au revoir, სიღნაღი

  • mendesa
  • May 8, 2013
  • 0

signagi-iHOW.GEაუცილებელი ატრიბუტები: დიდი ტევადობის ზურგჩანთა, საძილე ტომარა, პარალონი, საწვიმარი, გამძლე ფეხსაცმელები, ცოტაოდენი თავისუფალი დრო და ცერა თითი.

დამეთანხმეთ რომ შაბათ დილით წამოდგომა საკმაოდ ძნელია, თუნდაც იმიტომ რომ ბავშვობიდანვე ამ დილას ყველა ველოდით, რომ სკოლაში არ წავიდოდით. მაგრამ როდესაც წინ საკმაოდ სასიამოვნო მგზავრობა და ქალაქგარეთ გასატარებელი უიკენდებია, გულში სასიამოვნო მოლოდინებით ალაგებ ჩანთას და დღევანდელი მარშუტს გონებაში კიდევ ერთხელ გადაავლებ თვალს. 40იოდე წუთში ქალაქგარეთ, ლილოს გადასახვევთან ვდგავართ, სადაც კახეთისკენ მივყვებით ხოლმე მანქანებს ავტოსტოპზე.

ავტოსტოპით მგზავრობა პირველ რიგში, ფინანსური კუთხით არის მომგებიანი (ფულს არ იხდი), მეორე მხრივ, მძღოლები, რომლებსაც დავყავართ, ხშირად ისეთ ადგილებზე და კულტურულ ძეგლებზე გვიყვებიან, რომლებზეც ადრე წარმოდგენაც არ გვქონდა, მესამე მიზეზი… დანარჩენ მიზეზებზე შემდგომ მოგზაურობების დროს მოგიყვებით…. მალე მანქანა გაგვიჩერა თელაველმა მეღვინემ, რომელმაც ბადიაურის გადასახვევამდე მიგვიყვანა, გზაზე კი კახური იუმორით გაგვართო, თავისთან კურდღელაურში დაგვპატიჟა და შემდეგ პოლიციის შენობასთან ჩამოგვსვა ან ჩამოგვსხა, როგორც თვითოვნვე თქვა… შემდგომ ახალგაზრდა, სასიამოვნო, თბილისელმა წყვილმა მიგვიყვანა სიღნაღამდე, რომლებიც თურმე თითქმის ყველა უიკენდზე სიღნაღში ისვენებენ.

ჩემი მეგობრები მიყვებოდნენ ერთ ადამიანზე რომელიც ამობდა რომ ცეცხლთან ყველა თავისებურად მედიტირებსო ჩემი დაკვირვებით კი სიღნაღთან ნებისმიერი ინტერესის ადამიანს აქვს თავისი შეხების წერტილი. აქ არის 4.5 კმ-ის სიგრძის გალავანი, რომელშიც ჩატანებულია 23 კოშკი და 6 კარი. მასშია ჩაშენებული წმ.სტეფანეს ეკლესია, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება ალაზნის ველზე. ასევე ვანო სარაჯიშვილისა სახლმუზეუმი, ნიკო ფიროსმანის ნახატების კოლექცია, უდავოდ საინტერესო არქიტექტურა, სასტუმროები, რესტორნები, ღვინის სახლები თუ კაზინოები მართლაც ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის ქმნის გარემოს, სადაც ხარისხიანად დაისვენებს.

ასევეა ადგილი მათთვის ვისაც ბუნება, კოცონი, მეგობრებთან ერთად გართობა და კარავში ძილი მოსწონს.  მე ამ უკანასკნელთა ფანატიკური მიმდევარი გახლავართ და სანამ საკარვე ადგილზე ავალთ, აუცილებლად შევივლი მოედანთან არსებულ მაღაზიაში, სადაც საკმაოდ კარგ ჭაჭას ყიდიან, ასევე აქ შეგიძლიათ იგემოთ კახური ლიმონათი “ნექტარი”, რომელიც 2 ლიტრიანი სულ ლარად შეგიძლიათ იყიდოთ.

სიღნაღი-iHOW.GE

ჩემი საყვარელი საკარვე ადგილი სულ ახლოს არის სასაფლაოებთან, რაც კარავში ძილს უფრო საინტერესოს ხდის. ეს ხუმრობით, რეალურად კი, ემოციებით და შთაბეჭდილებებით დატვირთული დღის შემდეგ ერთადერთმა რამაც შეიძლება გაგაღვიძოთ, ეს ტურების ღნავილია. შეიძლება გეგონოთ  ადამიანები გლოვობენო, არ შეშინდეთ, არცერთი მათგანი  ფინია ძაღლზე დიდი არაა და ყველა ფინია ძაღლზე უფრო ეშინია ადამიანის, მაგრამ ცნობისმოყვარეა და ზუსტად იმ საჭმელებს ეტანება, რასაც ადამიანები. სანამ კარავს გავშლიდით ქართულმა ბუნებასთან დამოკიდებულებამ კიდევ ერთხელ იჩინა თავი, ჩემ წინ, პატარა მინდორზე დაახლოები 20 პოლიეთილენის პაკეტი და ბოთლი ეგდო, რომლის აქედან ნაგვის ურნამდე მიტანას მაქსიმუმ 100 კილოკალორია შესწირვოდა დამყრელისთვის. ჩვენ ეს გვენანება სამშობლოსთვის და სისხლის დაღვრაც ალბათ მხოლოდ სადღეგრძელოებში შეგვიძლია.

დილისთვის აუცილებლად შემონახული გაზიანი სასმელი ან ცივი წყალი… რომლითაც გამხნევებულები დავუყევით  გზას სოფელ ქედელამდე, სადაც წმ. ნინოს დედათა მონასტერში დილის წირვაზე მივედი, სადაც წირვის შესვენებისას გალობა მომწონს ძალიან. შემდგომ გზაზე გამოვედით, რომ წამოვსულიყავით. მონასტრიდან წამოსულმა მანქანამ თბილისამდე გამოგვიყოლა. სახლში მისულმა აბაზანა გავაცხელე, იქიდან გამოსულმა ჩაი “ეგვიპტური ღამეები” დავლიე და როცა კომპიუტერს მივუჯექი, მივხვდი, რომ კარავში გატარებული ღამეები 21-ე საუკუნის კომფორტს უფრო მაყვარებს…

P.S.  au revoir-ფრანგულად ნახვამდის ნიშნავს და სიღნაღიდან ყოველი წამოსვლისას ამ სიტყვებს ვამბობთ  ხოლმე მე და ჩემი მოლაშქრე მეგობარი: au revoir, სიღნაღი ანუ ჩვენ დავბრუნდებით…

წინა «
შემდეგი »