რა უნდა ვიცოდეთ კარტოფილის შესახებ?

  • ihow.ge
  • August 8, 2017
  • 0

კარტოფილიკარტოფილი ძაღლყურძენისებრთა ოჯახის, ორლებნიანი, ტუბერიანი მცენარეა. თავისი მრავალმხრივი გამოყენებითა და ძვირფასი კვებითი თვისებებით ერთ-ერთი დიდი მნიშვნელოვანი კულტურაა. იგი მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს სახამებელს, ცილებს, შაქარს და C ვიტამინს, B1 ჯგუფის ვიტამინის შემცველობით იგი ჯობნის კომბოსტოს, პომიდორს, სტაფილოსა და ხახვს. კარტოფილი შეიცავს აგრეთვე სხვა ვიტამინებსაც A1, B1, B6, PP.

კარტოფილის კანი და გამწვანებული ტუბერები შეიცავენ შხამიან ნივთიერება ალკალოიდ სოლანინს, რომელიც ნაწილობრივ იშლება ხარშვის დროს, ამიტომ გამწვანებული ტუბერები დამუშავების გარეშე სასურსათოდ უვარგისია. საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები საადრეო და საგვიანო პროდუქციის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

კარტოფილის სამშობლო სამხრეთ და ცენტრალური ამერიკაა. ევროპაში კარტოფილი ესპანელებმა 1565 წელს შეიტანეს. დღეისათვის კარტოფილი გავრცელებულია და მოყავთ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. საქართველოს მოსახლებამ მისი მოყვანა XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. საქართველოში კარტოფილის ნათესების მნიშვნელოვანი ნაწილი ზღვის დონიდან 1000-2500 მ სიმაღლეზე მდებარეობს. დაუშვებელია კარტოფილის მოყვანა იმ ნაკვეთზე, რომელზეც წინა წელს მოყვანილ იქნა პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა ან თამბაქო.

კარტოფილის ტუბერი

ტუბერიდან აღმოცენებულ მცენარეს აქვს ფუნჯა ფესვთა სისტემა. თითოეული ტუბერი იძლევა რამდენიმე ღეროს. ღერო თავის მხრივ იტოტება და მცენარე ბუჩქისებური აგებულების ხდება, მისი საშუალო სიმაღლე 50-100 სმ-ია. ღერო 3-4 წახნაგიანია, ღერო ძირა ნაწილში ღრუა. ჯიშების მიხედვით შეიძლება იყოს სწორად მდგომი, ნახევრად გაშლილი და ძლიერ გაშლილი მცენარეები.

ღერო ნიადაგის ქვეშ იტოტება, ვითარდება ყლორტები ანუ სტოლონები, რომელთა ბოლოში გამსხვილების შედეგად იქმნება ახალი ტუბერები. სტოლონის სიგრძის მიხედვით კარტოფილის ბუდეები შეიძლება იყოს კომპაქტური ან გაბნეული. კარტოფილის ტუბერის ქიმიური შემადგენლობა იცვლება არა მარტო ჯიშის, არამედ წყლის მეტეოროლოგიური და ნიადაგური პირობებისა და აგროტექნიკის მიხედვით.

ტუბერები შეიცავს 75% წყალს და 25% მშრალ ნივთიერებას. მშრალი ნივთიერებებიდან 13-20% მოდის სახამებელზე. კარტოფილის ტუბერში სახამებლის დაგროვება იწყება მასობრივი ყვავილობის ფაზაში, საადრეო ჯიშებისათვის დაახლოებით ივლისში, ხოლო საგვიანო ჯიშებში აგვისტო-სექტემბერში. ტუბერის განვითარების პერიოდში მაღალი ტემპერატურა იწვევს მის დაკნინებას, დაავადებას და გადაგვარებას.

კარტოფილი გარემო პირობების მიმართ დიდი შემგუებლობით გამოირჩევა. მისი გაღვივებისთვის საკმარისია 5-6C° , ხოლო ოპტიმალური ტემპერატურაა 13-15C° , ფოტოსინთეზისათვის ღერო-ფოთლების ზრდისა და ყვავილობისათვის მეტად ხელსაყრელია 20-25C° სითბო. 30C°-ზე ზრდა ფერხდება, ხოლო 35C°-ს ზევით სრულად წყდება. მაღალ ტემპერატურაზე სუსტდება ფოტოსინთეზი, მცენარეს სცვივა ყვავილები და ღერ-ფოჩი ხმება. მაღალი ტემპერატურის ასეთ უარყოფით მოქმედებას მორწყვაც კი ვერ აფერხებს. ნიადაგის 29C° მეტი ტემპერატურის ზევით ტუბერის წარმოქმნა და ზრდა სრულიად წყდება.

ტუბერის განვითარების პერიოდში მაღალი ტემპერატურა იწვევს მის დაკნინებას, დაავადებას და გადაგვარებას. სამხრეთ რაიონებში გაზაფხულზე დარგვის დროს კარტოფილის გადაგვარების ძირითადი მიზეზია მაღალი ტემპერატურის მოქმედება ტუბერის ახლად გაღვივებულ კვირტებზე, იმ მომენტში, როდესაც ტუბერი ჯერ კიდევ ბუჩქის ქვეშაა. მაღალი ტემპერატურის მოქმედებით გადაგვარებული ტუბერის სათესლედ გამოყენება დაუშვებელია.

კარტოფილის მცენარისათვის განვითარების პირველ პერიოდში სავსებით საკმარისია ნიადაგში შემოდგომიდანვე მომარაგებული წყალი. ინტენსიური განვითარებისა და ტუბერების წარმოქმნის პროცესში მცენარის მოთხოვნა წყალზე მაქსიმუმს აღწევს, ამ დროს აუცილებელია 3-5 მორწყვის ჩატარება. ნორმალური ზრდისათვის კარტოფილი საჭიროებს ფხვიერ ნიადაგს და შეუფერხებელ აერაციას ჟანგბადის მისაღებად, ამიტომ საჭიროა გაკულტურებული, სტრუქტურული და ღრმად გაფხვიერებული ნიადაგი.

იგი მაღალ მოსავალს იძლევა მთის შავმიწებისმაგვარ და ნეშომპალით მდიდარ ტყის ნიადაგებზე. კარტოფილი შედარებით კარგად იტანს ნიადაგის მჟავიანობას pH 5-7, ხოლო 5-ზე ქვევით და 7-ზე ზევით მცენარე კნინდება. კარტოფილისთვის უვარგისია მძიმე თიხნარები. კარტოფილის ჯიშებს ყოფენ სამეურნეო და ბიოლოგიური თვისებების მიხედვით. გამოყენების მიხედვით დადგენილია ოთხი ჯგუფი: სასუფრე, საკვები, საქარხნე და უნივერსალური. ვეგეტაციის მიხედვით კარტოფილის ჯიშები იყოფა: საადრეო, საშუალო და საგვიანო.

საქართველოში გავრცელებული კარტოფილის ჯიშები

ნევსკი-რუსული წარმოშობის საადრეო ჯიშია, რომელიც ხასიათდება კარგი გემოვანი თვისებებით, საშუალო მოსავლიანობით. ტუბერი თეთრია, თვლები ზედაპირული. მის მოყვანას ძირითადად მისდევენ მარნეულის, ბოლნისისა და გარდაბნის რაიონებში.

მარფონა-საშუალო ვეგეტაციის ჯიშია, ხასიათდება მაღალი მოსავლიანობით. ტუბერი მომრგვალო ოვალური, მსხვილი, ყვითელი გარეკანით, რბილობი შეფერილია ღია ყვითლად, თვალები განლაგებულია ზედაპირულად. მდგრადია კარტოფილის Y ვირუსის მიმართ, ახასიათებს ქეცის, ფიტოფტოროზისა და ფოთლების დახვევისადმი ნაწილობრივი რეზისტენტულობა.

მარფონა_კარტოფილი

იმპალა-ჰოლანდიური წარმოების საადრეო კარტოფილის ჯიშია (მწარმოებელი კომპანია “აგრიკო”), ხასიათდება მაღალი მოსავლიანობითა და კარგი გემოვანი თვისებებით. ტუბერი წაგრძელებულ-ოვალურია, გარეკანი ყვითელი, რბილობი მოყვითალო. მდგრადია კარტოფილის Y ვირუსის მიმართ, ნაწილობრივ რეზისტენტულია ნემატოდისა და ქეცისადმი.

პიკასო-ჰოლანდიური წარმოშობის ჯიშია (მწარმოებელი კომპანია “აგრიკო”), საშუალო საგვიანო ვეგეტაციის. ტუბერი ოვალური, დიდი ზომის, გარეკანი ყვითელი, წითელი თვალებით, რბილობი მკრთალ მოყვითალოდ შეფერილი. რეზისტენტულია კარტოფილის Y ვირუსის, ქეცისა და ნემატოდის მიმართ. ახასიათებს ფოთლების დახვევისა და ფიტიფტოროზის მიმართ ნაწილობრივი გამძლეობა.

სანტე-ჰოლანდიური წარმოშობის ჯიშია (მწარმოებელი კომპანია “აგრიკო”), საშუალო საადრეო ვეგეტაციის. ტუბერი ოვალური, საშუალო ზომის, გარეკანი ყვითელი, რბილობი მკრთალ მოყვითალოდ შეფერილი. რეზისტენტულია კარტოფილის Y ვირუსის, ფოთლების დახვევის, ფიტოფტორისა და ნემატოდის მიმართ. ახასიათებს ქეცის მიმართ ნაწილობრივი გამძლეობა.

ნიადაგის დამუშავება

კარტოფილის ტუბერების განვითარებისა და მაღალი, სტაბილური მოსავლის მისაღებად საჭიროა ღრმა, მსუბუქი, სტრუქტურული და კარგად დამუშავებულ-გაფხვიერებული ნიადაგი, რათა სტოლონებსა და ტუბერებს ზრდა-განვითარებისას არ შეხვდეს დიდი მექანიკური წინაამღდეგობა.

საერთოდ მთიან და მთისწინა რაიონებში, რელიეფის ხასიათის მიუხედავად, ნიადაგი უნდა მოხნან შესაძლებლობის მიხედვით შემოდგომაზე. ხარისხოვან სათესლე მასალაზე დიდად არის დამოკიდებული მაღალი მოსავლის მიღება. ამიტომ დასარგავად უნდა შეირჩეს კარგად მომწიფებული და ჯიშებისათვის ტიპიური საშუალო და მსხვილი ზომის (60-80 გ) ტუბერები.

ყველაზე სრულფასოვანი სარგავი მასალაა მთელი ტუბერები, მაგრამ სარგავი მასალის ნაკლებობის დროს ტუბერებს ანაწევრებენ. ბევრი ჯიში არ შეიძლება გაჭრილი ტუბერით დაირგას, მაგრამ თუ საჭიროა, უნდა გაჭრან დარგვამდე რამდენიმე დღით ადრე, რათა განაჭერ მხარეზე წარმოიქმნას მტკიცე კორპისებრი აპკი. მსხვილი ტუბერების უპირატესობა ისაა, რომ თვითოეულ კვირტზე მეტი საკვები მოდის, მაგრამ ზედმეტად მსხვილი ტუბერების გამოყენებაც არ არის ეკონომიკურად გამართლებული, რადგან დიდი რაოდენობით სარგავ მასალას საჭიროებს.

წვრილი ტუბერების (30-40 გ) სარგავად გამოყენების შემთხვევაში, მიიღება ჯიშისაგან გადაგვარებისნიშნიანი დაბალი მოსავალი. ტუბერის სიმსხოსა და კვების მიხედვით 1 ჰა-ზე საჭიროა 2,5-4 ტონა სარგავი მასალა. კარტოფილს თესავენ სპეციალური ოთხმწკრივიანი მისაბმელი სათესი მანქანებით. მწკრივად 75-70X30-25 სმ და კვადრატულ-ბუდობრივად (70X70 ან 60X60). თითოეულ ბუდეში 2-3 ტუბერს და ერთდროულად შეაქვთ მინერალური სასუქი. სათესისი მწარმოებლობა უდრის 6 ჰა-ს დღეში (მომსახურება 8 კაცი). ნაკვეთის თავში და ბოლოში ტოვებენ 5-5 მეტრ სიგანის ადგილს, რათა დამუშავების დროს შესაძლებელი იყოს ტრაქტორის აგრეგატების მობრუნება.

ნათესის მოვლა ძირითადად გამოიხატება იმაში, რომ ნაკვეთი მთელი ვეგეტაციის პერიოდში იყოს ფხვიერი, სარეველებისაგან თავისუფალი, წყლითა და საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფილი. გაზაფხულზე გადარგული ტუბერები შედარებით გვიან ღვივდება, აღმოცენდება 20-25 დღის შემდეგ და ამიტომ სარეველები ასწრებენ აღმოცენებას. არ არის გამორიცხული ქერქის გადაკვრაც. ყოველივე ამის გამო კარტოფილის მოვლის პირველი და აუცილებელი ღონისძიებაა აღმოცენებამდე დაფარცხვა, რითაც უმჯობესდება ნიადაგის აერაცია და მცენარის განვითარების პირობები.

კარტოფილის ნათესისი მოვლის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა აგრეთვე მიწის შემოყრა, როდესაც მცენარე 15-20 სმ სიმაღლეს მიაღწევს. ბუჩქის გარშემო ნიადაგის ფენის შენარჩუნებისათვის საჭიროა, მიწის მეორეული შემოყრა, რათა უკეთ განვითარდეს სტოლონები და ტუბერები. ეს ღონიძიება უმჯობესია ჩატარდეს ყვავილობამდე. სხვადასხვა მავნებლების წინაამღდეგ საბრძოლველად (კოლორადოს ხოჭო, მავთულა ჭიები) განსაკუთრებით ეფექტურია სათესლე მასალის თესვის წინ დამუშავება.

დასამუშავებლად გამოიყენება პრეპარატი პრესტიჟი ან სიდოპრიტი 1 ტონა სარგავი მასალის შესაწამლად საჭიროა 1 ლიტრი პრეპარატი, რომელიც იხსნება 10-15 ლიტრ წყალში. ეს ღონისძიება მთლიანად გამორიცხავს ვეგეტაციის პერიოდში კოლორადოს ხოჭოს პრობლემას. კარტოფილის დათესვიდან რამდენიმე დღეში ნიადაგს ამუშავებენ პრეპარატ სარდონით ან ზენკორით, მათგან რომელიმე ერთით. ეს პრეპარატები ნიადაგის ზედაპირზე ქმნიან დამცავ აპკს და ზღუდავენ სარეველათა აღმოცენება – განვითარებას.

1 ჰა-ზე შეაქვთ 1-1,2 კგ, რომელიც იხსნება 300-350 ლიტრ წყალში. (მოწინავე ფერმერულ მეურნეობებში დათესვიდან 5-8 დღეში ატარებენ ნათესების შემოყრას სპეციალური კვალშემომყრელებით, რომელიც აკეთებს 22-25 სმ სიმაღლის კვლებს (ბაზოებს) და ქმნის ხელსაყრელ გარემოს ტუბერების განვითარებისთვის და ამის შემდეგ ამუშავებენ აღმოცენებამდელი ჰერბიციდით). კარტოფილის აღმოცენების შემდეგ, როდესაც კულტურული მცენარე მიაღწევს 10-15 სმ სიმაღლეს, საჭიროების შემთხვევაში მიმართავენ ნათესების დამუშავებას იგივე პრეპარატების (სარდონე ან ზენკორი) შემცირებული დოზებით 0,5 კგ/ჰა-ზე.

იმ შემთხვევაში, როდესაც ნაკვეთი არის ნაყამირალი ან ძლიერ დაბინძურებულია ფესვნაყარი სარეველებით (ნარის სახეობები, ხვართქლა, გლერტა) სარეველბი ასწრებენ კარტოფილს აღმოცენებას. ამ შემთხვევაში მიმართავენ ნაკვეთების დამუშავებას კარტოფილის აღმოცენებამდე ტოტალური მოქმედების ჰერბიციდებით გლიფოგანი, ზერო, ურაგანი 3-4 ლ/ჰა; დაბლობ და თბილ რეგიონებში ხშირად დგას ერთლებნიანი სარეველების პრობლემა (შალაფა, თაგვიყანა, გლერტა და სხვა). მათ წინააღმდეგ საუკეთესო ეფექტს იძლევა ისეთი პრეპარატების გამოყენება როგორიცაა აგილი 1 ლ/ჰა, ფიუზილად ფორტე ან ფიუზილად სუპერი 2-3 ლ/ჰა.

ნათესების დამუშავება უნდა მოხდეს სარეველათა განვითარების საწყის სტადიაში (10-15 სმ სიმაღლის ფაზაში). სოკოვანი დაავადებათა (ფიტიფტოროზი, ალტერნარიოზი) წინააღმდეგ საჭიროა დროულად გატარდეს ბრძოლის ღონისძიებები. ნათესების დამუშავებას ახდენენ პროფილაქტიკის მიზნით შემდეგი პრეპარატებიდან რომელიმე ერთ-ერთით. შავიტი 0,2 % (0,6 კგ/ჰა-ზე), ანტრაკოლი 1,5-2,5 კგ/ჰა, რაპიდ გოლდი 1,5 კგ/ ჰა, კადილაკი 1,2-1,6 კგ/ჰა, მელოდი დუო 2-2,5 კგ/ჰა, მერპანი 2-2,5 კგ/ჰა.

აუცილებელია დავიცვათ და ვაწარმოოთ პრეპარატთა მონაცვლეობა (არ დავამუშაოთ ნათესები ზედიზედ ერთიდაიმავე პრეპარატით). სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა 300-400 ლ/ჰა-ზე. ზომიერი ჰავისა და ნალექის პირობებში კარტოფილი მორწყვის გარეშეც იძლევა სასურველ მოსავალს, მაგრამ მორწყვა მნიშვნელოვნად ადიდებს მოსავლს. მორწყვა განსაკუთრებით საჭიროა ზაფხულში მთიან ზონაში (ახალქალაქი, წალკა, ახალციხე) ნიადაგის ტენიანობის და ამინდის პირობების მიხედვით 2-3 ჯერ, ხოლო დაბლობ ზონაში 4-5 ჯერ.

პირველი მორწყვა უნდა ჩატარდეს ფოთლების მასობრივი განვითარების ფაზაში (ნიადაგის მეორედ გაფხვიერების წინ), მეორე კოკრობის დაწყების წინ, მესამე ყვავილობაში. მეოთხე და მეხუთე საჭიროების მიხედვით. მორწყვის ნორმა 500-600 მ3, მორწყვა ტარდება კვლებში მიშვებით. მორწყვის შემდეგ საჭიროა ნიადაგზე წარმოქმნილი ქერქის დაშლა-გაფხვიერება. კარტოფილის მოსავლიანობა დამოკიდებულია კლიმატურ-ნიადაგურ და გამოყენებულ აგროტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსზე, საქართველოს პირობებში მოსავლიანობა შეიძლება მერყეობდეს 12 ტონიდან 30-35 ტონამდე.

მოსავლის აღება დამოკიდებულია პირველ რიგში ჯიშზე, მეტეოროლოგიურ პირობებზე, გამოყენებულ აგროკომპლექსზე და სხვა. კარტოფილის შემოსვლის, მომწიფების ნიშნებიდან აღსანიშნავია ფოთლების ჭკნობა და ჩამოცვენა, ტუბერზე თხელი, ნაზი ეპიდერმისის ნაცვლად მკვრივი კორპისებრი კანის განვითარება, სტოლონების გახმობა და მათგან ტუბერების ადვილად მოცილება.

კარტოფილი_ნერგი

ფოთლებში შექმნილი ორგანული ნივთიერებების გადასვლა ტუბერში არ წყდება მის შემოსვლის უკანასკნელ ხანამდე და ამიტომ ტუბერის მატება წონაში განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს შემოსვლის უკანასკნელ პერიოდში ე.ი. ვიდრე ფოთლები არ დაკარგავენ ასიმილაციის უნარს, ტუბერის ზრდა გრძელდება. კარტოფილის აღება შეიძლება კარტოფილის მთხრელი გუთნითაც, რომელსაც მიწის შემომყრელის მსგავსად ორივე მხრიდან ფრთები აქვს. გუთნით ამოყრილ ტუბერებს ხელით კრეფენ.

მიწიდან ამოღებული და გასუფთავებული ტუბერები მინდვრიდან გააქვთ და ახარისხებენ. დაზიანებულ და წვრილ ტუბერებს პირუტყვის საკვებად იყენებენ. კარტოფილს, ამოღებისთანავე თუ მინდვრიდან არ გაიტანენ, გროვებად აწყობენ და ზემოდან აფარებენ ნამჯას ან მიწას აყრიან. გადაზიდვისას კარტოფილი უნდა დავიცვათ დაზიანებისა და დაბეგვისაგან. კარტოფილის ნორმალური შენახვისათვის კარგია 2-3C° სითბო, უფრო მაღალ ტემპერატურაზე ძლიერდება სუნთქვა და ტუბერის გაღვივება, ხოლო 1C° -ზე ნაკლებ ტემპერატურაზე მიმდინარეობს ტუბერის დატკბობა ანუ სახამებლის ხარჯზე შაქრის მატება, მინუს 1C° იწყება ტუბერის გაყინვა.

კარტოფილის კარგად შენახვის მნიშვნელოვანი პირობაა ჰაერის ტენიანობა. მაღალი ტენის პირობებში ტუბერი “ოფლიანდება” და ხელსაყრელი პირობები იქმნება მიკროორგანიზმების განვითარებისათვის, ამიტომ კარტოფილის შესანახ საწყობში ჰაერის ტენიანობა 85-90%-ის ფარგლებში უნდა მერყეობდეს. ზედმეტი ტენიანობა უნდა შემცირდეს ვინტილაციის საშუალებით. კარტოფილის შესანახი სათავსო უნდა იყოს მშრალი, ბნელი და ვინტილირებადი. კარტოფილს ინახავენ როგორც გროვებად ისე თხრილებსა და ორმოებში.

წინა «
შემდეგი »