როგორ შევქმნათ მოზაიკური ნამუშევარი?

  • pkzeze
  • მაისი 26, 2013

mozaika_iHOW.GE    მოზაიკა მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთი უძველესი და ურთულესი სახეობაა. კენჭებით “აწყობილი” ნახატი მაღალ ტექნიკურ და მხატვრულ ოსტატობას მოითხოვს.
მოზაიკის ტრადიცია სათავეს უძველესი ცივილიზაციებში (შუამდინარეთი, საბერძნეთი, რომი) იღებს. ძველ რომში მოზაიკით სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების კედლებსა და იატაკს ამკობდნენ, შუა საუკუნეებში კი – ქრისტიანული ტაძრების ინტერიერს. ამ დროს მოზაიკური ხატებიც იქმნებოდა.    მონუმენტური მხატვრობის ამ სახეობის მთავარი თავისებურება ისაა, რომ სხვადასხვა ფერის სმალტის კენჭების პრიალა ზედაპირი ციმციმის, ელვარების შთაბეჭდილებად ქმნის და განსაკუთრებულ ფერადოვნებას ანიჭებს მოზაიკურ ნამუშევარს.

შევქმნათ მცირე ზომის მოზაიკური ნამუშევარი

*   წინასწარ ფურცელზე ფანქრით დახატეთ თქვენს მიერ შერჩეული ორნამენტის ან მცენარის ესკიზი. ყოველ დეტალს მიაწერეთ, რა ფერის უნდა იყოს იგი თქვენს მოზაიკაზე. შეგიძლიათ ფერადი ესკიზიც გააკეთოთ.

*   მოზაიკური ნამუშევრის საფუძვლად გამოიყენეთ ხის, სქელი მუყაოს ან პლასტმასის დაფა, რომელიც თანაბრად დაფარეთ 2-3 სმ-ის სისქის მქონე პლასტილინის ან თიხის ფენით.

*   ფენის სისქე თანაბარი უნდა იყოს, ხოლო ზედაპირი – გლუვი. ამის მისაღწევად შეგიძლიათ გამოიყენოთ პლასტმასის დანა, სახაზავი; პლასტმასის ან შუშის ბოთლით გაათანაბრეთ ზედაპირი.

*   ამგვარად მომზადებულ დაფაზე დააფინეთ ქაღალდზე შესრულებული ესკიზი – ტრაფარეტი, კონტურის გასწვრივ ნემსით დაჩხვლიტეთ ფურცელი და ამ ხერხით გადაიტანეთ ნახატი თიხით ან პლასტილინის ფენით დაფარულ დაფაზე.

*   ტრაფარეტის მეშვეობით კონტურული ნახატის გადატანის დროს შესაძლებელია, ზოგიერთი დეტალი არ გადაიტანოთ, მაგ., ყვავილის დაწინწკლული გული.

*   მოზაიკაზე მუშაობის დაწყებამდე შეგიძლიათ დააზუსტოთ, შეასწოროთ ნახატი. რბილი პლასტილინი და თიხა იძლევა ამის საშუალებას.

*   წინასწარ მომზადებული მასალა (კენჭები, ნამსხვრევები და ა.შ.) მიჯრით ჩაამაგრეთ პლასტილინის ან თიხის ფენაზე ნახატის შესაბამისად.

*   ყურადღება მიაქციეთ, რომ კენჭები თანაბრად იყოს “ჩაფლული” საფუძველში. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო პატარა ზომისაა კენჭები და რაც უფრო ახლოსაა ისინი ერთმანეთთან მოთავსებული, მით უფრო ნატიფი და  დახვეწილია გამოსახულება.

*   გამოსახულების დეტალების აწყობისას გაითვალისწინეთ თქვენს მიერ წინასწარ მოფიქრებული ფერადოვნება, თუმცა, შეგიძლაით მასში გარკვეული ცვლილებებიც შეიტანოთ.

*   ნახატი შეიძლება სხვადასხვა მასალით ააწყოთ – ნაწილი ნიჟარებით, ნაწილი კენჭებით ან კერამიკული ფილის ნატეხებით და ა.შ.

წინა «
შემდეგი »