როგორ ვაწარმოოთ თხილი?

  • ihow.ge
  • August 10, 2017
  • 0

თხილიდღევანდელი მონაცემებით საქართველოში დაახლოებით 25 000 ტონა გაუტეხავი თხილი იწარმოება. კარგი კლიმატური პირობების შემთხვევაში, საქართველოში დაახლოებით 7 000 ტონა თხილის გული იწარმოება (შრობისა და ნაჭუჭის გაცლის შემდეგ).

თხილი მრავალწლიანი ბუჩქოვანი მცენარეა, სიმაღლით 3-5 მ-მდე. უხვად ივითარებს ფესვის ყელიდან ამონაყრებს, ღეროს ქერქი გლუვია, მუქი ან მიხაკისფერი. ღეროზე განლაგებული ერთწლიანი ტოტები შებუსულია. ყველაზე მეტად გავრცელებულია სამი სახეობის (1. ჩვეულებრივი თხილი, 2. ლომბარდის, 3. პონტოს თხილი) და მათგან გავრცელებული თხილის ჯიშები.

საქართველოში გავრცელებული თხილის ჯიშებია

  • ,,ანაკლიური” – გავრცელების არეალი – სამეგრელოს რეგიონი;
  • ,,შველისყურა”- გავრცელების არეალი – ჩოხატაურისა და ზუგდიდის რაიონები;
  • ,,ხოჯა თხილი” – გავრცელების არეალი – ზუგდიდისა და გალის რაიონები;
  • ,,დედოფლის თითა” – გავრცელების არეალი – ვანის, წყალტუბოს, ოზურგეთისა და ზუგდიდის რაიონები;
  • ,,ხაჭაპურა”- გავრცელების არეალი – გურიისა და აჭარის რაიონები, ლაგოდეხის რაიონი;
  • ,,ნემსა” – გავრცელბის არეალი – გურიის რაიონები და ვანის რაიონი;
  • ,,ცხენის ძუძუ” _ გავრცელების არეალი – გურიის რაიონები;
  • ,,საივანობო” (საკვირიკებო) – გავრცელების არეალი – გურიის რაიონები;
  • ,,ათაბაბა” (ბელაქნის) – გავრცელების არეალი – გურიისა და აფხაზეთის რაიონები;
  • ,,ბერძნული თხილი” – გავრცელების არეალი – გურიის და სამეგრლოს რაიონები, წყალტუბოს, გორისა და ლაგოდეხის რაიონები.

თხილის ჯიშები კლიმატური პირობებიდან და ადგილმდებაროების მიხედვით სხვადასხვა დროს შედიან სიმწიფეში, ნაყოფის შემოსვლა გრძელდება 30-40 დღემდე. ამიტომ მოსავლის აღება რეკომენდირებულია რამდენიმე ვადაში.

გარჩეული თხილი

თხილის ტექნიკურად მომწიფების ნიშნად ითვლება საბურველის გამუქება, ამ დროისათვის გამუქებულია აგრეთვე თხილის ნაჭუჭი, განსაკუთრებით ფუძესთან და ადვილად სცილდება საბურველს. თხილს ვკრეფთ მაშინ, როდესაც თხილის ბუჩქის სუსტი დარხევის დროს ნორმალურად განვითარებული ნაყოფი ცვივა საბურველიანად ან საბურველის გარეშე. თუ თხილის ბაღები გაბალახებულია, კრეფის დაწყების წინ უნდა გაითიბოს. ნათიბი და სხვა ნარჩენები, რაც ხელს უშლის მოსავლის უდანაკარგო აღებას, გატანილ იქნეს პლანტაციიდან.

ისეთი ჯიშები, რომელთა ნაყოფი სიმწიფეში ჩენჩოს ადვილად არ სცილდება, იკრიფება ჩენჩოიანად. მათ სამი დღის მანძილზე გროვებად ათავსებენ მშრალ, გადახურულ შენობაში, ხშირად ურევენ რომ არ ჩახურდეს ან ჩაშავდეს. ამ დროს ნაყოფი გადის ფერმენტაციის პროცესს. ჩენჩო რბილდება, ადვილად სცილდება ნაყოფს, რომელიც ასრულებს სიმწიფეს და იღებს მისთვის დამახასიათებელ გემოს, ნაჭუჭი საბოლოოდ დამახასიათებელ შეფერვას. შემდეგ თხილი გადააქვთ განიავებად საცავში, ყრიან თხელ ფენებად, დროდადრო ახდენენ დაყრილი ფენის გადარევას. 10-12 დღის შემდეგ საბოლოოდ არჩევენ და ასუფთავებენ ჩენჩოსაგან. გადარჩეული მშრალი ნაყოფის სინოტივე არ უნდა აღემატებოდეს 14 %-ს.

სამრეწველო დანიშნულების თხილის ბაღის გასაშენებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნაკვეთის სწორად შერჩევას. თხილის სამრეწველო ბაღების გაშენება რეკომენდირებულია იქ სადაც ჰაერის მინიმალური ტემპერატურა არ ეცემა მინუს 20-23 გრადუსამდე. თხილი ეგუება ყოველნაირ ნიადაგს, გარდა მძიმე თიხნარი და დაჭაობებული ადგილებისა, PH 5,5-დან 8-მდე. უპირატესობა ენიჭება კარგი აერაციის, ტენიან, ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებს.

თხილის ბაღი

თხილის კულტურის გავრცელების ტრადიციულ რაიონებში (კოლხეთის დაბლობი, სამეგრელო, გურია), სადაც დაშრობილი ჭაობებია, აუცილებელია სფერული ან ნახევრად სფერული კვლების მოწყობა. უნდა მოეწყოს დასაშრობი, საწრეტი არხები, ხოლო მშრალი კლიმატის რეგიონებში სარწყავი კვლები. თითქმის ყველა რეგიონში რეკომენდირებულია ქარებისაგან დაცული ადგილების შერჩევა ან ქარსაფარი ზოლების მოწყობა (თხილის გაშენებამდე 2 წლით ადრე).

ბაღის გასაშენებლად განკუთვნილ ნაკვეთზე უპირველეს ყოვლისა უნდა ჩატარდეს მოსწორებითი სამუშაოები, მოიხვნას საპლანტაჟე გუთნით 45-50 სმ სიღრმეზე. ნიადაგში დამუშავების წინ 1 ჰა ფართობზე შეტანილი უნდა იქნეს 30-40 ტონა გადამწვარი ნაკელი, და ფოსფორ-კალიუმიანი სასუქები ( P2O5 50-70 კგ; K2O 50-60 კგ). თუ თხილის დარგვამდე ნაკვეთი დაკავებული იყო ტყით ან ბუჩქნარით, ასეთ ნაკვეთზე მცენარეული ნარჩენებისაგან საბოლოოდ გაწმენდის მიზნით, რეკომენდირებულია პირველი ორი წლის მანძილზე მოყვანილი იქნეს ერთწლოვანი კულტურები, მესამე წელს კი შესაძლებელია თხილის ბაღის გაშენება.

თუ თხილის გაშენება დაგეგმილია შემოდგომით, მაშინ ნიადაგი უნდა დამუშავდეს იმავე წლის გაზაფხულზე ან ზაფხულის დამდეგს, ხოლო გაზაფხულზე გაშენებისათვის – წინა წლის შემოდგომით. დასაველეთ საქართველოს ჭარბტენიანი და მძიმე ნიადაგების დამუშავება უმჯობესია ზამთრის ბოლოს, გაზაფხულის დასაწყისში. ნიადაგის საბოლოოდ მოწესრიგების მიზნით, მოხვნის შემდეგ საჭიროა ნიადაგის ზედაპირის გაფხვიერება მოსწორება.

თხილის ბაღებში მცნარეთა დგომის სიხშირის განსაზღვრა დამოკიდებულია ნიადაგის ნაყოფიერების, ჯიშის ზრდის სიძლიერესა და რელიეფურ თავისებურებებზე. ამა თუ იმ ზონაში შეიძლება შერჩეული იქნეს დარგვის სქემა – 5X3 მ, 4X3 მ, 5X4 მ, 4X4 მ. მცენარის დასარგავი ორმოები მზადდება გადარგვამდე 2-3 კვირით ადრე, ორმოს ზომები 40X50X50 სმ, სადაც შეტანილი უნდა იქნეს 10-15 კგ ორგანული სასუქი (გადამწვარი ნაკელი), 100 გრ ფოსფორისა და 60 გრ კალიუმის სასუქის დამატებით. თითოეულ ორმოში ირგვება კარგად განვითარებული 1 ან 2 წლიანი ერთი სტანდარტული ნერგი. აუცილებელია ნერგების დარგვისთანავე მორწყვა. სამრეწველო ბაღები შენდება 2-3 ჯიშით, დამამტვერიანებელი ჯიშის გათვალისწინებით. ნერგი ისე უნდა დაირგას რომ ფესვის ყელი დაიფაროს 7-10 სმ სისქის მიწით. თხილის ფესვთა სისტემა ძლიერ კომპაქტურია, რაც იცავს ნიადაგს ჩამორეცხვისაგან. ამიტომ თხილის პლანტაცია ხშირად გამოიყენება ფერდობ ადგილებზე, როგორც ნიადაგის ეროზიისაგან დამცავი საშუალება.

თხილის სიცოცხლის ხანგრძლივობა 80-90 წელია, ბუჩქის სიმაღლე 6-8 მეტრამდე აღწევს. თხილი სქესგაყოფილი, ერთსახლიანი მცენარეა, მდედრობითი და მამრობითი ყვავილების ყვავილობა ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს, ამიტომ პლანტაციის გაშენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დამამტვერიანებელი ჯიშების განთავსება.

მკუხე თხილი

დასაველეთ საქართველოს ტენიან, სუბტროპიკულ რაიონებში თხილი სიმწიფეში შედის ივლისის შუა რიცხვებიდან. აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში კი ერთი თვით გვიან. თხილის კულტურა მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-3 ან მე-4 წელს. სრულ მოსავლიანობას იწყებს მე-10 წელს. თხილის ბუჩქის მოსავლიანობა 23-25 წლის ასაკიდან კლებულობს, ამიტომ მოსავლიანობის აღდგენის მიზნით საჭიროა მცენარის გაახალგაზრდავება. პლანტაციის გაახალგაზრდავება შეიძლება ჩატარდეს მთლიანად და ნაწილობრივ ანუ თანდათანობით. პლანტაციის ერთდროულად მთლიანი გაახალგაზრდავებისას ყველა ბუჩქზე მობერებული დედა ტოტი უნდა გადაიჭრას ან გადაიხერხოს ნიადაგის ზედაპირთან ახლოს.

პლანტაციის გაახალგაზრდავებისას ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, წლების განმავლობაში მოსავალიანობა მკვეთრად რომ არ შემცირდეს არ შეიძლება ყველა მობერებული ბუჩქის ერთდროულად გაახალგაზრდავება. ერთი სავეგეტაციო პერიოდის მანძილზე რეკომენდირებულია ბუჩქების 15-20 %-ის გაახალგაზრდავება. ნაწილობივი გაახალგაზრდავების დროს თხილის ბუჩქებს ყოველწლიურად უნდა შეეჭრას დაბერებული დედა ტოტების ერთი მეოთხედი ან მეხუთედი.

თხილის ნარგაობის გაახალგაზრდავება ტარდება ოქტომბერ-ნოემბერში. ბუჩქის ძველი, მობერებული ღეროები იჭრება ძირში, მიწის ზედაპირიდან 5-8 სმ-ის სიმაღლეზე. ამის შემდეგ მივიღებთ ახალ ამონაყრებს, მათგან 8-10 ძლიერ ნაზარდს ვტოვებთ დედა ტოტებად, დანარჩენებს მოვაცილებთ. თხილის დარაიონებული ჯიშებით გაშენებული პლანტაცია კარგი მოვლის პირობებში იძლევა 1,5-1,8 ტ/ჰა მოსავალს.

Previous «
Next »

Leave a Reply