როგორ ვაწარმოოთ მაყვალი?

  • ihow.ge
  • August 10, 2017
  • 0

მაყვალიკენკროვანი კულტურებისადმი ბაზრის მოთხოვნილება ყოველდღიურად იზრდება, ამიტომ მათი წარმოება კომერციული მიზნებისთვის საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. ერთ-ერთ პერსპექტიულ კენკროვან კულტურად შეიძლება ჩაითვალოს მაყვალი. მაყვალი ხარობს საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე.

აგროტექნიკა

მაყვლისათვის უნდა შეირჩეს კარგად განათებული, ორგანული ნივთიერებებით მდიდარი დრენაჟირებული ადგილები pH 6-7. მაყვლისათვის სასურველია მსუბუქი სტრუქტურის ნიადაგები, მაგრამ ის ასევე კარგად ხარობს კარგი დრენაჟის მქონე თიხნარ ნიადაგებზეც. მაყვალი ირგვება სწორი ან ოდნავ დაქანებული ზედაპირის ნაკვეთებზე. გაშენებული პლანტაცია სასურველია ველური მაყვლისაგან დაშორებული იყოს 300-500 მეტრით. მაყვალი საკმაოდ სიცივის ამტანი მცენარეა, იგი უძლებს -20°C-მდე ყინვას.

ღეროს განვითარების მიხედვით მაყვალი სამი ფორმისაა:

  • სწორმდგომი;
  • ნახევრად გამართული;
  • ხვიარა.

მაყვალს კომერციული წარმოებისას აწარმოებენ საყრდენ სისტემაზე (შპალერზე). მსხმოიარობის მახასიათებლების საფუძველზე განასხვავებენ მაყვლის ორ ტიპს: მეორე წლის ტოტებზე მსხმოიარე და პირველ წლის ტოტებზე მსხმოიარეს.

მეორე წლის ტოტებზე მსხმოიარე ტიპის მაყვლის ტოტები იზრდება პირველი წლის განმავლობაში, გვიან შემოდგომაზე ფოთლები სცვივა და ზამთარში გადადის მოსვენების მდგომარეობაში. ახალი ვეგეტატიური ზრდა ეწყება მეორე წლის გაზაფხულზე. ყვავილობს მაისის და ივნისის დასაწყისში. მოსავლის აღება კი, რომელიც განსხვავებულია ჯიშების მიხედვით, ხორციელდება ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის შუა რიცხვების ჩათვლით. ამ ტიპის მაყვალი დარგვის პირველ წელს მოსავალს არ იძლევა.

პირველი წლის ტოტებზე მსხმოიარე ტიპის მაყვალი ნაყოფს ისხამს მიმდინარე წლის ტოტების ზედა ნაწილში, აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით, რამდენიმე თვის განმავლობაში. მათ ასევე შეუძლიათ ნაყოფის მოცემა მეორე წლის ყლორტების ქვედა ნაწილში.

საქართველოსთვის რეკომენდირებულია სწორმდგომი და ნახევრად სწორმდგომი ტიპების შემდეგი ჯიშები:

  • Apachi;
  • Quachita;
  • Navaho,
  • Black Satin;
  • Chesteri; Loch Ness და სხვა.

Quachita არის ძალიან მაღალმოსავლიანი, უეკლო, საშუალო პერიოდის სიმწიფის, ძლიერი ზრდის. ახასიათებს კომპაქტური ყლორტები და მაღალხარისხოვანი ნაყოფები.

Navacho საშუალო საადრეო პერიოდის უეკლო ჯიშია, რომელიც იძლევა მსხვილ, მკვრივ, შესანიშნავი არომატის მქონე ნაყოფებს.

მაყვლის პლანტაციის გაშენებამდე, ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესებისა და ორგანული ნივთიერებებით გამდიდრების მიზნით მიმართავენ მასში ორგანული სასუქების (გადამწვარი ნაკელი ან კომპოსტი) შეტანას 30-50 ტონა/ჰა-ზე. ნიადაგს ამუშავებენ 30-35 სმ სიღრმეზე. წყალგაუმტარი ქვენიადაგური ფენის არსებობის შემთხვევაში მიმართავენ მის გაფხვიერებას სპეციალური აგრეგატებით (ჩიზელი).

ნიადაგის ოპტიმალურ მაჩვენებლებთან მიახლოების მიზნით მჟავურ მიწებზე მიმართავენ მათ გაკირიანებას, ხოლო კარბონატულ ნიდაგებზე მათ დამჟავებას. ტუტე ნიადაგებზე (pH>7) წვრილმარცვლოვანი გოგირდი უნდა შეერიოს ნიადაგის ზედა 20 სმ ფენაში დარგვამდე სულ მცირე ერთი თვით ადრე, pH -ის მაჩვენებლების ოპტიმალურ ზღვრამდე შესამცირებლად.

ნიადაგის არის მოდიფიცირება დარგვამდე ბევრად უფრო იოლია, ვიდრე დარგვის შემდეგ. ნაკვეთის მომზადების და ნიადაგში საჭირო დანამატების შეტანის შემდეგ ეწყობა გასაშენებელი რიგები ან კვლები. მაყვალი კარგი დრენაჟის პირობებში შეიძლება დაირგას სწორ ზედაპირზე. ჭარბტენიან ან ცუდი დრენაჟის პირობებში მაყვალი უნდა დაირგას შემაღლებულ კვლებზე, რომელთა სიმაღლე 25-30 სმ-ია, ხოლო სიგანე 75-80 სმ. კვლების ცენტრებს შორის მანძილი 3 მეტრი. რიგებს შორის მანძილი აგრეთვე დამოკიდებულია ნარგავის მოვლისათვსი განკუთვნილი ტექნიკის გაბარიტებზე, რათა შესაძლებელი იყოს მცირე ზომის კულტივატორების ან როტაციული ფრეზების გამოყენება.

დაქანებულ ფერდობებზე, ნიადაგის ეროზიის პროცესების შესამცირებლად, რიგები უნდა განლაგდეს ფერდობის პერპენდიკულარულად. სარგავ მასალად უნდა შეირჩეს სტანდარტული, სერთიფიცირებული, უვირუსო ნერგები. სარგავი მასალის ფესვთა სისტემა დარგვამდე უნდა შევინარჩუნოთ ტენიან მდგომარეობაში. ნერგების ფესვების გამოშრობა მნიშვნელოვნად ამცირებს მის სიცოცხლისუნარიანობას. დარგვამდე ფესვთა სისტემას ამუშავებენ სხვადასხვა ფუნგიციდებით. ნერგი უნდა იყოს 1 წლის კარგად განვითარებული, ჯანმრთელი ფესვთა სისტემით. დარგვისას, ნერგის ფესვთა სისტემა უნდა გაიშალოს და ჩაიფლას 5-7 სმ სიღრმეზე. ღერო უნდა ჩაირგას 2-3 სმ-ით უფრო ღრმად, ვიდრე სანერგეში.

დარგვისას ფესვის გარშემო ნიადაგი კარგად უნდა დაიტკეპნოს, შემდეგ საფუძვლიანად უნდა მოირწყას, ნიადაგის თითოეული ღეროს გარშემო. ღერო უნდა დამოკლდეს 10-15 სმ სიგრძემდე. მაყვლის რიგებს შორის მაძილი 0,9-1,2 მეტრია, ხოლო რიგების ცენტრებს შორის მანძილი 3 მეტრი. სწორმდგომი და ნახევრად სწორმდგომი მაყვლისათვის პირველ წელს ვარჯიდან გამოზრდილი 6-7 ყველაზე ძლიერი ღერო უნდა შეირჩეს და ფორმირდეს მარაოს მსგავსად, რათა შეივსოს ბუჩქების რიგი. ვარჯიდან დამატებით გამოზრდილი ღეროები უნდა გაისხლას, რათა შენარჩუნდეს მცენარის ღეროს სათანადო სიმჭიდროვე და მოხდეს ჭარბი ზრდის თავიდან აცილება. მთავარი მცენარის ვარჯიდან განვითარებული მრავალი ახალი ყლორტი იზრდება უფრო ჰორიზონტალური, ვიდრე ვერტიკალური მიმართულებით. ზრდის ეს ტიპი უფრო აშკარაა სწორმდგომი ტიპის ჯიშებისათვის. ამდენად, ღეროების გასამაგრებლად და ვერტიკალური ზრდის შესანარჩუნებლად საჭიროა საყრდენი სისიტემა.

მაყვლის ყველა სახეობისათვის საჭიროა საყრდენი სისტემა. იგი ზრდის მოვლის ოპერაციების ეფექტურობას. ხელს უწყობს რიგების კულტივაციას, გასხვლას, მცენარეთა დაცვის ღონისძიებების გატარებას და მოსავლის აღების პროცესებს. მაყვლის საყრდენი სისტემა შედარებით იოლი ასაგებია და საჭიროებს მხოლოდ საყრდენ ბოძებს და მავთულს. საყრდენი სისტემა შედგება 2 მეტრის სიმაღლის ხის ან ლითონის საყრდენი ბოძებისაგან, რომლებიც განთავსებულია ყოველ 4-5 მეტრში და ორ იარუსიან სიგრძეზე გაჭიმული მავთულებისაგან. თითოეული ბოძი ჩასმულია ნიადაგში დაახლოებით 30 სმ სიღრმეზე. ქვედა საყრდენი მავთულები უნდა მიემაგროს ბოძებს ნიადაგის დონიდან 75 სმ-ზე. ზედა საყრდენი მავთული ნიადაგის დონიდან 135 სმ-ზე უნდა იყოს. თითოეული რიგის ბოლოს საჭიროა უფრო მძლავრი ბოძების ჩადგმა, რათა საყრდენი სისტემა დამატებითი სიმძლავრით იყოს უზრუნველყოფილი.

მაყვლის ბაღი

ყლორტების ზრდასთან ერთად საჭიროა მათი მიბმა ქვედა და ზედა მავთულებზე, შესაბამისად ცალკეული ყლორტები უნდა გაისხლას ზედა ნაწილში, როდესაც მათი სიმაღლე მიაღწევს დაახლოებით 1,8 მეტრს. საჭიროა ბოლოების გასხვლა, ყლორტების მერქნიან მონაკვეთამდე, წვერიდან დაახლოებით 10 სმით დაბლა. ყლორტების კენწეროების გასხვლა ხელს უწყობს მეორადი გვერდითი ყლორტების ფორმირებას, რომელიც მომდევნო გაზაფხულზე გამოისხამს ნაყოფს. მწკრივში მცენარეთა ვეგეტატიური ზრდა უნდა შენარჩუნდეს 90-100 სმ სიგანის და დაახლებით 2 მეტრის სიმაღლის ფარგლებში. რაც უფრო ფართოა ან მაღალია ბუჩქი, მით უფრო რთული იქნება მისი გასხვლა და მოსავლის აღება. გარეთა ფესვებიდან ამოყრილი გვერდითი ყლორტები შეიძლება ნებისმიერ დროს მოსცილდეს.

მაყვალი მრავალწლიანი მცენარეა, მისი ფესვთა სისტემა მრავალი წლის განმავლობაში ცოცხლობს. თუმცა მცენარეების მზარდი ნაწილი მხოლოდ 2 წლის განმავლობაში ცოცხლობს და მცენარის ნაყოფიერების შესანარჩუნებლად საჭიროა მათი ყოველწლიურად შეცვლა ახალი ღეროებით, რომლებიც ამოდის ვარჯიდან ან ფესვთა სისტემიდან. მცენარეთა შიგნით ღეროების ოპტიმალური სიმჭიდროვისათვის საჭიროა მუდმივი გასხვლა და შეთხელება.

ორწლიან ტოტებზე მსხმოიარე მაყვალს ექნება ვარჯიდან ამოსული პირველი წლის ვეგეტატიური ღეროები და უკვე ჩამოყალიბებული მეორე წლის მსხმოიარე ღეროების კომბინაცია. მოსავლის აღების შემდგ მეორე წლის ღეროები კარგავს სიძლიერეს და იწყებს ბიოლოგიურად დაბერებას. ყოველი 2 წლის ღეროზე, რომელზეც გამოსხმული იყო ნაყოფები, უნდა გაისხლას ვარჯამდე ან ნიადაგის დონეზე, მოსავლის აღებიდან ცოტა ხანში. ეს ამცირებს ნაკვეთში დაავადების ალბათობას, რომლებიც როგორც წესი მაღალია დაბერებულ ტოტებში. ამის გარდა გასხვლა აუმჯობესებს ჰაერის მოძრაობას და მზის შუქის შეღწევას მცენარის შიგნით.

თებერვლის ბოლოდან საჭიროა ვარჯიდან ან ფესვთა სისტემიდან ამოსული ჭარბი ამონაყრების შეთხელება, რათა შემცირდეს მცენარეთა შორის კონკურენცია. თითოეული მცენარე უნდა გაისხლას ისე რომ, დარჩეს 6-7 ძირითადი ყლორტი ანუ ღერო, დაახლოებით 1,5 მეტრზე. გარდა ამისა, მეორადი გვერდითი ტოტები უნდა გაისხლას დაახლოებით 30 სმ-ზე. მეორადი გვერდითი ტოტები უნდა გაისხლას ასევე, სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში 30 სმ-ზე. ზამთარში დაზიანებისას საჭიროა მოიჭრას ყველა ღერო დაზიანების წერტილამდე. პირველ წელს ნერგების განვითარების დაწყებისას 1 ჰა-ზე შეაქვთ 100-120 კგ ამონიუმის გვარჯილა. 1 ჰა-ზე ასევე შეტანილი უნდა იქნეს 25-30 კგ სუფთა ფოსფორი და 50-60 კგ სუფთა კალიუმი. წვეთოვანი მორწყვის არსებობის შემთხვევაში მიმართავენ სასუქების ეტაპობრივ შეტანას სარწყავ წყალთან ერთად.

მაყვლისათვის საკვები ნივთიერებების შემცველობა ხშირად შეიძლება განისაზღვროს ფოთლის გარეგნული თვისებებით. არასაკმარისი განოყიერება ხშირად ვლინდება დეფიციტის დამახასიათებელი სიმპტომებით: აზოტის ნაკლებობისას ფოთლები ღია მწვანე-მოყვითალოა, კიდეებზე წითლად შეფერილი, ძლიერი დეფიციტის შემთხვევაში ეს შეფერილობა შესაძლებელია მთელ ფოთოლზე გავრცელდეს.

ფოსფორის დეფიციტის დროს ფოთლები სუსტად იზრდება, მცირე ზომისაა, მოლურჯომომწვანო ან ალისფერი შეფერილობის. ალისფერი შეფერილობა განსაკუთრებით შესამჩნევია ფოთლის ქვედა მხარეს.

კალიუმის დეფიციტის დროს შეინიშნება ფოთლების კიდეების სიდამწვრე და გაყვითლება. განსაკუთრებით ზიანდებიან ძველი ფოთლები.

მაყვალი ინტენსიური ზრდით ხასიათდება და მაღალი მოსავლის მისაღებად საჭიროა წყლით სათანადო უზრუნველყოფა მთელი ვეგეტაციის მანძილზე. წყალზე მოთხოვნილება დამოკიდებულია ამინდზე, მცენარის დარგვის სიხშირესა და ზრდის ინტენსივობაზე. მაყვლის რიგებს შორის ფართობი მთელი ვეგეტაციის მანძილზე თავისუფალი უნდა იყოს სარეველა მცენარეებისაგან. ეს მიიღწევა მულჩირებით, კულტივაციითა და დაბალი ბალახის საფარველის საშუალებით.

კულტივაციის შემთხვევაში უნდა მოვერიდოთ რიგებს შორის ღრმად დამუშავებას, რათა თავიდან ავიცილოთ ფესვების დაზიანება. მაყვლის ფესვები ვითარდება ნიადაგის ზედაპირთან ახლოს, ამიტომ რიგთაშორისების დამუშავების მაგივრად მიმართავენ ბალახების ნარევის თესვას და შემდეგ მისი ზრდის თანადროულად ეტაპობრივ გათიბვას.

მოსავლის აღება

მაყვლის მოსავალი უნდა მოიკრიფოს ძირში ხელის ფრთხილი მოვლებით, ცერა თითის, საჩვენებელი და შუა თითის გამოყენებით. მაყვალი ძალიან ფაქიზი ხილია და დაჭყლეტის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დიდი სიფრთხილით მოკრეფვა.

მაყვლის დაკრეფვა

მორკეფილი მაყვალი ფრთხილად უნდა ჩაიწყოს მოსაკრეფ კონტეინერებში. დაუშვებელია მისი გადატვირთვა ერთი კონტეინერიდან მეორეში. მცირე ზომის ყუთების გავსებისას საჭიროა მათი გატანა დასაფასოებლად გადახურულ პუნქტში, სადაც მათ ხელახლა ამოწმებენ, აგრილებენ და აგზავნიან სარეალიზაციოდ.

ნაყოფები იკრიფება გამჭირვალე კონტეინერებში, რომელთა ტევადობა 125-150-200 გრ-ია. მაყვალი იკრიფება დღის გრილ პერიოდში, ჩვეულებრივ დილით. ნაყოფების მოკრეფვა არ არის რეკომენდირებული თუ ჰაერის ტემპერატურა აღემატება 27°C-ს, ამ პირობებში ნაყოფები ძალზე მგრძნობიარენი არიან დაჭყლეტვისადმი. დაუშვებელია სველი ნაყოფების მოკრეფვა. მაყვალი მალფუჭადი პროდუქტია და მოკრეფვის შემდეგ მხოლდო 3-5 დღე ინახება. ნაყოფები უნდა გაცივდეს დაკრეფვიდან რაც შეიძლება სწრაფად და შეინახოს 0-1°C-ზე.

Previous «
Next »

Leave a Reply