სად გავატაროთ ზაფხული კურორტები საქართველოში

  • Lamriko
  • June 9, 2012
  • 0

საკურორტო სეზონი თანდათან ახლოვდება. შესაბამისად, აქტუალური ხდება საკითხი თუ სად დავისვენოთ და გავატაროთ ზაფხული. მინდა გირჩიოთ კურორტები საქართველოში, სადაც სასიამოვნოდ გაატარებთ ზაფხულს და დასვენებათან ერთად გაჯანსაღებასაც შეძლებთ.

ურეკი

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მდებარე ამ კურორტის სიმაღლე ზღვის დონიდან 2-10 მეტრია. აქ დასვენება განსაკუთრებით ზაფხულობით არის სასარგებლო. კლიმატი სუბტროპიკულია, ზამთარი – რბილი, უთოვლო, ხოლო ზაფხული – ძალიან თბილი, ნოტიო. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 2000 საათია. სუბტროპიკული ფლორა (პალმა, ევკალიპტი და სხვა მცენარეულობა) ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკულ ჰავასთან და ზღვის წყალთან ერთად, პლაჟის ქვიშა, რომელიც დიდი რაოდენობით მაგნეტიტური რკინის ნაწილაკებს შეიცავს, უნიკალური ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია. მკურნალობენ თალასოთერაპიით (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში, ტერენკური და სხვა), მაგნეტიტური ქვიშის აბაზანებით. ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემის დაავადებები, ძვალ-სახსართა და ნერვული სისტემის დაავადებები, სისხლის დაავადებები, ენდოკრინული სისტემის დაავადებები.

 

საირმე

კურორტის სიმაღლე ზღვის დონიდან 1100 მეტრია. რელიეფი მთაგორიანია. კლიმატი აქ სუბტროპიკული სარტყლის საშუალო მთის (ქვედა სარტყელი) ტყიანი ზონისაა. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა, ნახშირმჟავა, კაჟიანი, ბორიანი, რკინიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 3,7-9,9 გ/დეციმეტრ კუბზე და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-მაგნიუმიანი, კაჟიანი, რკინიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,4-3,0 გ/დეციმეტრ კუბზე  (გამოიყენება სასმელად). საირმის ცენტრიდან 5 კილომეტრზე მდებარეობს ადგილი უდაბნო, სადაც მოიპოვება აზოტიან-მეთანიანი, სუსტად სულფიდური, კარბონატულ-ჰიდროკარბონატულ-სულფატურ-კალციუმიან-მაგნიუმიანი მინერალური წყლები (გამოიყენება აბაზანებისთვის). მკურნალობენ მინერალური წყლის აბაზანებითა და მინერალური წყლის მიღებით. ჩვენებები: ნეფრიტი, ცისტიტი – არატუბერკულოზური წარმოშობისა, ქრონიკული პროსტატიტი, შარდკენჭოვანი დაავადება – თირკმლის, შარდსაწვეთებისა და შარდის ბუშტისა, შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, პირველი და მეორე ხარისხის ქრონიკულად მიმდინარე სხივური დაავადება პაციენტის დამაკმაყოფილებელი საერთო მდგომარეობით, ქრონიკულად მიმდინარე პროფესიული მოწამვლა, მძიმე ლითონებით მოწამვლა, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემის დაავადებები, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, მათ შორის – ქრონიკული გასტრიტები და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები, ქრონიკული ჰეპატიტი, ქრონიკული ქოლეცისტიტი და პანკრეატიტი და სხვა.

  წყალტუბო

წყალტუბოში კლიმატი სუბტროპიკულია. სიმაღლე ზღვის დონიდან – 95-120 მეტრი. კურორტზე მარადმწვანე ბუჩქნარი და ფოთლოვანი (მუხა, წიფელი, რცხილა) ტყეები ხარობს. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია სუსტად რადიაქტიური რადონული, აზოტიანი, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-სულფატური, ნატრიუმიან-კალციუმიან-მაგნიუმიანი მინერალური წყლები, +35-+37 გრადუსი ტემპერატურით; კარსტული გამოქვაბულები. მკურნალობენ მინერალური წყლის აბაზანებითა და ინჰალაციებით, სპელეოთერაპიით. ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები – ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, გულის შეძენილი მანკები, ვენების ვარიკოზული გაგანიერება და სხვა; შარდსასქესო სისტემის დაავადებები – ქრონიკული პიელონეფრიტი რემისიის ფაზაში, ქრონიკული ნეფრიტი, ცისტიტი არატუბერკულოზური წარმოშობის, ქრონიკული პროსტატიტი; გინეკოლოგიური დაავადებები; ძვალ-სახსარტა სისტემის დაავადებები: რევმატოიდული პოლიართრიტი, ინფექციური პოლიართრიტი პროცესის აქტივობის ნიშნების გარეშე, ზრდასრულთა ხერხემლის ოსტეოქონდროზი, მაანკილოზებელი სპონდილოართროზი, ხერხემალში მოძრაობის გამოხატული დარღვევების გარეშე, სპონდილიტი და ინფექციური წარმოშობის ოსტეოქონდროზი პაციენტის თვითგადაადგილების უნარით, მიოზიტი, პერიართრიტი, სახსრების კონტრაქტურები; ნერვული სისტემის დაავადებები; ენდოკრინული სიმსუქნე, ალიმენტური სიმსუქნე და სხვა.

ბაკურიანი

ზღვის დონიდან 1750-1950მ მაღალი მთის კლიმატური კურორტია. მისი ჰავა მშრალია. ახასიათებს თანაბარი ტემპერატურა, მზის უხვი რადიაცია და ნალექების ზომიერი რაოდენობა. იქ დასვენება განსაკუთრებით კარგია ზამთარში. ბაკურიანში (ბეშუმი, გომის მთა, ბახმარო) მკურნალობის ჩვენებებია სასუნთქი გზების არატუბერკულოზური დაავადებები, ლიმფადენიტები, ქრონიკული ბრონქიტი, პლევრიტი, მეორეული სისხლნაკლულობა, მალარია, რაქიტი, ბრონქული ასთმის სუბუქი და საშუალო ფორმები, რეკოვალესცენტები.

აბასთუმანი

ზღვის დონიდან 1250-1500 მ. იგი ძველთაგანვეა ცნობილი გამაჯანსაღებელი ჰავითა და ჰიპერთერმული (48 გრადუსი) გოგირდოვანი მინერალური წყლებით. წყლები ჩინებული დამხმარე ფაქტორია თანამგზავრ დაავადებათა (ქრონიკული პოლიართრიტების, ნერვული, გინეკოლოგიური და კანის ზოგიერთი დაავადების) სამკურნალოდ ფილტვების ტუბერკულოზური პროცესის სრული კომპენსაციის დროს. ჩვენებები: ფილტვების ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევისა და ფილტვების სასუნთქი ფართობის მნიშვნელოვანი შეზღუდვის გარეშე; ფილტვების ტუბერკულოზის თანხლებით მიმდინარე დაავადებები: ხორხის ტუბერკულოზის არაწყლულოვანი ფორმები, ტუბერკულოზური ლიმფადენიტები და პლევრიტები მცირედ მომატებული ტემპერატურით; პერიფერიული ლიმფური ჯირკვლების ტუბერკულოზი დიდი დაჩირქებების გარეშე, ქრონიკული ბრონქიტი მკვეთრი ემფიზემის გარეშე, ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმები, მეორეული სისხლნაკლულობა. უკუჩვენებები: ფილტვების ტუბერკულოზი დეკომპენსაციის სტადიაში, ფილტვების ტუბერკულოზი სასუნთქი ფართობის მნიშვნელოვანი შეზღუდვით, სისხლდენებისადმი მიდრეკილება, ირიტაციული ნევროზები.

  ქობულეთი

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მდებარე ქალაქის ტიპის რაიონული ცენტრი გახლავთ. აქ კლიმატი ზღვისპირა, ნოტიო სუბტროპიკულია. ზამთარი რბილი, უთოვლოა, ზაფხული – ძლიერ თბილი, ნოტიო. ქობულეთის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები გახლავთ ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა და ზღვის წყალი. მკურნალობენ თალასოთერაპიით (ჰაერისა და ზღვის აბაზანები), ზღვაში ბანაობა, ზღვის წყლის აბაზანები, ტერენკურით (სამკურნალო, დოზირებული სიარული) და სხვა. ქობულეთში (ბესლეთი, ბიჭვინთა, გაგრა, განთიადი, ეშერა, კინდღი, ლესელიძე, მალთაყვა, მახინჯაური, სუფსა) მკურნალობის ჩვენებებია გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემის დაავადებები, შარდსასქესო და ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები, გინეკოლოგიური დაავადებები, სისხლის დაავადებები – რკინადეფიციტური ანემია (სისხლნაკლებობით, მძიმე პათოლოგიებით ან პოსტჰემორაგიული ავიტამინოზით გამოწვეული რკინის დეფიციტით), ენდოკრინული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლით გამოწვეული დაავადებები, მათ შორის – ენდოკრინული, ალიმენტური და მცირე ფიზიკური აქტივობით გამოწვეული სიმსუქნე, თირეოტოქსიკოზი, მსუბუქი ფორმის და თირეოტოქსიკოზთან დაკავშირებული სხვა დაავადებები, მიქსედემა, მსუბუქი ფორმის, ჰიპოთირეოზი თირეოიდული სიმსუქნით და სახსრებსა და ხერხემალში დისტროფიული ცვლილებებით.

როგორც ხედავთ,  საქართველოში კურორტების ფართო არჩევანია. ასე რომ შეარჩიეთ და სასიამოვნოდ გაატარეთ ზაფხული.

 

წინა «
შემდეგი »