რწმენის ძალა

  • mola91
  • აპრილი 14, 2013

rcmena-iHOW.GEადამიანს ნებისმიერი ოცნების რეალიზება შეუძლია, თუ ეს ოცნება მუდმივად მის წარმოსახვაში იტრიალებს და იმდენად დიდი იქნება მისი რეალიზების “წყურვილი”, რომ ვერავითარი ბარიერი ვერ დაჩრდილავს მას.

  • არ ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული?
  • სიახლის შიში გაქვს?
  • ნებას რთავ სხვა ადამიანებს, რომ მანიპულირება მოახდინონ შენით?

მაშინ ძალიან გთხოვ, ნუღარ იტყვი: „ეჰ, ვინ მომცა მაგის ბედი“, „ყველას უმართლებს ჩემს გარდა“ და მსგავს უსაფუძვლო, მცდარ და ინფიცირებულ სიტყვებს. ნუღარ დაადანაშაულებ მშობლებს, მთავრობას, საზოგადოებას და საერთოდ ნურავის, იმიტომ რომ მხოლოდ შენ ხარ დამნაშავე – მხოლოდ შენ!!!

დღეში ათობით წერილი მომდის, სადაც ადამიანები სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით მისვამენ კითხვებს. ამ პოსტის დაწერის წინ გადავავლე ამ წერილებს თვალი და ისეთი წინადადებები ამოვკრიფე, რომლებიც ყველაზე ხშირად მეორდება:

  • „ზუსტად ვიცი მაინც არაფერი გამომივა!“;
  • „როგორც ყოველთვის ყველაფერი სასწაული მე უნდა დამემართოს!“;
  • „ამ სიტუაციიდან არანაირი გამოსავალი არ არსებობს!“;
  • „ეჰ, ვინ მომცა მე მაგის ბედი!“;
  • „ყოველთვის ერთი ნაბიჯი მაკლდება წარმატებამდე!“;
  • „დღეს კი კარგად ვარ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ხვალ ყველაფერი ისევ უარესობისაკენ შეიცვლება!“;
  • „ყველას უმართლებს ჩემს გარდა!“;
  • „თუ მთავრობაში არ გყავს ვინმე საქართველოში ბიზნესს ვერ დაიწყებ!“;
  • „მე კი შევეცდები, მაგრამ არამგონია რამე გამოვიდეს!“

რა თქმა უნდა არაფერი გამოგივა მანამ, სანამ ასეთ ნეგატიურ აზროვნებას იყენებ. ყოველი მეორე მტკიცებულება, რომელიც კონკრეტულად შენ გეხება, მაგალითად: „მე ვერასოდეს შევძლებ!“ ან „მე არასოდეს მექნება…“ და ა.შ, – ეს არის შენი შინაგანი ქმნადი ძალის მიმართ გარკვეული ინსტრუქტაჟის მიცემა, რომ მან არაფერი გააკეთოს შენთვის.

ჩვენ ამაზე სხვა პოსტებშიც გვისაუბრია, უბრალოდ პატარა განმარტებას გავაკეთებ იმისა, თუ რას ნიშნავს: „შენმა შინაგანმა ქმნადმა ძალამ, არაფერი გააკეთოს შენთვის“. – ეს ნიშნავს, რომ შენი გონება არ მოახდენს ფოკუსირებას და გამოტოვებს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, რომლებსაც შენი მიზნების განხორციელება ძალუძს და ფოკუსირებული იქნები მხოლოდ ისეთ სისულელეებზე, როგორებიცაა, მაგალითად: ფეისბუქზე ვიღაცის სურათების თვალიერება, შოუები – [დღის შოუ, ღამის შოუ, შუადღის შოუ, შაბათის შოუ, კვირის შოუ, სადილის შოუ], პოლიტიკა [გაიგე თურმე ზაქარია ქუცნაშვილს მერვე კლასში საშემოდგომო გამოჰყოლია – აი ვის ხელში ვართ] და ა.შ.

შენ წარმოიდგინე მთელი ამ ნაგავის გადამუშავების დროს – შენ ფიქრობ… და იცი სადამდე მიყავხარ ყოველივე ამას? დიახ, დიახ – შინაგან სიცარიელემდე და ემოციონალურ დეპრესიამდე, შემდეგ კი გიკვირს, თუ რატომ არ გიმართლებს არაფერში და საიდან გაქვს ამდენი პრობლემები.

გახსოვდეს:

“როგორც აღიქვავ საკუთარ თავს – სწორედ ისეთი ხარ!”

შენ იყურები გარშემო და შიგადაშიგ ხედავ ადამიანებს, რომლებსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე უმართლებს და თანსდევს წარმატება. იცი რატომ? იმიტომ, რომ მათ გააცნობიერეს და მიიღეს სამყაროსეული საიდუმლო და ყოველ დილით იმ რწმენით იღვიძებენ, რომ რაღაც “კარგი” მოხდება – და ასეც ხდება!

“მისდიე საკუთარ რწმენას – მას სასწაულების მოხდენა შეუძლია!”

გწამდეს ღმერთის საკუთარ თავში, იმიტომ რომ ის შენშია! და თუ ღმერთი შენშია, მაშინ რაღა მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ არის შენს წინააღმდეგ?!  მისდიე შენს გულის ძახილს და გადააბრუნე შიშის, ეჭვებისა და მღელვარების გორები. ეს უბრალო მოქმედებაა, მაგრამ 100%-იანი რწმენით გაჯერებულ მოქმედებას, ისეთი სასწაულების მოხდენა შეუძლია, რომ შენ უბრალოდ გაოცებული დარჩები.

ჩვენი ფიქრებისა და მოქმედებების ლოკომოტივს, ჩვენი რწმუნებულებები წარმოადგენს [და ეს შენ უკვე უნდა იცოდე]. როგორც კი იცვლება რწმუნებულება – ცხოვრებაც იცვლება, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრების ხარისხი, ჩვენი რწმენის ხარისხზეა დამოკიდებული.
პოზიტიური აზრები – იზიდავს და ქმნის!
ნეგატიური აზრები – უკუაგდებს და ანადგურებს!

გსურს დარჩე იქ, სადაც იმყოფები ამჟამად?

თუ გსურს, მაშინ ნუ შეეხები შენს აზროვნებას და ყველაფერი უცვლელად დატოვე.

სანამ არ შეიცვლი აზროვნებას, შენი მდგომარეობაც უცვლელი დარჩება, ოღონდ უცვლელი უკეთესობისკენ, თორემ უარესობააა – იცოცხლე:

“თუ თქვენ არ ვითარდებით, ესეიგი დეგრადაციას განიცდით!”

ის აუცილებლად გაუარესდება [გარანტიას გაძლევ], იმიტომ რომ არაფერია ამ სამყაროში უცვლელი, ყველაფერი მოძრაობს და თანაც მოძრაობს ან ზევით ან ქვევით.

ის, რისიც შენ გწამს, უკვე აღსრულდა!!!

მე ჭეშმარიტად მწამს ამ გამონათქვამის. რწმენას მიყავხარ იქ, სადაც შენ გინდა, რომ მიხვიდე. ასევე, ეჭვებს და ურწმუნობასაც მიყავხარ, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით და თანაც იქეთ, სადაც შენ ყველაზე მეტად არ გინდა, რომ მიხვიდე.

წინ არის ყველაფერი, რაც შენ ასე გწყურია – ჯანმრთელობა, ბედნიერება, წარმატება, სიმდიდრე.

“ადამიანი საკუთარი ბედის ბატონ-პატრონი უნდა იყოს!”

15 წლის მანძილზე არტურს ეუბნებოდნენ, რომ ინვალიდი დარჩებოდა. მაგრამ, მან გადალახა ყველა თავს მოხვეული რწმუნებულება, ხელში აიყვანა საკუთარი თავი და შეცვალა არსებული რეალობა.

აბა, რას იტყვი? შთამაგონებელია არა?

ეს ისტორია ნათლად გვიჩვენებს, თუ რაოდენ ძლიერი შეიძლება იყოს ადამიანის რწმენა და რაოდენ მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, თუნდაც ერთი ადამიანი, რომელსაც სწამს და სჯერა ჩვენი და ჩვენი შესაძლებლობების.

მე მჯერა შენი – დაიჯერე შენც!

მოგიწოდებ ახლავე გაუკეთო საკუთარ თავს გამოწვევა და მთელი შენი ცხოვრება შეცვალო!

P.S. ახლა კი მე მინდა მოვისმინო შენგან! გაგვიზიარე კომენტარებში, როგორ შთაგაგონა ამ პოსტმა და ამ პატარა ვიდეო რგოლმა? რა შეიცვალა შენს რწმუნებულებებში და როგორ აპირებ ცხოვრების შეცვლას?

P.P.S. თუ თვლი, რომ ეს პოსტი შენს მეგობრებსაც შთააგონებს, აუცილებლად გაუზიარე მათ სოციალური ქსელების მეშვეობით.

მე მწამს – შენ შეგიძლია!

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.