როგორ მოვიყვანოთ ვაზი?

  • ihow.ge
  • April 5, 2016

ვენახიმევენახეობის ყველა ზონაში სავენახე ფართობის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ კლიმატური ფაქტორების გავლენა ვაზის მოსავლიანობაზე, მოსავლისა და ღვინომასალის ხარისხზე. აქედან გამომდინარე დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის და ქვენიადაგის თვისებებს, ფერდობების დაქანებას და სხვა.

იმ ადგილებში, სადაც ჰაერის ტემპერატურა სისტემატურად ეცემა -15 გრადუსზე ქვემოთ, ვაზი უნდა აღიზარდოს 100-120 სმ სიმაღლის შტამბზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მოზამთრე კვირტების ყინვისაგან დაზიანების შესაძლებლობას.

მთიან ზონაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ექსპოზიციას. სადაც შედარებით ნაკლები სითბოა, ვენახები პირველ რიგში უნდა გაშენდეს სამხრეთ და სამხრეთაღმოსავლეთის ფერდობებზე.

ვენახის გასაშენებელ ფართობზე უნდა ჩატარდეს რიგი ღონისძიებები:

  • ნაკვეთის გაწმენდა ბუჩქების, მსხვილი ქვებისა და სარეველებისაგან;
  • ნიადაგის ზედაპირის მოსწორება;
  • სარწყავი ქსელის მოწყობა;
  • სადრენაჟე ქსელის მოწყობა;
  • ნიადაგის აგროსაწარმოო თვისებების გაუმჯობესება;
  • პლანტაჟის ჩატარება;
  • ქარსაფარი ზოლების მოწყობა.

სავენახედ გამოყოფილი ნაკვეთი უნდა გაიწმინდოს ჯაგნარისა და ხის ძირკვებისაგან. პირველ რიგში უნდა გაიკაფოს და ამოიძირკვოს დიდი ხეები, ისე რომ ნიადაგში არ დარჩეს ფესვები, რადგან ისინი ხელს უშლიან ნიადაგის დამუშავებას. თუ სავენახე ნაკვეთზე გავრცელებულია სარეველები, მათ მოსასპობად საჭიროა გადარგვამდე ნაკევთის დამუშავება ჰერბიციდებით. თუ ვენახი შენდება ნავენახარ ფართობზე საჭიროა ვაზის ძირფესვიანად ამოძირკვა, ნაკვეთიდან მისი გატანა და დაწვა.

ნიადაგის მოსწორება ხდება პლანტაჟის წინ, იმ შემთხვევაში თუ სავენახე ფართობზე გვხვდება უსწორმასწორო ადგილები, ორმოები ან ბორცვები, რაც ხელს უშლის ნიადაგის შემდგომ დამუშავებას.

საკვები ნივთიერებებით ღარიბ ნიადაგებზე ღრმად დამუშავების წინ სრული დოზით უნდა შევიტანოთ ორგანული და მინერალური სასუქები.

ნიადაგის პლანტაჟის ანუ ღრმად დამუშავების დროს ხდება ნიადაგის გაფხვიერება ფენათა გადაადგილებით. დამუშავების სიღრმე აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებისათვის უდრის 60-70 სმ, ხოლო დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონებისათვის კი 50-60 სმ-ს.

ნიადაგი გასაშენებლად მომზადებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც იგი გაფხვიერებულია და დამჯდარი. ამის უზრუნველსაყოფად პალნტაჟი უნდა ჩატარდეს ვაზის დარგვამდე 3-5 თვით ადრე. პლანტაჟირებული ფართობი ვაზის დარგვამდე 20-25 დღით ადრე უნდა გადაიხნას გარდიგარდმო 25 სმ სიღრმეზე და დაიფარცხოს. პლანტაჟის დროსვე ახდენენ ორგანული და მინერალური სასუქების ნიადაგში შეტანას.

ვაზი

ვაზის დარგვის სიხშირე განისაზღვრება მწკრივთა შორის და მწკრივში ვაზებს შორის მანძილით. კვების არე დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე, მოვლა-დამუშავების წესებსა და ჯიშის სიძლიერეზე. ნოყიერ და ტენიან ნიადაგებზე ვაზი შედარებით დიდ კვების არეზე უნდა დაირგოს, ღარიბ და მწირ ნიადაგებზე კი ხშირი ნარგაობა იძლევა უკეთეს შედეგს. იქ სადაც შესაძლებელია მექანიზაციის გამოყენება მწკრივთა შორის სიგანე არ უნდა იყოს 2,1 მ-ზე ნაკლები. სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით მიმართავენ განსხვავებული კვების არის გამოყენებას:

  • 2,1X1 მ;
  • 2,5X1-1,25 მ;
  • 1,5X1,75-2 მ;
  • 3X-1,25 მ.

ვაზის დარგვისას, მხედველობაში უნდა მივიღოთ ვაზების თანაბარი განლაგება, ძლიერი ქარების მოქმედების შესუსტება, ნიადაგის დამუშავება მექანიზაციის საშუალებით და მორწყვა კრიტიკულ პირობებში. თუ ნაკვეთი დაქანებულია, მაშინ მწკრივები ეწყობა დაქანების გარდიგარდმო ძლიერ ქარიან ადგილებში გაბატონებული ქარების მიმართულების გასაწვრივ. სარწყავ პირობებში გასათვალისწინებელია სარწყავი წყლის მიმართულება. ნიადაგის მოსწორებისა და გაწმენდის შემდეგ ნაკვეთი იგეგმება დასარგავად. ამისათვის მწკრივებს შორის დადგენილ მანძილზე (2,1-2-3 მ) გაიჭიმება მავთული და გაივლება სწორი ხაზი. შემდეგ – საწინაამღდეგო მიმართულებით. ვაზებს შორის მიღებულ მანძილზე (1-1,25-2 მ) გაივლება ასეთივე მავთული და მათი გადაკვეთის წერტილში დაირგვება ვაზი.

ნაკვეთის დაგეგმვა მონიშვნითაც შეიძლება. ამისათვის მწკრივების გასწვრივ თავსა და ბოლოში, მწკრივებს შორის მიღებულ მანძილზე ჩაისობა პალოები, მათზე გაიჭიმება მავთული და ვაზთა შორის მანძილი აღინიშნება ჩხირების ჩასობით.

ვაზის დარგვა შეიძლება როგორც შემოდგომაზე, ასევე ადრე გაზაფხულზე. უპირატესობა ეძლევა შემოდგომაზე დარგულ ვაზს. საშემოდგომო დარგვა წარმოებს შემოდგომა-ზამთრის განმავლობაში თბილ დღეებში გაუყინავ ნიადაგზე. გაზაფხულზე ვაზი უნდა დაირგოს არაუგვიანეს 10-15 აპრილისა.

ვენახის გაშენებისას ერთწლიან ნამყენ ნერგს დარგვის წინ კვლავ ახარისხებენ, ნაზარდს ორ კვირტზე გადაჭრიან, აცლიან დაზიანებულ ფესვებს, ძირითად ფესვებს კი ამოკლებენ 10-15 სმ-მდე. გაზაფხულზე დარგვისას ნერგებს 24 საათი ალბობენ წყალში.

ვაზს რგავენ ორმოებში. გასაშენებელ ფართობებზე ორმოს ამოღება ხდება მექანიკური წესით. საერთოდ ვაზის დარგვა უმჯობესია 40-50 სმ სიღმისა და 30 სმ სიგანის ორმოში, რომლის სიღრმე 8-10 სმ-ით უნდა აღემატებოდეს ვაზის ნერგის სიგრძეს. თითოეული ორმოსათვის საჭიროა 5-6 კგ გადამწვარი ნაკელი, რომელსაც ურევენ ფხვიერ მიწაში.

ჯარისკაცის მამა

ვენახის გაშენებისას სასუქები უნდა შევიტანოთ დასარგავი ორმოს ფსკერზე, ზემოდან დაეყრება 6-8 სმ სისქის ე.წ. მიწის გამყოფი ფენა და შემდეგ დაირგვება ვაზი. ორგანული (ნაკელი, კომპოსტი) სასუქები პირდაპირ შეერევა ორმოდან ამოღებულ მიწას და დარგვის დროს მოეყრება მთლიანად.

ვენახის გაშენების პირველსა და მეორე წელს ნარგაობის მოვლა ისე უნდა წარიმართოს, რომ ფესვთა სისტემა და მიწისზედა ნაწილები რაც შეიძლება კარგად განვითარდეს. აგროტექნიკის მაღალი დონე უზრუნველყოფს ახალგაზრდა ვაზის ფორმირების დაჩქარებას, მსხმოიარობის ადრეულ ასაკში დაწყებას და შემდგომში ყურძნის რეგულარული მოსავლის მიღებას.

ამ მიზნით, დარგვის პირველ წელს საყრდენის მოწყობა, ყლორტების ნორმირება ჯერ ჭიგოზე და შემდეგ შპალერზე აღზრდა განაპირობებს სავეგეტაციო ძალის გაძლიერებას, ადიდებს საასიმილაციო ზედაპირს, რაც თავის მხრივ დადებით გავლენას ახდენს ფესვთა სისტემის მძლავრ განვითარებაზე.

ვენახის გაშენების პირველ წელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნიადაგის დამუშავებას, კოკოლების გაფხვიერებას, სარეველების წინაამღდეგ ბრძოლას, ვაზის დაცვას სოკოვანი დაავადებებისა და მავნებლებისაგან.

ადრე გაზაფხულზე მწკრივთაშორისებში საჭიროა ნიადაგის კულტივატორით გაფხვიერება 10-12 სმ სიღმეზე. სანამყენედან გამოტანილი ფესვების შეჭრას და საძირეზე ამონაყრების მოცილებას იწყებენ ივნისის მეორე ნახევრიდან. ახალშენ ვენახში ნიადაგი ყოველთვის გაფხვიერებული და სარეველებისაგან სუფთა უნდა იყოს, რისთვისაც ვეგეტაციის პერიოდში მიმართავენ კულტივაციის რამდენჯერმე გამოყენებას. ყინვასაშიშ ზონაში ნიადაგი მოიხვნება ნაღარად 15-18 სმ სიღმეზე. ამ შემთხვევაში ვაზს ორივე მხრიდან მიეყრება მიწა და დაცული იქნება ზამთრის ყინვებით დაზიანებისაგან. სხვა შემთხვევაში ვენახის გაშენების პირველ და მეორე წელს ღრმა ხვნა აუცილებელი არ არის და იგი კულტივაციით უნდა შეიცვალოს.

მესამე წლიდან კი ნიადაგის დამუშავება ისე უნდა განხორციელდეს, როგორც ეს მოსავლიანი ვენახებისათვის არის რეკომენდირებული. სარწყავში დარგვის პირველ წელს ვენახი ირწყვება 2-4 ჯერ. ხანგრძლივი გვალვებისას ვაზი შეიძლება მოირწყას მოზიდული წყლითაც. ასეთ შემთხვევაში ნამყენ ვაზს მოეხსნება კოკოლა, დაესხმება 4-5 ლიტრი წყალი და მიეყრება მიწა.

შერეული ჯიშები და სუსტი ვაზები ვეგეტაციის პერიოდში მოინიშნება და შემოდგომაზე ამოიძირკვება. მათ ნაცვლად და გაცდენილ ადგილებში დაირგვება იმავე ჯიშის მაღალხარისხოვანი ნამყენი ნერგი, შეედგმება ჭიგო და ვეგეტაციის პერიოდში თითოეულ მათგანზე აღიზრდება ორი ყლორტი. მექანიკური დაზიანებისაგან დაცვის მიზნით ყლორტები პერიოდულად მაგრდება საყრდენზე და ეცლება ნამხარი. გამორგული ვაზის მოვლისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კვების პირობების გაუმჯობესებას, რწყვას, მწვანე მასის სივრცეში სწორ განლაგებას და მათი ფორმირების დაჩქარებას.

ვენახის მუშა

ახალშენ ვენახში აგრო-ღონისძიებების დროული გამოყენება აძლიერებს მცენარის სავეგეტაციო ძალას და განაპირობებენ ნაადრევი მოსავლის მიღებას. ფორმირების დასაჩქარებლად საჭიროა დარგვის პირველ წელს ჩატარდეს ყლორტების ნორმირება. ვაზზე ერთი-ორი უკეთესად განვითრებული ყლორტის დატოვებით და მათი საყრდენზე აღზრდით. ზრდა-განვითარების სიძლიერის მიხედვით, მეორე წელს ვაზი გაისხვლება შტამბის სიმაღლეზე, ანდა შტამბისა და სანაყოფის გამოყვანა მოხდება ერთდროულად (შტამბის ზონაში ყლორტების შეცლით), ხოლო შედარებით სუსტი განვითარების ვაზი დაინეკება, ე.ი გაისხვლება 2-3 კვირტზე.

სიმეჩხერე საგრძნობლად ამცირებს ყურძნის მოსავალს და უარყოფით გავლენას ახდენს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. ვენახში ყოველწლიურად შეიძლება დაიღუპოს გარკევული რაოდენობის ნარგაობა, რომლის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ცუდად მომზადებული ნიადაგი;
  • უხარისხო ნერგის დარგვა;
  • მოვლის წესების დარღვევა;
  • არახელსაყრელი გარემო პირობები (ყინვა, გვალვა, სეტყვა);
  • დაავადებები და მავნებლები;
  • მექანიკური დაზიანებები – ტრაქტორით, გუთნით, კულტივატორით.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები იწვევნ მეჩხერიანობას, რაც უარყოფითად აისახება საერთო მოსავლიანობაზე. გარდა ამისა ზედმეტად იხარჯება მცენარეთა დაცვის საშუალებები და ნიადაგის დამუშავებაზე გაწეული შრომა.

ახალშენი ვენახი ვეგეტაციის პირველ წელს, ფოთლების დაცვენის შემდეგ, გულმოდგინედ უნდა გაისინჯოს და სადაც აკლია, დაირგოს იმავე ჯიშის კარგად განვითარებული ერთ ან ორწლიანი ნამყენი ნერგი და შეედგას ჭიგო, რომელზედაც აღიზრდება გამორგული ვაზიდან განვითარებული ყლორტები. უმჯობესია დაპარაფინირებული ნამყენის გამორგვა კოკოლების გაკეთების გარეშე. საჭიროა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს გამორგული ვაზების წამლობას და მათზე განვითრებული ყლორტების საყრდენზე აღზრდას.

სამრეწველო ვენახში, ვაზის ძირითად საყრდენს სხვადასხვა ტიპის შპალერი წარმოადგენს. იგი იძლევა ვაზის ფორმირებისა და მექანიზაციის ფართოდ გამოყენების საშუალებას. შპალერი უნდა მოეწყოს ვენახის გაშენების პირველ წელს, უკიდურეს შემთხვევაში მეორე წელს. საყრდენად გამოიყენება ხის, რკინის, რკინა ბეტონის ბოძები. რიგში ბოძებს შორის მანძილი შეიძლება ვაზის დატვირთვისას შემცირდეს 5-6 მ-მდე. შპალერი შედგება სამი წვერი მავთულისაგან. შპალერის მოსაწყობი ბოძების სიგრძე 230-250 სმ, ხოლო დიამეტრი 6X8 სმ-ია.

რეგულარული და მაღალხარისხოვანი მოსავლის მისაღებად, ერთ-ერთი აუცილებლი ღონისძიებაა სხვლა. მისი საშუალებით მყარდება სასურველი შეფარდება ვაზის ზრდა-განვითარებასა და მოსავლიანობას შორის. ვაზის ფორმირებისათვის საჭიროა შტამბის გამოყვანა სხვლის პირველივე წლიდან. მისი სიმაღლე აღმოსავლეთ საქართველოში 55-60 სმ, დასავლეთში – იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი 70- 80 სმ, ხოლო ჭარბტენიან ზონაში 80-100 სმ. ფორმირების დაჩქარების მიზნით დარგვის პირველ წელს თითოეულ ვაზს შეედგმება ჭიგო და მასზე აღიზრდება ორი ყლორტი. თუ ვაზზე მხოლოდ ერთი ყლორტია, მას წვერი წაეწყვიტება 3-4 ფოთლის დატოვებით და განვითარებული ნამხრევიდან ქვედა ორი აღიზრდება შტამბის გამოსაყვანად, დანარჩენი კი დროულად შეეცლება.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.