როგორ ვაწარმოოთ მარწყვი?

  • ihow.ge
  • August 9, 2017
  • 0

მარწყვიმარწყვი საქართველოში წარმოებულ კენკროვან კულტურებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და პოტენციური კულტურაა. საქართველოს ნიადაგობრივ კლიმატური რესურსები ხელსაყრელ პირობებს ქმნის მარწყვის მოსაყვანად.

თანამედროვე ტექნოლოგიების (შესაფერისი ჯიშები, კვალსათბურები და სხვა) გამოყენებით საქართველოს ცალკეულ რეგიონებში თითქმის მთელი წელი შეიძლება მისი წარმოება. კომერციული სახელი – ბაღის მარწყვი , მიეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს.

საწარმოო მარწყვის ძირითადი სახეობებია

  • Fragaria Virginiana – ამერიკის და კანადის აღმოსავლეთ რეგიონებიდან;
  • Fragaria Chiloensis – ატლანტის ოკეანის სანაპიროდან ჩილედან ალიასკამდე;
  • Fragaria Vesca – ევროპული (შედარებით წვრილნაყოფა).

ნაკვეთის შერჩევისას გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები

  • ნიადაგის ტიპი და ნაყოფიერება;
  • მჟავიანობა PH;
  • ნიადაგის დრენირების უნარი;
  • ქარებისაგან დაცულობა;
  • ნაკვეთის განათება (მარწყვი არ უნდა დაირგას ხეების ან შენობების ჩრდილქვეშ);
  • სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობა და სხვა.

დაუშვებელია მარწყვის პლანტაციის გაშენება იმ ნაკვეთზე სადაც წინა წელს დარგული იყო ძაღლყურძენისებრთა ოჯახის (პომიდორი, კარტოფილი, ბადრიჯანი, წიწაკა) წარმომადგენლები ან მარწყვი. ეს ნიადაგი შეიძლება შეიცავდეს ვერტიცილური ჭკნობის გამომწვევ ორგანიზმებს. ასეთ ნაკვეთებზე საჭიროა ფუმიგაციის ჩატარება.

ასევე მოერიდეთ მარწყვის გაშენებას ნაყამირალ (წლების მანძილზე დაუმუშავებელ) ტერიტორიაზე. ასეთ ნაკვეთებზე დარგვამდე საჭიროა მათი გაკულტურება (მარცვლეული ან სხვა კულტურების მოყვანა). მარწყვი უნდა დაირგას სწორ ან ოდნავ დაქანებულ ნაკვეთებზე. მარწყვის დასარგავად ნაკვეთი უნდა მომზადდეს დარგვამდე დიდი ხნით ადრე, რაც გულისხმობს მის ღრმად დამუშავებას (მოხვნა 30-35 სმ-ზე) შემდგომში გაფხვიერებას.

ნაკვეთის ხანგრძლივი ექსპლუატაციის დროს, შედარებით მძიმე ნიადაგებზე, ასევე ჭარბტენიან ზონებში რეკომენდირებულია ნაკვეთის ღრმად გამაფხვიერებლით (,,ჩიზელით’’ ან ,,რიპერით’’) დამუშავება, ნიადაგის ე.წ. ,,ქუსლის” მოსასპობად და ნიადაგის დრენირების გასაუმჯობესებლად. კარგ შედეგებს იძლევა ნიადაგის დამუშავების დროს მასში კომპოსტირებული ორგანული სასუქის შეტანა, რომელიც აუმჯობესებს ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიურ მაჩვენებლებს. მიმართავენ მის შეტანას რიგებში ან შემაღლებულ კვლებში 1 ჰაზე 20-30 ტ-ის ოდენობით. მინერალური სასუქების თანადროული გამოყენებით.

თანამედროვე ფერმერულ მეურნეობებში მარწყვს აშენებენ 20 სმ-ის სიმაღლის შემაღლებულ კვლებზე, იგი ხელს უწყობს ადრეული მოსავლის მიღებას, აუმჯობესებს ნიადაგის დრენაჟს, მოსახერხებელია მწერებთან და დაავადებებთან საბრძოლველად. შემაღლებულ კვლებს აკეთებენ სპეციალური ,,ბაზო წარმომქმნელი” აგრეგატების გამოყენებით, რომელიც ებმება ტრაქტორს.

მარწყვი ახლო ხედით

მარწყვის კვლების ზომებია 80-90 სმ სიგანეში, მანძილი კვლების ცენტრებს შორის 1,5 მ. კვლების ამაღლება უნდა იყოს თანაბარი, ძლიერ ტალღოვანი და ჩავარდნილი ადგილების გარეშე, რათა წარმოების პროცესში თავიდან ავიცილოთ ცალკეულ ადგილებში წყლის ჩადგომა. შემაღლებული კვლების მომზადების შემდეგ მიმართავენ მათ დაფარვას პოლიეთილენის ფირით ან ჩალით, რასაც ეწოდება მულჩირება. მულჩირებას რიგი უპირატესობანი გააჩნია. პირველ რიგში იგი აფერხებს სარეველების აღმოცენებას, რაც გამორიცხავს ისეთ შრომატევად პროცესს როგორიცაა გათოხვნა და გამარგვლა. მულჩირება აუმჯობესებს ნიადაგის ტენიანობის კონტროლს, ამცირებს ტენის დაკარგვას და უზრუნველყოფს ნიადაგის თანაბარ დატენიანებას წვეთოვანი სარწყავი სისტემის გამოყენების შემთხვევაში, ამცირებს ნიადაგის დატკეპვნას და ძლიერი წვიმებით გამოწვეულ ნიადაგის ეროზიას. ასევე გამორიცხავს ნაყოფების უშუალო შეხებას ნიადაგთან, რითაც ამცირებს ნაყოფების ლპობას და უზრუნველყოფს სუფთა ნაყოფების მიღებას.

მულჩირებისათვის გამოიყენება შავი ან ორფენოვანი (შავი-ვერცხლისფერი, ან სხვა კომბინაციები) 0,2-0,3 მიკრონი სისქის პოლიეთილენის ფირი. ჩალის მულჩის გამოყენების შემთხვევაში მისი სისქე უნდა იყოს მინიმუმ 2,5-3 სმ. მულჩირებისას მიაქციეთ ყურადღება, რომ იგი მჭიდროდ დაეფაროს ნიადაგის ზედაპირს, ნაკვეთი დაცული უნდა იყოს ძლიერი ქარებისაგან.

ნაკვეთის მულჩირება პოლიეთილენისა და ნამჯის გამოყენებით

წვეთოვანი ირიგაციის მილები ეწყობა ნიადაგის კვლების ზემოდან, პოლიეთილენის მულჩის ფირის დაფენამდე. ხოლო ორგანული მულჩის (ჩალა, ნამჯა) გამოყენების შემთხვევაში შეიძლება მათი ზემოდან დალაგება. საქართველოში მარწყვის დარგვის დრო დამოკიდებულია რეგიონებზე. თბილ კლიმატურ პირობებში იგი უნდა დაირგას სექტემბრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის დასაწყისამდე. ხოლო გრილ პირობებში, გაზაფხულის დასაწყისში (მარტის ბოლოდან, აპრილის შუა რიცხვებამდე).

მარწყვის საწარმოებლად რამდენიმე სახეობის სარგავი მასალა გამოყენება. ყველაზე ხშირად იყენებენ ფესვიან ნერგს. ძალზედ მნიშვნელოვანია ჯანსაღი სარგავი მასალის გამოყენება (შედარებით დიდ ფართობებზე გაშენებისას, უკეთესი იქნება სერთიფიცირებული, ვირუსებისაგან თავისუფალი ნერგების შეძენა). საქართველოს გრილ კლიმატურ პირობებში არარემონტატული მარწყვის წარმოების შემთხვევაში პირველი და მეორე მოსავალის აღების შემდეგ საჭიროა კვლების განახლება. წარმოების მესამე წელსაც შესაძლებელია მოსავლის სასურველი მოცულობის მიღება, მოყვანის ოპტიმალური პირობებისა და ჯანსაღი სარგავი მასალის გამოყენების შემთხვევაში.

მულჩირება

მარწყვის მოსავალი უნდა დაიკრიფოს დილით ადრე, ნაყოფების ზედაპირის გაშრობის შემდეგ. არასასურველია მარწყვის დღის მეორე ნახევარში მოკრეფვა, ამ დროს ნაყოფი თბილია და უფრო ადვილად ზიანდება. გრილ რეგიონებში მარწყვი შეიძლება დაიკრიფოს რამდენიმე დღეში ერთხელ, ხოლო მაღალტენიან პირობებში ყოველ მეორე დღეს. მარწყვის სიმწიფის საუკეთესო მაჩვენებელია ნაყოფის ფერი და სიმკვრივე. ნაყოფების წითლად შეფერვის ტონი შეიძლება განსხვავებული იყოს ჯიშების მიხედვით.

დაუშვებელია ნაყოფების გადამწიფება, ასეთი ნაყოფი იოლად იჭყლიტება და ვერ უძლებს ტრანსპორტირებას. ასევე არასასურველია დაუმწიფებელი ნაყოფის დაკრეფვა. დაუმწიფებელ ხილს აქვს თეთრი რბილობი ყუნწის მიმდებარე არეში, სუსტი არომატი და შაქრის დაბალი შემცველობის გამო ნაკლებად გემრიელია. მოკრეფილი ნაყოფი ლაგდება მცირე ზომის მუყაოს ყუთებში ან პლასტმასის კონტეინერებში, მათი ტევადობა მერყეობს 200 გრ-დან 1000 გრ-მდე.

მარწყვი ერთ-ერთი ყველაზე მალფუჭებადი კულტურაა და კომერციული წარმოებისას, საჭიროა მისი მოსავლის აღების შემდგომი გაგრილება, რაც ხელს უწყობს შენახვის ვადების გაზრდას და ნაყოფების ხარისხის შენარჩუნებას. საჭიროა 0-1°C –ზე ცივად შენახვის პირობების შენარჩუნება რეალიზაციამდე. ახლადმოკრეფილი მარწყვის მაქსიმალური შენახვის ვადა მოსავლის აღების შემდეგ მხოლოდ 7-დან 10 დღემდეა 0-1°C-ის პირობებში.

Previous «
Next »

Leave a Reply