როგორ ვმართოთ დრო?

  • Mercia
  • აგვისტო 10, 2016

დროის გადანაწილებაალბათ, ბევრ თქვენგანს აქვს დროის მართვის პრობლემა და ეს, შეიძლება ითქვას, ნორმალურიცაა ჩვენს დროში – იმისათვის, რომ დღევანდელი ცხოვრების ტემპს ფეხი აუწყოთ, საჭიროა მობილიზება და დროის სწორი განაწილება. თუ თქვენ გსურთ, ეს გაცილებით მარტივად მოახერხოთ, მაშინ ქვემოთ მოცემული რჩევები ნამდვილად დაგეხმარებათ.

პირველ რიგში, საყურადღებოა ის, რომ დროის კონტროლი მით უფრო მარტივია, რაც უფრო ადრეულ ასაკშიც დაიწყებს ამისთვის მუშაობას ადამიანი, თუმცა ეს არც ზრდასრულ ასაკშია შეუძლებელი. მთავარია, თითოეულმა ადამიანმა თავისი ცხოვრების წესისა და ინტერესებისამებრ დაგეგმოს დრო და შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ შეუდგეს მის შესრულებას.

დროის მართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება არის ყოველდღიური გეგმის შედგენა. რა საჭიროა მომდევნო დღისთვის მოსაგვარებელი საქმეების ჩამონათვალის გაკეთება ყოველი დღის ბოლოს და რატომ არის უმჯობესი მისი უბის წიგნაკში ჩანიშვნა? ამაზე ძალიან კარგი პასუხის პოვნა შეგვიძლია მენეჯმენტის მამად წოდებული ავსტრიელი მეცნიერის, პიტერ ფერდინანდ დრუკერის, წიგნში “ეფექტური მმართველი”, სადაც მას ძალიან კარგი მაგალითი მოჰყავს: “ხალხს თუ შევკრიბავთ  განათებულ, მაგრამ დახურულ სივრცეში, რამდენიმე საათში დაკარგავენ დროის შეგრძნებას და რაც არ უნდა ეცადონ, საკუთარი მეხსიერების ხარჯზე დათვალონ თუ რამდენი ხანი იმყოფებიან ასეთ შენობაში, ვერაფერს ვერ მიაღწევენ.” იმ ადამიანის გონება, რომელიც გამუდმებით მუშაობს საკუთარ თავზე და შრომობს წინსვლისა და წარმატებისათვის, ისედაც დატვირთულია ძალიან ბევრი საფიქრალით, ასე რომ, ნამდვილად ჯობს ჩვენი ყოველდღიური გეგმა დავწეროთ და ამგვარად გავიმარტივოთ დროის მართვა.

აუცილებელია, დაგეგმვისას გვახსოვდეს, რომ შეიძლება მოხდეს ბევრი გაუთვალისწინებელი რამ, რისი არიდებაც ფიზიკურად შეუძლებელია. მაგალითად, გვესტუმროს დიდი ხნის უნახავი მეგობარი, მოვხვდეთ მანქანების საცობში დიდი ხნით, მოგვიწიოს სასწავლო დაწესებულებებსა თუ სამსახურში მეტი დროით დარჩენა და ა.შ. თუმცა თუ ჩვენი დღის გეგმაში გამოვყოფთ საკმარის თავისუფალ დროს, მაშინ შესაძლებელი იქნება შეუფერხებლად შევასრულოთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე გაუთვალისწინებელი და დაუგეგმავი შემთხვევების მუხედავად – ისინი ავტომატურად ჩვენი გეგმის “თავისუფალი დროის გრაფაში” ჩაინიშნებიან.

დრო

არის კიდევ ერთი რჩევა, რომლის გათვალისწინებაც დიდად წაგადგებათ. შეიძლება ზოგიერთი ადამიანის პიროვნულობასთან კონფლიქტში მოდიოდეს საქმისადმი ამგვარი დამოკიდებულება, თუმცა ყველაზე ლოიალურმა ადამიანებმაც უნდა შეძლონ უარის თქმა იმ რაღაცებზე, რომლებიც შეიძლება ხელისშემშლელ ფაქტორებად იქცეს. მაგალითად, თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ საპრეზენტაციო ნაშრომზე მუშაობა დღის 14:00 საათიდან 16:00 საათამდე და ამ დროს თქვენმა მეგობარმა გთხოვათ ფინჯანი ყავის დასალევად კაფეში წასვლა, თქვენ უნდა შეძლოთ უწყინარი უარით უპასუხოთ მის თხოვნას და თავისუფალ დროს შესთავაზოთ მას კაფეში წასვლა. ეს არ იქნება უარის თქმა მეგობრისთვის, ეს იქნება უარის თქმა თქვენთვის ხელისშემშლელი ფაქტორისთვის.

თუმცა სამყაროში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და იდეალურიც არავინ და არაფერია. ამიტომ თუ კარგად შედგენილი გეგმის, გათვალისწინებული თავისუფალი დროის, არამნიშვნელოვან საქმეებზე უარის თქმის შემდეგ თქვენ მაინც ვერ მოახერხეთ გეგმის სრულად შესრულება, ნუ დაღონდებით და ჩაიქნევთ ხელს! ნუ მისცემთ სასოწარკვეთასა და აპათიას საშუალებას, თქვენი შრომა არაპროდუქტიული გახადონ! მოტივაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ყოველ საქმეში. გაიხსენეთ ძალიან კარგი ფრაზა – “გაუღიმე სამყაროს და სამყაროც გაგიღიმებს შენ”, იფიქრეთ, რომ მხოლოდ თქვენშია გამოსავალი ყველა სიტუაციიდან და უბრალო მიზეზებს არ უნდა მისცეთ საშუალება, აჯობონ თქვენს ნებისყოფას. მოძებნეთ მოტივაცია და მართეთ დრო მისი დახმარებით, რადგან კარლ მაქრქსის თქმისა არ იყოს, “ყველა სახის ეკონომია საბოლოო დაანგარიშებით დროის ეკონომიაზე დაიყვანება”.

დროის მართვა

ყველაზე მთავარია, იცოდეთ გზა, მასზე სიარულს კი მონდომებითა და ძალისხმევით აუცილებლად ისწავლით. იმედია, ეს რჩევები დაგეხმარებათ სწორ გზაზე დადგომასა და მობილიზებაში, რათა შემდეგ სწორად შეძლოთ ყველა საქმის მოგვარება და დროის წარმატებულად მართვა.

წინა «
შემდეგი »