?

  • kubiki
  • სექტემბერი 12, 2014

სათამაშობავშვის სათამაშოს შერჩევა საკმაოდ რთული ამოცანაა იმ არჩევანიდან გამომდინარე რასაც თანამედროვე ბაზარი გვთავაზობს – ყველა სათამაშოების მაღაზია გადაჭედილია უამრავი სათამაშოთი. თქვენ რა თქმა უნდა გინდათ შეარჩიოთ ისეთი რამ რაც თქვენს პატარას სიხარულს მიანიჭებს, მაგრამ ამავე დროს უნდა იყოს უსაფრთხო და საგანმანათლებლო-სასარგებლო. არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც გასათვალისწინებელია სასურველი სათამაშოს შერჩევისას.

იმისათვის რომ სწორად შეარჩიოთ სათამაშო პირველ რიგში საჭიროა ვიცოდეთ ბავშვის ინტერესები – რა იზიდავს და რა იტაცებს მას, რა ტიპის სათამაშოები აინტერესებს. თუ კარგად არ ვიცნობთ ბავშვს და მის ინტერესებს ამისათვის საკმარისია უბრალოდ გავესაუბროთ მას ამის შესახებ – ეს საგრძნობლად გაგიადვილებთ სწორი სათამაშოს შერჩევას. ბავშვის ინტერესები საკმაოდ მრავალფეროვანი შეიძლება იყოს – ხელოვნება, სხვადასხვა თემები, გმირები და სხვა, და როგორც წესი ბავშვის განვითარებასთან ერთად მუდმივად იცვლება და იხვეწება.

მეორე უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი რომელიც გასათვალისწინებელია გახლავთ ბავშვის ასაკი. ზოგადად სხვადასხვა ასაკის ბავშვისათვის სხვადასხვა სირთულის სათამაშოებია განსაზღვრული – ძალიან მნიშვნელოვანია რომ შერჩეული სათამაშო შეესაბამებოდეს ბავშვის ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური განვითარების დონეს – ასაკისათვის შეუფერებელი ნამეტნავად მარტივი სათამაშო მოსაწყენი და უინტერესო იქნება მისთვის, ისევე როგორც ზედმეტად რთული და კომპლექსური სათამაშო გამოიწვევს აპათიას, დაღლილობას და დააზიანებს ბავშვის თავდაჯერებულობას.

ლეგო

როგორც წესი სათამაშოების მწარმოებელი ცნობილი და სოლიდური ბრენდები – ისეთი ევროპული და ამერიკული კომპანიები როგორიცაა LEGO, მატელი, ჰასბრო – დიდ ყურადღებას აქცევენ ასაკის მარკირებას, მაშინ როცა ჩინურ, ნაკლებად ხარისხიან სათამაშოებს ხშირად მარკეტინგული მიზნებისათვის გაცილებით ფართო დიაპაზონის ასაკობრივი მარკირება აქვთ. მაგალითად თუკი ევროპულ სათამაშოს შესაძლოა ეწეროს 3-4 წელი, ანალოგიურ ჩინურ სათამაშოებს უმეტეს შემთხვევაში 1+ ან ასაკის შეუზღუდავი მარკირება აქვთ ხოლმე – ასე რომ ნუ მოიტყუებთ თავს და ეცადეთ ხარისხიანი სათამაშო შეარჩიოთ.

მესამე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი რომლითაც ვარჩევთ სათამაშოს გახლავთ მისი საგანმანათლებლო დანიშნულება – ზოგადად ყველა სათამაშო სასურველია ამ მიზანს ემსახურებოდეს. სათამაშო არ გახლავთ მხოლოდ გასართობი და დროის მოკვლის საშუალება, იგი პირველ რიგში პატარის აღზრდისა და განვითარების იდეალური ინსტრუმენტია რომელიც უნდა ასწავლიდეს მას სამყაროსთან უკეთ ურთიერთობასა და სძენდეს ცხოვრებისეულ საჭირო უნარ-ჩვევებს.

წინა «
შემდეგი »

საბავშვო სათამაშოების სპეციალისტი.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.