როგორ ხდება ცხვრისა და თხის ყვავილის მკურნალობა?

  • ihow.ge
  • February 26, 2019
ცხვრისა და თხის ყვავილი

ცხვრისა და თხის ყვავილი მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომელიც მოკლე პერიოდში ვრცელდება სწრაფად, ხასიათდება კანსა და ლორწოვან გარსებზე გამონაყარით.

ცხვრისა და თხის ყვავილით ავადდება ყველა ჯიშისა და ასაკის ცხვარი და თხა. სიკვდილიანობამ მოზარდ ცხოველებში შესაძლოა მიაღწიოს 50%-ს. ადამიანი ცხვრისა და თხის ყვავილით არ ავადდება, თუმცა დაავადებას მოაქვს ძალიან დიდი ეკონომიური ზარალი.

ცხვრისა და თხის ყვავილი – გავრცელება

ყვავილის გავრცელების წყაროა ავადმყოფი და ვირუსმატარებელი ცხოველი ინკუბაციურ პერიოდში და კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ. ავადმყოფი ცხოველის ორგანიზმიდან ვირუსი გამოიყოფა ცხვირიდან და თვალიდან გამონადენებთან ერთად. ყვავილი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება ავადმყოფი და ჯანმრთელი ცხოველების ერთად შენახვის დროს.

დაავადების გავრცელებაში გარკვეულ როლს ასრულებენ მწერები (ვექტორები) რომელთაც დაავადება გადააქვთ მექანიკურად. დაავადების გადაცემა აგრეთვე შესაძლებელია მოხდეს ვირუსით დასვრილი საკვებით, მოვლის საგნებით, ტყავით, მატყლით და სხვა.

ცხვრისა და თხის ყვავილი – სიმპტომები

ინკუბაციური (ფარული) პერიოდი გრძელდება 8-13 დღე. ავადმყოფობა იწყება მოწყენილობით, ძლიერი ცხელებით (41-42 გრადუსი) ცხვირიდან და თვალიდან ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენით. შესამჩნევია მადის დაქვეითება, გახშირებული სუნთქვა.

დაავადებიდან რამოდენიმე დღეში კანზე ჩნდება გამონაყარი. დასაწყისში წარმოიქმნება წითელი ლაქები, ხოლო ორი დღის შემდეგ მათ ცენტრში ჩნდება კვანძები, რომელიც სწრაფად იზრდება და აღწევს დიამეტრით 12-15 მმ-ს. კვანძები განლაგებულია მთელს სხეულზე განსაკუთრებით კანის უმატყლო ადგილებში და ცურზე.

ყვავილი ჩნდება წლის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით ინტენსიურად ცივ და ტენიან ამინდში.

დიაგნოზის დასმა

საეჭვო შემთხვევის დროს უნდა მოხდეს დაავადებაზე საეჭვო ცხოველეის იზოლაცია და ვეტერინარი ექიმის გამოძახება.

დიაგნოზი შეძლება დაისვას კლინიკური დათვალიერებისა და პათოლოგიური მასალის ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე.

ლაბორატორიაში გამოკვლევებისათვის იგზავნება: კანის დაზიანებული ადგილებიდან აღებული ანაფხეკი, სისხლი, შრატი და ლიმფური კვანძებიან აღებული სითხე. ნეკროფსიის (გაკვეთის) შემთხვევაში კი – ლიმფური ჯირკვლები, ყველა სახის ქსოვილი განსაკუთრებით დაზიანებული უბნებით.

ცხვრისა და თხის ყვავილი – მკურნალობა

დაავადების შემთხვევის დროს ხდება ავდმყოფი ცხოველების გამოცალკავება მშრალ და თბილ სადგომებში და მათი უზრუნველყოფა ადვილად მოსანელებელი საკვებით. მკურნალობენ ქიმიოთერაპევტული პრეპარატებით და ანტიბიოტიკებით მეორადი ინფექციების თავიდან აცილების მიზნით.

პრევენცია და კონტროლი

  • ფარეხების დეზინფექცია;
  • მკვდარი ცხოველების გაუვნებლობა (ლეში დაწვა მატყლთან და ტყავთან ერთად).
  • ცხოველების ვაქცინაცია ითვლება ყველაზე ეფექტურ კონტროლის ღონისძიებად.

სურსათის ეროვნული სააგენტო არსებული და მოსალოდნელი რისკებიდან გამომდინარე ატარებს ცხვრისა და თხის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში.

წყარო:
http://www.oie.int

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.