როგორ შევიქმნათ საახალწლო განწყობა?

  • daviti
  • დეკემბერი 10, 2011

გვიახლოვდება ახალი 2012 წელი, თუმცა თბილისის მერიის გარდა ალბათ ჯერ ცოტას თუ დაუწყია საახალწლო მზადება. პირადად მე, ქუჩებში განათებული ფერადი ნათურები უკვე კარგ ხასიათზე მაყენებს, თუმცა თუ გსურთ  საახალწლო განწყობა გაიმძაფროთ, მაშინ გირჩევთ მიჰყვეთ ამ მითითებებს.

    • უპირველესად  ნაძვის ხეს შევეხოთ, რომლის გარეშეც ახალი წელი არ არსებობს. სასიამოვნო პროცესია ნაძვის ხის ოჯახთან ერთად მორთვა. მაგიდის საახალწლო გადასაფარებელიც ეფექტურია, განსაკუთრებით სუფრაზე, ფერად სანთლებთან ერთად. ფანჯრების მორთვა კი ქუჩაში მოსიარულეებსაც გადასდებს სახლში შექმნილ განწყობას.
    • ლამაზად მორთულ სახლში უკვე მხიარულებაც შემოდის, თუმცა დროა მოვიმარაგოთ ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი ხილი და ციტრუსები. ჩემს ოჯახში კივი ერთ-ერთი მთავარი საახალწლო ციტრუსია, მისი სუნი ჩემში უკვე საახალწლო განწყობას იწვევს.

    • ბევრ ოჯახში ტრადიციაა, რომ საჩუქრები მხოლოდ თოვლის ბაბუას მოქვს, თუმცა რა არის ცუდი იმაში რომ ახლობლებს ჩვენც ვაჩუქოთ საჩუქრები?! მაღაზიები  უკვე მოირთო საახალწლოდ თუმცა საჩუქრების მყიდველები ნაკლებად არიან. ნუ გადადებთ ამ პროცეს ბოლოსთვის.
    • კომპიუტერი, რომელსაც ჩვენი დროის დიდი ნაწილი მიაქვს მორთეთ საახალწლოდ, დააყენეთ შესაბამისი ფონი, საფოსტო გზავნილებს კი ბოლოში დაურთეთ მისალოცი ტექსტიც.
    • ამ პერიოდში ტელევიზიით ხშირად უშვებენ საახალწლო ფილმებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უამრავჯერ გვაქვს ნანახი, მათი ყურება მაინც არ გვბეზრდება და სასიამოვნო განწყობაზე გვაყენებს.
    • საახალწლო მაშხალები (ფეიერვერკები), პატარებისათვის ახალი წლის მთავარ ატრიბუტად ითვლება. ხშირად სპეციალურად გადიან საყიდლებზე რომ 31 დეკემრისათვის გასაშვებად ყველაზე ლამაზი და ხმაურიანი მაშხალები შეარჩიონ.

  • ბოლოს კი უნდა დაიგეგმოს, თუ სად გავატარებთ ახალი წლის ღამეს: ზოგისთვის ეს საოჯახო დღესასწაულია, ზოგისთვის მეგობრებთან გატარებული ლამაზი ღამე, ზოგისთვის რესტორანში გასვლის კიდევ ერთი მიზეზი და ა.შ. არჩევანი მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. მთავარია კარგი განწყობით შევდეთ და ლამაზად გაატაროთ ახალი წელი, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ.
წინა «
შემდეგი »