როგორ შევარჩიოთ ტელევიზორი

  • ihow.ge
  • October 22, 2011
  • 0

ახალი ტექნიკის შეძენის დროს, როგორც წესი ვერ ვერკვევით მის სპეციფიკაში – დადებით და უარყოფით მხარეებში და გვიწევს მეგობრებისა და ახლობლების გამოცდილების და რჩევის საფუძველზე შერჩევა.

უარეს შემთხვევაში ვრჩებით სხვადასხვა ტექნიკის მაღაზიათა კონსულტანტების რჩევის იმედზე, რომლებიც თქვენთვის სასიკეთო რჩევებით ნაკლებად გამოირჩევიან და ძირითადად ცდილობენ ჩვენი უცოდინრობით ისარგებლონ და ყველაზე ნაკლებად მოთხოვნადი საქონელი გაგვატანონ სახლში ან შეიძლება სრულიად უნებლიედ, უცოდინრობის გამო შეგვარჩევინონ ის რაც ჩვენს მოთხოვნებს ნაკლებად დააკმაყოფილებს. ძალიან ხშირად ვაკრიტიკებ მომსახურე პერსონალს, მაგრამ ეს მწარე რეალობაა. იშვიათია, რომ კონსულტანტი თავიდან ბოლომდე ერკვეოდეს იმ პროდუქტში, რასაც გთავაზობთ და ცოტა უფრო სიღრმისეულ კონკრეტულ კითხვაზე ან ვერ გპასუხობს ან ისე გპასუხობს რომ ვერაფერს გაიგებ. თუმცა არიან სასიამოვნო გამონაკლისებიც, რომლებიც ერკვევიან გასაყიდ პროდუქციაში და შესაბამისად კომპეტენტურ პასუხებსაც ვღებულობთ მათგან.

ამ სტატიაში კი მე შეცეცდები ჩემი გამოცდილება და სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ცოდნა გაგიზიაროთ და დაგეხმაროთ სწორი არჩევანის გაკეთებაში და გარკვეული წარმოდგენა შეგიქმნათ თანამედროვე ტელევიზორებზე.

დღევანდელ რეალობაში ძირითადად აქტუალური არის სამი ტიპის ტელევიზორი: LCD (ელ სი დი), LED (ელ ი დი) და Plasma (პლაზმა). ყველაზე გაყიდვადი ბრტყელეკრანიანი ტელევიზორია LCD ტიპის ტელევიზორები, რადგან 42 ინჩამდე (106.7 სმ) ზომის ტელევიზორებს შორის ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომი სწორედ LCD ტელევიზორებია (მაგრამ სიტყვაზე 65 ინჩიანი პლაზური ტელევიზორი უფრო იაფია ვიდრე იგივე ზომის LCD ტელევიზორი). თითოეულ მათგანს აქვს რა თქმა უნდა როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები.

ტელევიზორის შეძენისას საჭირო ტერმინები:

Inch (ინჩი) – ეკრანის დიაგონალის საზომი ერთეული. 1 ინჩი უდრის 2,54 სმ–ს.

HD Ready – HD (High Definition) ანუ ეს ნიშნავს რომ HD ტელევიზორი გვაწვდის მაღალი გარჩევადობის გამოსახულებას.

Full HD – HD უკვე იცით რასაც აღნიშნავს. Full HD ერთგავარი მარკეტინგული სხვლაა და იგივეა რაც Freesat HD, როცა არჩევანის წინაშე იქნებით HD Ready–სა და Full HD–ის შორის ყოველთვის აირჩიეთ Full HD, რადგან Full HD – ს გარჩევადობაა 1920×1080 პიქსელი (2 მლნ პიქსელი დაახლოებით), ხოლო HD Ready–ს 1366×768 გარჩევადობის შემთხვევაში თქვენი ტელევიზორის ეკრანზე თავს იყრის სულ რაღაც 1 მლნ–მდე პიქსელი), რაც უფრო მაღალია ფიქსელების რაოდენობა უფრო კარგია გამოსახულება.

HDMI – HDMI (High Definition Multimedia Interface) თვითონ აბრევიატურის განმარტებას თუ ვთარგმნით მივხდებით რომ ეს არის მაღალი გარჩევადობის მულტიმედიური ინტერფეისი, შესაბამისად საშუალო დონის ტელევიზორებსაც კი უნდა ჰქონდეთ HDMI ინტერფეისი, რადგან თქვენ მიიღოთ კარგი ხარისხის გამოსახულება ტელევიზორის ეკრანზე.

LCD

LCD TV (Liquid Crystal Display) – დასახელებიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია რომ ეს ტელევიზორები იყენებენ თხევად კრისტალურ ტექნოლოგიას გამოსახულების ეკრანზე გამოსატანად. LCD ტელევიზორები იწარმოება 19–დან 65 ინჩამდე. LCD ტელევიზორები მათი ფასიდან გამომდინარე კარგათ ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას, მოიხმარენ ნაკლებ ელექტროენერგიას ვიდრე პლაზმური ტელევიზორები, მაგრამ გააჩნიათ შედარებით ცუდი ხედვის კუთხე.

LCD ტელევიზორის დადებითი მხარეები:

– პლაზმურ ტელევიზორთან შედარებით ნაკლები ელ. ენერგიის მოხმარება;
– საბინაო პირობებისათვის მორგებული ეკრანი (ზომა, სისქე, ნაკლებად მსხვრევადი);
– მისაღები ფასი.

LCD ტელევიზორის უარყოფითი მხარეები:

– ბნელ ოთახებში შედარებით ცუდი ჩვენების ხარისხი;
– ცუდი ხედვის კუთხე;
– სწრაფად ცვალებადი კადრების დეგრადაცია

LED

LED TV (Light Emitting Diode) – LED ტელევიზორები იყენებენ სინათლის გამომყოფ დიოდებს (უბრალოდ დიოდებს) ეკრანზე გამოსახულების გამოსატანად, ის რომ LED ტელევიზორმა აჯობა LCD ტელევიზორს ფაქტია (და ეს ესეც უნდა ყოფილიყო რადგან შეიძება ითქვას LED ტელევიზორის არის LCD ტელევიზორის გაუმჯობესებული ვარიანტი), ჩვენების ხარისხითაც და სხვა მონაცემებითაც იგივე ნაკლები ელექტროენერგიის მოხმარებითაც, მაგრამ შესაბამისად მისი ფასი აღემატება LCD ტელევიზორების ფასს.

LED ტელევიზორის დადებითი მხარეები:

– მოიხმარს ნაკლებ ელექტრო ენერგიას ვიდრე LCD;
– გააჩნია თხელი პანელი ;
– გააჩნია გამოსახულების ჩვენების გაუმჯობესებული ხარისხი;
– დაახლოებით 100 000 საათით მეტს ძლებს ვიდრე LCD ტელევიზორი;
– აღიარებულია ყველაზე მისაღებ თხელეკრანიან ტელევიზორად
.

LED ტელევიზორის უარყოფითი მხარეები:

– მაღალი ფასი;
– ზოგიერთ ადამიანს აღიზიანებს LED ტელევიზორის ეკრანის განათება

.

Plazma

პლაზმური ტელევიზორები ( Plazma TV ) – ეწოდება რადგან იგი იყენებს მცირე უჯრედების შემცველ ელექტრონულად დამუხტულ იონიზირებულ გაზებს, მარტივად რომ ვთქვათ დაახლოებით იგივე ტექნოლოგიას რაც გამოიყენება ჭაღის ნათურებში. პლაზმური ტელევიზორები იწარმოება 30 ინჩიდან ზევით 150 ინჩიანიც (3,8 მ) კი, ძირითადად პლაზმური ტელევიზორის ზომა 42 ინჩდან იწყება. პლაზმური ტელევიზორის ეკრანი მზადდება შუშისაგან, ერთ–ერთი მიზეზი სწორედ ეს არის რის გამოც პლაზმური ტელევიზორი უფრო კაშკაშაა ვიდრე LCD, როგორც უკვე აღინიშნა პლაზმური ტელევიზორი უფრო მეტ ელექტრო ენერგიას მოიხმარს ვიდრე LCD და მითუმეტეს LED ტელევიზორები. ელექტრო ენერგიის მოხმარების რაოდენობა დამოკიდებულია ეკრანის სიდიდესა და გამოსახულებაზე, დიდი ეკრანის მქონე პლაზმური ტელევიზორები მოიხმარს უფრო მეტ ელექტრო ენერგიას ვიდრე პატარა ეკრაანის მქონე და ასევე ნათელი გამოსახულება მოიხმარს უფრო მეტ ენერგიას ვიდრე შედარებით ბნელი.

პლაზმური ტელევიზორის დადებითი მხარეები

– ბნელი გამოსახულების მკვეთრი გადმოცემა;
– კარგი ხედვის კუთხე, გამოსახულება არ განიცდის დეგრადაციას ხედვის კუთხის მიხედავად;
– სწრაფად მოძრავი კადრებიც კი არ არის ბუნდოვანი;
– თხელი პროფილი;
– შეიძლება დამონტაჟებულ იქნას კედელზეც.

პლაზმური ტელევიზორის უარყოფითი მხარეები

– სხივის არეკვლის საფრთხე ნათელ ოთახებში;
– დიდი რაოდენობის ელექტრო ენერგიის მოხმარება;
– მოითხოვს დიდი სივრცის მქონე ოთახში განთავსებას.

ტელევიზორის ზომა და მისთვის საჭირო სივრცე

საზოგადოებაში დამკვიდრებულია ის აზრი რომ ტელევიზორი, რაც უფრო დიდია უფრო კარგია და ამიტომ ადამიანები ხშირად ხარბდებიან დიდ ტელევიზორებს ან იწუნებენ შედარებით მცირე ტელევიზორები მისი სიმცირის გამო, იმის მიუხედავად თუ რა მოცულობის ოთახში აპირებენ მის განთავსებას. რა თქმა უნდა, დიდი და კარგი ტელევიზორი მშვენიერია, მაგრამ მის საყიდლად შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობები უნდა გქონდეთ და ამავდროულად არც რამოდენიმე ათასის გადახდა უნდა გენანებოდეთ ასეთ შემთხვევაში, მაგრამ თუ თქვენ შეზღუდული ხართ და არჩევანის წინაშე დგახართ მაშინ რამოდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ.

რამხელა ტელევიზორი შეგიძლიათ იყიდოთ? ეს როგორც უკვე აღვნიშნეთ დამოკიდებულია თქვენს ბიუჯეტზე, გემოვნებასა და იმ სივრცეზე სადაც მის განთავსებას აპირებთ.

ზოგადად რეკომენდირებულია და შესაბამისად კარგია საძინებელ ოთახში სულ მცირე 32 ინჩიანი ტელევიზორი, ხოლო მისაღებ ოთახში სულ მცირე 40 ინჩიანი ტელევიზორი.

შედარებითი უპირატესობები:

1. დიდი დიანგონალის მქონე ეკრანებში LCD-ის პლაზმა სჯობს, გამოსახულების უკეთესი ხარისხით, თუმცა შედარებით მცირე ეკრანის მქონე ტელევიზორებს შორის სჯობს არჩევანი LCD-ზე გააკეთოთ. ამ ორივე ტექნოლოგიას პლაზმასაც და LCD-საც სჯობს LED-ი. უახლოეს მომავალში LED-ი იქნება კიდევ უფრო კომფორტული და მომხმარებელზე მორგებული, ამ ეტაპზე LED-ის ერთადერთი უარყოფითი მხარე მისი მაღალი ფასია;

2. თუ თქვენ ტელევიზორს ყიდულობთ იმისათვის, რომ მისი მეშვეობით დაათვალიეროთ სურათები ან გამოიყენოთ იგი ხშირად, როგორც მონიტორი მაშინ თქვენ არჩევანი უნდა გააკეთოთ LCD-ზე;

3. 50 ინჩზე დიდი ზომის ტელევიზორებს შორის პლაზმამ აჩვენა ძალიან კარგი შედეგი და შეიძლება ითქვას რომ 50 ინჩზე დიდი ზომის ტელევიზორებში პლაზმა ინარჩუნებს სტაბილურ ადგილს. სამსუნგსა და LG-ის გააჩნიათ ძალიან დახვეწილი და თანამედროვე პლაზმური ტელევიზორები;

4. სასიცოცხლო ციკლის შემთხვევაში პლაზმა და LCD-ი საშუალოდ ერთი და იმავე მაჩვენებელს აფიქსირებენ, ამ კომპონენტშიც LED ტელევიზორები აღემატება ამ ორი ტიპის ტელევიზორებს.

წინა «
შემდეგი »