როგორ ვებრძოლოთ ჭარხლის მავნებელ დაავადებებს?

  • ihow.ge
  • August 8, 2017
  • 0

ჭარხლის მავნებლებიჭარხლის მოყვანისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გამარგვლა-გამეჩხერებას, რიგთაშორისების გაფხვიერებას, რწყვას. შესაბამისი ჰერბიციდების გამოყენება საგრძნობლად აიოლებს მოვლის პროცესს (ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ ბელვედერი ან ბეტანალი გამოყენებას 1,5-3 ლ/ჰა-ზე, ერთლებნიანებთან (შალაფა, ჭანგა) საბრძოლველად აგილი 0.8-1 ლ/ჰა-ზე. ფიუზილადი 2-4 ლ/ჰა-ზე).

ჭარხლის მენაღმე ბუზი

ბუზი ფერფლის ფერია, სიგრძით 6-8 მმ. ბუზი ჩნდება მაისის დასაწყისიდან. დედლები დებენ წაგრძელებულ, თეთრი ფერის კვერცხებს ფოთლის ქვედა მხარეს (ჭარხალი, ისპანახი, თუთაბო, ლემა, ლენცოფა). 10 დღის შემდეგ ჩნდებიან მოყვითალო, უფეხო ლავრები, მათი სიგრძე 7,5 მმ-მდე აღწევს. ისინი ჭამენ ფოთლის შიგთავსს, წარმოქმნიან მის ზედაპირზე ნაღმისებურ ბურცობებს. დაზიანებული ადგილები უფერულდება. ძლიერ დაზიანებული ფოთლები ყვითლდებიან და ხმებიან. ბრძოლის ღონისძიებები: ინსექტიციდებით ნათესის შესხურება ბუზების გამოფრენის ფაზაში: ბი-58, აქტელიკი, პირინექსი, კარბოფოსი 0,15-0,2% კონცენტრაციით. თესლბრუნვა, სარეველების განადგურება, ნიადაგის საშემოდგომო დამუშავება.

ჩერკოსპოროზი

ჩერკოსპოროზი იწვევს ჭარხლის ფოთლების ლაქიანობას. როდესაც ავადმყოფობა სუსტადაა წარმოდგენილი, მაშინ ცალკეულ ფოთლებზე წვრილი ლაქები ვითარდება. თითოეული ლაქა მონაცრისფროა და მუდამ აშკარად წითელი არშია აქვს შემოვლებული, რითაც სხვა ლაქიანობისაგან განსხვავდება. ჭარხლის ჩერკოსპოროზის განვითარებისათვის ოპტიმალური პირობებია 20-25C0 და 90-100 % ტენიანობა. ბრძოლის ღონისძიებები: ნარჩენების შეგროვება და დაწვა, სპილენძის შემცველი ფუნგიციდების (სპილენძის ორჟანგი, კუპროფლო, კუპროკაფარო და ა.შ.) შესხურება.

ჭარხლის ნაცარი

ავადმყოფობის დროს ჭარხლის ფოთლები და ღეროები მთლიანად იფარება ნაცრისფერი ძლიერი ფიფქით; ფიფქი დასაწყისში ცალკე ლაქების სახითაა, შემდეგ კი ერთდება, ფოთოლი თანდათან ყვითლდება და ბოლოს ხმება. ბრძოლის ღონიძიებები: ნარჩენების განადგურება, თესლბრუნვა, ფუნგიციდების გამოყენება: კოლოიდური გოგირდი 1%, ტოპაზი, ბამპერი 0,1 %.

წინა «
შემდეგი »