როგორ დავადგინოთ თურქული ვირუსული ინფექცია?

  • ihow.ge
  • February 27, 2019
თურქული

თურქული – ვირუსული ინფექციური დაავადებაა. ცნობილია ვირუსის 7 ტიპი, თითოეულს გააჩნია ქვეტიპები ანუ ვარიანტები. დაავადება ძალიან სწრაფად ვრცელდება და სპეციფიური ჩარევის გარეშე შესაძლოა მოიცვას მთელი ქვეყანა.

ადამიანი თურქულით არ ავადდება, თუმცა დაავადებას მოაქვს ძალიან დიდი ეკონომიკური ზარალი მეცხოველეობაში მოღვაწე ფერმერებისათვის.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დაავადების დაფიქსირების შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ დადგება და შესაძლოა რამოდენიმე წლით შეჩერდეს ქვეყნიდან ცოცხალი ცხოველებისა და მეცხოველეობის პროდუქტების ექსპორტი/ტრანზიტი, ზოგიერთი ქვეყნის მოთხოვნებიდან გამომდინარე შეზღუდვა/აკრძალვა ვრცელდება სხვადასხვა მცენარეულ პროდუქციის ექსპორტზეც.

თურქული წყვილჩლიქიანი შინაური და გარეული ცხოველების (მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი და სხვა) ვირუსული ინფექციური დაავადებაა. ამთვისებელ ცხოველებში ავადობამ შეიძლება მიაღწიოს 100%-მდე, ხოლო მოზარდებში სიკვდილიანობამ 20%-მდე.

დაავადებული ცხოველები დაზიანებების გამო ვერ გადაადგილდებიან, უჭირთ საკვების მიღება, რის გამოც ძალიან მალე კარგავენ წონას, მცირდება წველადობაც.

თურქული – გავრცელება

თურქულის ვირუსი შედარებით გამძლეა გარემო ფაქტორების ზემოქმედების მიმართ. დაავადება დაინფიცირებული ცხოველიდან ჯანმრთელს გადაეცემა პირდაპირი კონტაქტით (აერწვეთოვანი გზით), ასევე დაბინძურებული საგნებიდან, საკვებიდან და წყლიდან. ვირუსი შეიძლება გავრცელდეს ქარის საშუალებით ხმელეთზე 60 კმ მანძილზე.

ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა დაავადების კერაში მის სასუნთქ სისტემაში შეიძლება 24-48 საათის განმავლობაში შენარჩუნდეს ვირუსი, ამიტომ ამ პერიოდში მისი ამონასუნთქი ჰაერიდან შეიძლება გავრცელდეს დაავადება კეთილსაიმედო ფერმებში, ასევე ვირუსი მექანიკურად შეიძლება დიდ მანძილზე გადაიტანონ ფრინველებმაც.

გამოჯანმრთელებული ცხოველი ვირუსმატარებელი რჩება დიდი ხნის განმავლობაში, ხოლო ვირუსს გარემოში გამოყოფს 28 დღემდე. ცხოველები კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე 4 დღით ადრე ვირუსს გარემოში გამოყოფენ ნერწყვის, ცხვირიდან გამონადენის, რძის, სპერმის, ფეკალიის, შარდის საშუალებით.

თურქული – სიმპტომები და კლინიკური ნიშნები

ინკუბაციური (ფარული) პერიოდი მერყეობს 2-14 დღე. დაავადებულ ცხოველებს აღენიშნებათ ცხელება, მადის დაქვეითება, კოჭლობა, უხვი ნერწყვდენა. ტუჩებზე, ენაზე პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირზე ჩნდება აფტები, ზოგჯერ აფტები ვითარდება ჩლიქებს შორის და ცურზე.

რამოდენიმე დღეში აფტები სკდება და გადაიქცევა ეროზიებად, რაც არცთუ იშვიათად რთულდება მეორადი ინფექციის სახით.

თურქულზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში გამოვაცალკევოთ დაავადებაზე საეჭვო ცხოველი და დაუყოვნებლივ დავუკავშირდეთ ვეტერინარ ექიმს. დიაგნოზის დასასმელად ლაბორატორიაში გამოკვლევებისთვის იგზავნება სისხლი, აფტებიდან (დაზიანებებიდან) აღებული ანაფხეკი ან სითხე.

თურქული – პრევენცია და კონტროლი

ვინაიდან სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ცხოველს უნდა შევუქმნათ კარგი მოვლა-შენახვის პირობები, შესაძლებელია ცხოველს დაენიშნოს ანტიბიოტიკებით თერაპია მეორადი ინფექციების თავიდან ასაცილებლად, ასევე პრევენციისთვის უნდა დავიცვათ შემდეგი წესები:

  • ცხოველთა გადაადგილებაზე კონტროლი (გადარეკვის დროს გადასარეკ ტრასებზე მოწყობილ ბიოუსაფრთხოების პუნქტებზე ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა);
  • ცხოველების წელიწადში ორჯერადი პროფილაქტიკური ვაქცინაცია ითვლება ყველაზე ეფექტურ კონტროლის ღონისძიებად.

სახელმწიფო თურქულის წინააღმდეგ

მოსაზღვრე და ახლომდებარე ქვეყნებში (თურქეთი, ირანი, რუსეთის ფედერაცია) თურქულის დაავადების ყოველწლიურად ახალ-ახალი აფეთქებები, ქვეყანაში ცხოველების მოვლა შენახვის მომთაბარე სისტემა (ცხოველების სეზონურ საძოვრებზე მიგრაცია), ვირუსის გარემოში შენარჩუნება/გავრცელების მრავალფეროვნება და არასტრუქტურულ ცილებზე კვლევის შედეგები (რაც მიუთითებს ვირუსის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ცირკულირებას), ქმნის გარკვეულ რისკებს, რისი გათვალისწინებითაც, ქვეყნაში ყოველწლიურად, ორჯერადად ტარდება, FAO/EUFMD (რომლის წევრიც არის საქართველო) ექპერტებთან კონსულტაციების საფუძველზე შესყიდული შესაბამისი ტიპისა და ქვეტიპების შემცველი მაღალი ხარისხის ვაქცინებით მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრისა და თხის ვაქცინაცია;

სააგენტოს მიერ ტარდება თურქულის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაციის კამპანიის ხარისხისა და ვაქცინირებულ ცხოველებში იმუნიტეტის შესწავლა, რაც გულისხმობს EuFMD ექსპერტების კონსულტაციის შემდგომ კვლევის დიზაინის მიხედვით ვაქცინირებული ცხოველებიდან (მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი) შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სისხლის ნიმუშების აღებას და სტრუქტურულ (SP)ცილებზე კვლევას;

სააგენტოს მიერ ასევე ტარდება თურქულის ვირუსის შესაძლო ცირკულირების – რისკის დონის შეფასება, რაც თავის მხრივ გულისხმობს EuFMD ექსპერტების კონსულტაციის შემდგომ კვლევის დიზაინის მიხედვით განსაზღვრული ასაკობრივი კატეგორიის ცხოველებიდან (მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი) შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სისხლის ნიმუშების აღებას და არასტრუქტურულ (NSP) ცილებზე გამოკვლევას.
წყარო:
http://www.oie.int

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.